ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ პირველი ოფიციალური სამსახური ძალიან პატარა ასაკში, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე დავიწყე. მთელი თვის ხელფასი მხოლოდ ერთ სუვენირზე მეყო, რომელიც მაშინვე გამიტყდა, თუმცა მაინც დიდი სიამაყით მივიტანე სახლში და დედამ დააწება.
“ნამდვილი” სამსახური კი, სტაჟირებით დაიწყო. ჩემი მაშინდელი მენტორი, სააგენტო „მაგი სტილში“, დეკრეტულ შვებულებაში მიდიოდა. ყველაფერი დეტალურად ამიხსნა, მასწავლა და წავიდა. წავიდა და დიდხანს აღარ დაბრუნდა. მეც, 17 წლის ასაკში დიზაინის პრაქტიკაზე მისული, შემთხვევით, მარკეტინგსა და რეკლამის სფეროში აღმოვჩნდი.
მაშინ, ეს კომპანია ძალიან სწრაფად და დინამიკურად ვითარდებოდა. ყველა პროცესი პარალელური იყო, ჩემ მომართ ყველა ძალიან კეთილგანწყობილი იყო, ეცინებოდათ, რადგან ძალიან დიდი სერიოზულობითა და მცირე გამოცდილებით, ურთულესი საკითხების დალაგებას ვცდილობდი.
დაბრკოლება ბევრი იყო. საკმაოდ გამოცდილ ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა. ჩემი მაშინდელი პოზიცია ძალიან დიდ მოლოდინს ქმნიდა. ასაკზე უფრო დიდს ვგავდი, ამ დროს კი, ჯერ აკადემიის პირველ კურსზე ვსწავლობდი და წვალებით ვახერხებდი კურსზე დარჩენასა და სწავლას. შეცდომებიც ძალიან ბევრი იყო და გამოცდილებაც – დიდი. ხანდახან ძალიან ცუდად მიდიოდა საქმე, მაგრამ არ ვნებდებოდი და სულ ვიღიმოდი. ეს ძალიან შველოდა ყველაფერს.
ვიცოდი, რაც შეიძლება მეტი უნდა მესწავლა. შრომაც ბევრი მიწევდა და უცნაურად გამოვიყურებოდი, ჩემი თანატოლების ფონზე, რომლებიც მხოლოდ სტუდენტობით ტკბებოდნენ, მე კი, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი, უკვე საკუთარი ბავშვით ხელში და დიდი პასუხისმგებლობით, სიტუაციაში „ჟონგლიორობას“ ვცდილობდი.
მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანისა და პროფესიონალის, ვინც რაიმე მასწავლა, ასევე, ვინც შენიშვნებს არ მაკლებდა და იმ ხალხისაც, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს.
სულ ვიხსენებ, როგორ მეხმარებოდნენ, როცა არაფერი ვიცოდი და დღემდე, ამ მაგალითებზე ვუხსნი უკვე ჩემთან მოსულ ახალ თანამშრომლებს, როგორ ისწავლონ ყველასგან და ყველაფერი. #ჩემიპირველისამსახური განსაკუთრებული ადამიანების ადგილი იყო.
ნინო ეგაძე – თიბისის ბრენდის გამოცდილების, მარკეტინგის და დიზაინის დირექტორი