in

„როდესაც გაქვს გარკვეული ცოდნა, მისი გაზიარების პასუხისმგებლობაც გაკისრია“ – ნინო ეგაძე

„თვითგანვითარების დღიურების“ ამ სერიით, საგანმანათლებლო მარკეტფლეისი upway ახლის სწავლისა და განვითარების მნიშვნელობას გვახსენებს. თვითგანვითარების სურვილი ის გამწევი ძალაა, რომელიც რაღაც ახლის შეცნობისკენ გვიბიძგებს ხოლმე. უწყვეტი თვითგანვითარება პროფესიონალების ხელწერაა. ასეა ნინო ეგაძისთვისაც, „დიზაინ ინსტიტუტის“ დამფუძნებლისა და კრეატიული ლიდერისთვის, რომლისთვისაც სწავლა ცხოვრების უწყვეტი შემადგენელია და არა კონკრეტული ძალისხმევის ნაწილი.

სწავლა ცხოვრების ყოველდღიური წესისგან გამიჯნული არ მაქვს. ჩემთვის განათლება და განვითარება არასოდეს არის ცალკეული პროცესი. ესაა უწყვეტი ცნობისმოყვარეობა და დაკვირვება, რომლის შემადგენელიცაა ყველაფერი – კურსიც, გასეირნებაც, ადამიანებთან ურთიერთობაც… მაინტერესებს ყველაფერი ახალი და შინაარსიანი. ასე ვიყავი ყოველთვის. პატარა ასაკიდან ერთდროულად მაინტერესებდა მძიმე სტრატეგიულ-საომარი საკითხებიც, კულტურაც, არტიც და ვიზუალური ესთეტიკაც. ტექნიკური საგნებიც ისევე მიზიდავდა, როგორც ისტორია და სამართალი. იგივეა დღესაც – ჩემთვის იმდენად საინტერესოა რთულ ამოცანაზე მუშაობა, რამდენადაც შემოქმედებით პროცესში ყოფნა.

ამ მომენტისთვისაც რამდენიმე მიმართულებით ვავითარებ ჩემს უნარებს. ჩემთვის, წიგნები განათლების პირველადი წყაროა. მუდმივად მაქვს არჩეული დაახლოებით, ათი წიგნი, რომელთაც ყოველდღიურად ვკითხულობ. მაგალითად, დამოუკიდებელი ბიზნესის ნაწილში დროის დაგეგმვისა და გუნდის მართვის შესახებ ვკითხულობ ინტენსიურად. ასევე, ვსწავლობ რუმინულ ენას, რაც მოლდოვაში დიდი დროის გატარების შედეგად გადავწყვიტე. პარალელურად, რეგულარულად ვუთმობ დროს ისეთი მიმართულებებით განვითარებას, როგორიცაა არტ-დიზაინი, კომუნიკაცია, მენეჯმენტი. ამ მომენტისთვის, ათ სხვადასხვა თემაზე მაქვს ყურადღება გადანაწილებული, რაც მეტ აზარტს მიქმნის.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რისი სწავლაც გამომადგა ცხოვრებაში არის ხელსაქმე. ყველა სახის ხელსაქმე ვიცი. მენეჯერული თვალსაზრისით, ძალიან გამომადგა ჰარვარდის გამოცდილება, თუმცა ეს ყველაფერი გუნდში არსებულ რეალურ გამოწვევებთან გამკლავებამ გაამყარა. ლიდერული პოზიცია მოითხოვს, რომ ცოდნა პრაქტიკაში გადმოგქონდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვიზუალური კომუნიკაციის უნარი, რომელიც თანდაყოლილიც მქონდა, თუმცა მნიშვნელოვნად განვავითარე ხაზვისა და გეომეტრიის მიმართულებით, რომ უფრო მეტად აღმექვა მოცულობა, სცენარი და თუნდაც, საკუთარი თავი. საკუთარი თავისთვის ყველაზე დიდ საშიშროებად მოწყენილობა მიმაჩნია. შესაბამისად, რაც უფრო მეტი საინტერესო თემით ვარ მოცული, სიამოვნებაც მეტია. საკუთარ თავთან მქონდა კითხვა, როგორ ვყოფილიყავი მენეჯმენტშიც და შემოქმედებით სფეროშიც, მაგრამ მივედი აზრამდე, რომ შემეძლო ვყოფილიყავი შემოქმედებითი ლიდერი. ინტერესების განსხვავებულობა და მრავალფეროვნება ბევრად ახალისებს ადამიანს და არ წარმოადგენს საშიშროებას.

როდესაც გაქვს გარკვეული ცოდნა, მისი გაზიარების პასუხისმგებლობაც გაკისრია, განსაკუთრებით ქვეყანაში, სადაც ძალიან მცირე რესურსია. ვფიქრობ, გაზიარება ასევე სწავლის პროცესია, რადგან მას სჭირდება მომზადება, გაანალიზება. ლექციის მომზადებისა თუ ჩატარების პროცესში ხშირად გადავავლებ ხოლმე თვალს, რა მისწავლია და გამიკეთებია.

ვფიქრობ, არც უნდა დადგეს თვითგანვითარების შეფერხების საკითხი. თვითგანვითარება გაძლევს საშუალებას, საინტერესო იყო საკუთარი თავისთვის, სხვებისთვის და მოიტანო სარგებელი. ხშირად, როდესაც ადამიანს კითხვები უგროვდება, აუცილებლად უნდა დამატებით განვითარება, რომ პასუხებს მიაკვლიოს. თუ ღიაა საკითხი და წინ ვეღარ მიდიხარ, ე.ი. დაგაკლდა ცოდნა.

ფორმალური განათლების გარდა, მნიშვნელოვანია უფრო გამოცდილ ადამიანებთან მეტი კონტაქტი. ამის პასუხისმგებლობა თავად იმ ადამიანებს აქვთ, ვისაც შეუძლიათ ცოდნის გაზიარება. მეორე მხრივ, ბიზნესქოუჩინგის განვითარების მიუხედავად, ამ მიმართულების საჭიროების გააზრება უფრო მეტადაა საჭირო. ამასთან, რაკი გვაქვს ულევ ინფორმაციასთან წვდომის ფუფუნება, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია რუტინა. როგორც ვახსენე, მე არ მაქვს სწავლის დრო – მე მაქვს მუდმივი დაინტერესების დრო. გამოწერილი მაქვს ძალიან კარგი გამოცემები, კურსები, ავტომატურად ვამატებ კალენდარში დროს ჩემთვის საინტერესო ადამიანებისთვის, ვისგანაც შემიძლია ახლის სწავლა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ წიგნები თაროზე კი არა, ერთი ხელის გაწვდენაზე გედოს, გადაშლილი, რათა თავისუფალ მომენტში მიხვიდე და კითხვა განაგრძო. საინტერესო რაღაცების დაკვირვება და სწავლა შეიძლება ქუჩაში სიარულითაც კი, სწორედ ამიტომ არ მყავს მანქანა და დავდივარ ბევრს. ეს რუტინა ჩემი ცხოვრების ნაწილია, სწორედ ამიტომაცაა უფრო საინტერესო.

არ გადადო თვითგანვითარება, აღმოაჩინე 300-ზე მეტი კურსი საუკეთესო სკოლებისგან upway-ზე. რუბრიკის წარმდგენია upway – კურსების პირველი მარკეტფლეისი, რომელიც აერთიანებს კურსებს ტექნოლოგიების, ბიზნესის, მარკეტინგის, ჰობის და ბავშვების განვითარების მიმართულებით.

შობა შობის წინ — სანტა კლაუსი განსხვავებულ გარემოში

ახალ წელთან ერთად, სახლში ყოფნას გილოცავთ! – „ბლოქსის” ვიდეორგოლი მათთვის, ვისაც დასვენების დღეების მოახლოება უხარია