in

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „შეიძლება მართლაც ჩანდეს რისკიან გადაწყვეტილებად, თუმცა მაშინ ასე არ დამინახავს“ – ნინო ენუქიძე

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცხოვრების ის ნაწილია, რომლებსაც საფუძვლიანი ცვლილებები მოჰყვება ხოლმე ჩვენს გზაზე. ზოგჯერ, გაუცნობიერებლად ვირჩევთ კონკრეტულ მიმართულებას. ხანდახან ახსნაც კი გვიჭირს, რატომ გვირჩევნია სწორედ ამ გეზით წასვლა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გზაჯვარედინი დიდი ხნის გავლილია და მთლიანი სურათის აღქმის საშუალება გვეძლევა, ვამბობთ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში. ამჯერად, საკუთარ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე გვესაუბრება.

მსგავს თემაზე საუბრისას ხშირად მეფიქრება ერთ ფაქტორზე. როდესაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე საუბრობენ, აღნიშნავენ, რამდენად აუცილებელია გარისკვა და რომ ამის გარეშე არაფერი გამოვა. ხშირად, ამბის თხრობის ძირითადი ხაზი სწორედ ეს არის ხოლმე. მინიშნება იმაზე, თითქოს ცხოვრებაში რაიმე რომ გამოგივიდეს, აუცილებელია რისკზე წასვლა, არასწორად მიმაჩნია.

რისკი არ არის ყოველთვის გამართლებული, უფრო პირიქით, მაგალითად, მათთვის, ვისაც მეტი აქვს „დასაკარგი“, საზრუნავი და პასუხისმგებლობა. თუ ეს რისკი არ გამართლდა, ძალიან რთულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი. შესაბამისად იმის შეგონება, რომ გარისკვა არის აუცილებელი, შეცდომაა. არ მახსოვს, გადაწყვეტილებები რისკიანად მიმეღოს, იმის მიუხედავად, რომ ამ გადმოსახედიდან შეიძლება მართლაც იყო ასე, თუმცა იმ მომენტში ასე არ დამინახავს. ჩემი მთავარი ხედვა გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილების მიუხედავად, უნდა ავიღო სრული პასუხისმგებლობა, რათა ეს „რისკი“ გამართლდეს. როდესაც თავით ხტები რაღაც ახალში, შესაბამისი გამოცდილება, ცოდნა და ენერგია უნდა გაგაჩნდეს, რათა გადაწყვეტილება ქმედებებით გამყარდეს და მისგან სწორი ნაბიჯი გამოიყვანო. ამას კი ძალიან დიდი შრომა სჭირდება, ამიტომაც ვთვლი მხოლოდ „გარისკე და მერე ყველაფერი კარგად იქნებას“ თქმა არასწორად. უმჯობესია, ადამიანს ვურჩიოთ, გაზომოს, რა ძალისხმევის გაღება მოუწევს შედეგის მისაღებად და იმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება.

მომხრე ვარ, რომ ადამიანმა გაიაზროს, რამხელა შრომის გაღება მოუწევს, რათა მიღებულმა გადაწყვეტილებამ საკუთარი თავი გაამართლოს. ამ შრომის ფონზე კი ყველაფერი გამოდის ხოლმე. ჩემი ამბავიც ასე იყო – საკმაოდ ნორმალური და სტაბილური სამსახური მქონდა. იმ დროისთვის, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ახალი სამსახური შემომთავაზა უნივერსიტეტში, რომელიც ჯერჯერობით არც კი იყო დაფუძნებული და შესაბამისად, არც ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული. ეს იყო მხოლოდ იდეა. მივიღე გადაწყვეტილება, დამეტოვებინა სამსახური და ნულიდან დამეწყო ყველაფერი ახალ იდეაზე სამუშაოდ. ეს შეიძლება მართლაც ჩანდეს რისკიან გადაწყვეტილებად, თუმცა გარისკვა-არგარისკვაზე არ მიფიქრია. უბრალოდ, საკუთარ თავს ვუთხარი – თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებ, იმისთვის, რომ ეს აღმოჩნდეს სწორი გადაწყვეტილება, უნდა ჩავდო ოთხჯერ მეტი შრომა. ეს იყო ძალიან გააზრებული პროცესი – დავჯექი, გავაანალიზე და წარმოვიდგინე, რამდენი შრომა მომიწევდა, რომ საქმე შემდგარიყო. შედეგად, სწორედ იმდენი შრომა ჩავდე, რამდენზეც წინასწარ მქონდა ნაფიქრი. საკმაოდ კარგად გაამართლა.

გუნდი იმ დროისათვის ფორმირდებოდა და მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი, რამდენიმე ადამიანთან ერთად. სწორედ ჩვენ უნდა აგვეწყო ორგანიზაცია ნულიდან, შეგვექმნა სტრუქტურული ერთეულები, გვეპოვნა გუნდის სხვა წევრები, ჩამოგვეყალიბებინა კურიკულუმები, მოკლედ, არარსებულიდან შეგვექმნა რაღაც. ამ ყველაფერმა მოითხოვა რამდენჯერმე მეტი შრომა, ვიდრე სხვა, უკვე შემდგარ უნივერსიტეტში იქნებოდა საჭირო. ყოველდღე ვიყავი ჩართული ამ საქმეში, არც შაბათ-კვირა მახსოვდა და არც დასვენება.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიმაჩნია „კოდინგის სკოლა ქალებისთვის“, რომლისაც თითქმის არავის სჯეროდა. რამდენს უთქვამს – რა სისულელეა! არავინ უკრძალავს ქალებს კოდინგის სწავლასო. ძალიან დიდი შრომა დამჭირდა, რომ ისევ და ისევ, ამ გადაწყვეტილებისგანაც სათანადო შედეგი მიმეღო. აქაც იმავეს ვიტყვი – ეს არ მიმაჩნია რისკად, არამედ გააზრებულ ნაბიჯად. კარგად ვიცოდი, რატომ იყო აუცილებელი ქალებისთვის კოდინგის სკოლის ჩამოყალიბება. სულ ახლახან, ამ კოდინგის სკოლამ მილიონი ევროს დაფინანსება მოიპოვა. ეს რომ რამდენიმე წლის წინ მეთქვა, ყველა დამცინებდა, მაგრამ მთავარი ისაა, რას ვხედავთ ჩვენ და საით მივდივართ.

რა იქნებოდა ეს ნაბიჯები რომ არ გადამედგა? სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდი და მაქსიმუმს გავაკეთებდი, რომ ის გადაწყვეტილებაც გამართლებული ყოფილიყო. ამ მიდგომამ დამანახა ის, რომ სადაც შენს მაქსიმუმს არ ჩადებ, ის საქმე არ გამოდის. საქმე უნდა აკეთო თავის მართლების გარეშე.

რუბრიკას „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” წარმოგიდგენთ Wissol.

ეტიკეტი, რომელიც ღვინის ისტორიას გვიყვება

სლოგანები, რომლებიც სულ გვახსოვს