in

რა სპეციფიკა ახასიათებს უძრავი ქონების იურიდიულ სფეროს?

რა სპეციფიკა აქვს უძრავი ქონების სამართლებრივ მართვას? რითაა საინტერესო და რის გათვალისწინება უწევთ ამ ინდუსტრიაში ჩართულ პროფესიონალებს? ამ კითხვებზე „ალიანს ჯგუფის“ იურისტი ნინო დოლიძე გვპასუხობს. ნინო დოლიძე „ალიანს ჯგუფს“ 2018 წელს შეუერთდა. ასეთ მასშტაბურ კომპანიაში მუშაობა მისთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო:

„თავდაუზოგავი შრომისა და მთელი გუნდის მხარდაჭერის შედეგად, შევძელი მომეხდინა ადაპტირება „ალიანს ჯგუფის“ დიდ ოჯახთან, ფეხი ამეწყო კომპანიის რიტმისთვის და დამეგროვებინა საჭირო პრაქტიკული ცოდნა.

ამჟამად, კომპანიისა და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანადგომით, ამერიკული სამართლის სკოლაში (School of American Law) ვაგრძელებ განათლების მიღებას, რისი დასრულების შემდეგაც მომეცემა შესაძლებლობა სწავლა გავაგრძელო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ჩიკაგოში. აღნიშნული კიდევ უფრო დიდ მოტივაციასა და სურვილს მმატებს გაორმაგებული მონდომებით შევეჭიდო პროფესიულ სირთულეებს და თითოეული მათგანი უწყვეტი პროგრესირებისთვის გამოვიყენო.“

M: რა სპეციფიკური თავისებურებები ახასიათებს უძრავი ქონების სფეროში იურიდიულ საქმიანობას, სხვა სფეროებთან შედარებით?

უძრავი ქონების სფეროში იურიდიული საქმიანობა განსაკუთრებული და განსხვავებულია იმ სპეციფიკიდან გამომდინარე, რომ გვიწევს სამართლის თითქმის ყველა სფეროსთან შეხება, როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით. ყოველდღიურად, პრაქტიკაში ვიყენებთ როგორც სამეწარმეო (ბიზნეს) სამართალს, ისე სახელშეკრულებო, ვალდებულებით, შრომის, საბანკო სამართალს, ვურთიერთობთ ადმინისტრაციულ ორგანოებთან სხვადასხვა სახის ნებართვის, ლიცენზიის, თანხმობის მისაღებად, რაც გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ მრავალმხრივი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სამართლის სრული სპექტრით და მუდმივად გავეცნოთ სამართლებრივ სიახლეებსა თუ ტენდენციებს.

M: რას ითვალისწინებთ ყველაზე მეტად, კომპანიის ინტერესებსა და მეორე მხარეს შორის ბალანსის საპოვნელად?

მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსების მიზნებისთვის, „ალიანს ჯგუფის“ იურიდიული დეპარტამენტი მუდმივად ზრუნავს სახელშეკრულებო ფარგლებში, სუბიექტთა თანასწორობაზე, მიუხედავად იმისა, ვინ გვევლინება სუბიექტად, ფიზიკური თუ იურიდიული პირი. ამით ვიცავთ სამოქალაქო სამართლის წამყვან – თანასწორობის პრინციპს.

ასევე, ხელშეკრულებით ყოველთვის განვსაზღვრავთ, რომ მხარეთა მიერ უფლებები და მოვალეობები უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, რაც ორივე მხარის უფლებებისა და მოვალეობების აღიარებას ისახავს მიზნად. 

დამატებით, იმისთვის, რომ მხარეთა შორის შედგეს საბოლოო შეთანხმება, ყოველთვის ვცდილობთ ისეთი სამართლებრივი გარემო და პირობები გავითვალისწინოთ, რომ ამით არცერთი მათგანი არ ჩავაყენოთ არათანაბარ მდგომარეობაში. აღნიშნული გამომდინარეობს სუბიექტთა თავისუფლების პრინციპიდან, რომლის თანახმადაც თითოეულ პირს შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება ვისთან გააფორმოს, ან საერთოდ გააფორმოს თუ არა ხელშეკრულება.

M: რა ცოდნა და უნარები სჭირდება პროფესიონალ იურისტს, უძრავი ქონების სფეროში ოპერირებისთვის?

უძრავი ქონების სფეროში ოპერირებისთვის იურისტს უნდა გააჩნდეს პროფესიული ცოდნის და პიროვნული უნარ-ჩვევების კომპლექტი, თუმცა ვფიქრობ, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია:

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი, რაც იურისტის შემთხვევაში, აკადემიური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარსაც მოიცავს. ამ უნარების ქონა მხარესთან პარტნიორული და ჰარმონიული ურთიერთობების გარანტიაა, რაც საბოლოოდ წარმატებული შეთანხმებისა და სასურველი შედეგების მიღწევას გულისხმობს.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა – უძრავი ქონების სფეროში სამართლებრივი საქმიანობის დროს ყველა დეტალი მოითხოვს თანაბარ ყურადღებას, ჩაღრმავებასა და ფართო ცოდნას, რათა ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალმა არ შეცვალოს/გააფუჭოს დიდი დაკვირვებითა და მონდომებით მომზადებული საკითხი;
  • საკუთარი საქმისადმი სიყვარული – ვფიქრობ, ასევე მოიცავს განვითარებისკენ და სიახლისკენ სწრაფვის სურვილს, რადგან სამართალი განვითარებადი, მუდმივად ცვალებადი დარგია. შესაბამისად, მას ფეხის აწყობა, ენერგიულობა და მოძრაობა სჭირდება. თუ არ გიყვარს საკუთარი პროფესია და არ იღებ სიამოვნებას ამ საქმიანობით, ვერ შეძლებ მუდმივად იყო ორიენტირებული იმაზე, რომ გათვალო და თავიდან აიცილო ყველა შესაძლო სამართლებრივი საფრთხე და იმავდროულად, შექმნა ეფექტური სამართლებრივი სტრატეგია კომპანიისთვის.
  • გუნდურობა – ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ იურისტობა ინდივიდუალური და ავტონომიური პროფესიაა, თუმცა „ალიანს ჯგუფის“ იურიდიულ დეპარტამენტს სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის მიზნით, კომპანიის ყველა სხვა დეპარტამენტთან აქვს შეხება. შესაბამისად, ვცდილობთ ერთობლივი მუშაობით არ დავზოგოთ თავი და მივიღოთ ის  შედეგი, რაც კომპანიის საუკეთესო ინტერესს შეესაბამება.

M: რას ურჩევდით იმ იურისტებს, რომლებიც უძრავი ქონების სფეროში გეგმავენ მუშაობას?

საქართველოში ბოლო წლებში განვითარებულ დარგებს შორის ერთ-ერთი მოწინავე ადგილი სამშენებლო-დეველოპერულ სექტორს უჭირავს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა დარგის სწორი და თანმიმდევრული სამართლებრივი რეგულირება. მისი აქტუალობის შესაბამისად, ხშირად ხდება მარეგულირებელი აქტებისა და მნიშვნელოვანი პროცედურების გაწერა, არსებული კანონმდებლობის დახვეწა, დაზუსტება, რის გათვალისწინებითაც, უძრავი ქონების სფეროში ოპერირების მსურველ იურისტებს ვურჩევდი მაქსიმალურად შეისწავლონ დარგი, სპეციფიკა, სიღრმისეულად გაეცნონ ბაზრის სიახლეებს. არ დაკარგონ დრო, რადგან მშენებლობის პროცესის ზრდის გათვალისწინებით, ყველა წამი მნიშვნელოვანია,  მაქსიმალურად შეეცადონ განვითარდნენ, სხვადასხვა გზით მიიღონ ცოდნა – საბოლოო ჯამში, ხომ ყველაფერს შეძლებ შესაბამისი მოტივაციისა და მონდომების კომბინაციით.

TDC69-ის კონკურსის გამარჯვებულებს შორის აკაკი რაზმაძის 2 შრიფტი მოხვდა!

146 წლის წინ შექმნილმა ბრენდის პერსონაჟმა წონაში დაიკლო!