შესყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯმენტთან ჩემი გადაკვეთა გერმანიაში, მაგისტრატურის ეკონომიკისა და ფინანსების განხრით დასრულების შემდგომ მოხდა. მაშინ ვერ ვიფიქრებდი, რომ პროფესიულ მიმართულებას შევიცვლიდი, თუმცა საბოლოოდ, სფეროს მიმართ უდიდესმა ინტერესმა ამ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა.
საქართველოში დაბრუნებისთანავე, საექსპედიტორო კომპანიაში, ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა, სადაც პროცესებში სიღრმისეულად გაცნობის შემდგომ, მალევე გავაანალიზე, რომ მზად ვიყავი სიახლეებისა და ახალი გამოწვევებისთვის. სწორედ ეს სიახლე და მნიშვნელოვანი ცვლილება აღმოჩნდა „ალიანს ჯგუფი“, რომელსაც 2017 წლიდან შევუერთდი.

კომპანიაში ჩემი გზა ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციით დაიწყო, რაც მარტივად რომ ვთქვა, შესყიდული საქონლის მომწოდებლიდან ობიექტამდე ტრანსპორტირების სრული ორგანიზებაა. ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ ადამიანი რაიმეს მთელი გულითა და მონდომებით გააკეთებ, ეს აუცილებლად დაგიფასდება. შესაბამისად, თვითგანვითარების უდიდესი სურვილითა და მენეჯმენტის ხელშეწყობით, მოკლე დროში, აქტიურად ჩავერთე შესყიდვების კომპლექსურ პროცესებშიც.
თავდაპირველად, შესყიდვებს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვაწარმოებდი და მშენებლობისათვის ყოველდღიური საჭიროების საქონლის შესყიდვაზე ვიყავი პასუხისმგებელი. პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება „ალიანსის“ პიონერი პროექტის, „ალიანს პალასის“ აპარტამენტებისა და შემდგომ, რესტორან „ოვალის“ მოწყობა იყო, რომლის მერეც უკვე საერთაშორისო ბრენდებთან კომუნიკაციის ეტაპზე გადავედი და სასტუმრო Courtyard by Marriott-ის გახსნის პროცესებში ჩავერთე.
დღეს, უკვე კონკრეტული პროექტის შესყიდვები მაქვს ჩაბარებული, სადაც აპარტამენტისთვის სრულყოფილი სახის მიცემამდე, ყველა დეტალის შერჩევასა თუ შეძენას ვაწარმოებ, შესყიდვების, ლოგისტიკის, არქიტექტორებისა და დიზაინერების არაჩვეულებრივ გუნდებთან ერთად.
შესყიდვების მიმართულებით მუშაობა ხშირად კრეატიულ გადაწყვეტილებასაც მოითხოვს. განსაკუთრებით კი, სამშენებლო-დეველოპერული სფეროს წამყვან კომპანიაში, რომელსაც პორტფოლიოში არაერთი უნიკალური პროექტი აქვს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არქიტექტორისა და დიზაინერის კონცეფციის სისრულეში მოყვანის პროცესში, შუა რგოლი სწორედ შესყიდვებია.
გარდა ამისა, შესყიდვებსა და ლოგისტიკაში ყოფნა ნაწილობრივ კრიზის მენეჯერობასაც გულისხმობს, რადგან უშუალოდ ჩვენი პასუხისმგებლობაა თითოეული შენაძენის ხარისხის კონტროლი, ალტერნატივების მოძებნა და მოლაპარაკებები მსხვილ სამშენებლო, სტუმარმასპინძლობის თუ დიზაინერულ კომპანიებთან, როგორებიცაა: Doka; HeidelbergCement; Living Design; D73; McInerney Hospitality International და მრავალი სხვა.
უკვე მეექვსე წელია, რაც „ალიანსის“ გუნდის წევრი ვარ და კომპანიასთან ერთად, მეც ვვითარდები და ვიზრდები, როგორც პროფესიონალი.
ჩემთვის, ეს საქმიანობა მუდმივ აზარტთან, ანალიტიკისა და შემოქმედებითობის სრულყოფილ სინთეზთან ასოცირდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ მიმართულებით ასეთ კომპანიაში იწაფები. კიდევ უფრო დიდი მიზანდასახულობითა და მოტივაციით მავსებს იმის შეგრძნება, რომ ამ მასშტაბის პროცესების თანამონაწილე ვარ.
წინ კი უამრავი ჩინებული მოვლენა მელის, ისეთი, როგორიც სასტუმრო Marriott-ისა თუ სხვა მიმდინარე პროექტების დასრულებაა.
საბოლოოდ კი, დავძენ – რაღაც ძალიან თუ გინდა და ამისთვის თავს არ ზოგავ, ინდომებ და არ იზარებ, მიზანზე ორიენტირებულობით არ დუნდები, ზუსტად ამ შრომას მოაქვს გარდამტეხი და დასამახსოვრებელი ცვლილებები შენს ცხოვრებაში.
ნინო დუმბაძე – „ალიანს ჯგუფის“ შესყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი










