in

ნინო გაჩეჩილაძე – #პირველისამსახური

ჯერ კიდევ, ESM-ში ვსწავლობდი. მესამე კურსის მიწურულს, მე და ჩემი კურსელები აქტიურად ვეძებდით სამსახურებს. ერთხელაც, ჩემი ლექტორისგან შევიტყვე, რომ თიბისი ბანკი რეალიზაციების მართვის სამსახურისთვის ანალიტიკოსს ეძებდა. 2002 წელი იყო, თიბისის, სულ რაღაც, 10-11 ფილიალი ჰქონდა. როგორც წესი, სამსახურებრივი ტრამპლინი „ფრონტ-ოფისიდან“ იწყებოდა – მოლარე-ოპერატორი, კრედიტ-ოფიცერი… და შემდეგ გადადიოდი „ბექ-ოფისში“. თუმცა, მე პირდაპირ „ბექ-ოფისის“ პოზიციისთვის დავიწყე ბრძოლა. ამ ვაკანსიის დასაკავებლად ძლიერი კონკურენცია იყო. შერჩევის პროცესი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩემს „კონკურენტებს“ შორის ESM-ელი სტუდენტებიც იყვნენ.

მახსოვს, ძალიან რთული დავალება მოგვცეს შერჩევისას – უნდა შეგვესწავლა, შეგვედარებინა და გაგვეანალიზებინა კონკურენტი ბანკების პროდუქტები. იმ დროს არც საჯაროდ იდო რაიმე ინფორმაცია და ვერც ინტერნეტში ნახავდი რამეს. ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა გამეგო ბანკების შიდა ინფორმაცია. დღეს, ის ბანკები აღარც არსებობს. დავიხმარე ჩემი მშობლების, ნათესავების კონტაქტები და ყველგან ვიპოვე ნაცნობი „ბექ-ოფისში“. ძალიან მოტივირებული მივდიოდი მათთან და ძალიან ღიად მიყვებოდნენ ზუსტად იმ ინფორმაციას, რის მისაღებადაც მივედი. ვეცადე და საკმაო სიღრმეებში ჩავედი და ძალიან დიდი ენთუზიაზმით შევასრულე დავალება. სულ ბოლოს, სამი კანდიდატი დავრჩით, სამივე ESM-დან. მახსოვს, რომ დამირეკეს და მითხრეს, თქვენ შეგარჩიეთო, წარმოუდგენელი ემოცია მქონდა – ერთი მხრივ იმიტომ, რომ ცხოვრებაში პირველად შევქმენი ასეთი დოკუმენტი, მეორე მხრივ – საუკეთესო რომ აღმოჩნდა, რადგან ძალიან ძლიერი, უჭკვიანესი კონკურენტები მყავდა. მახსოვს, 15 ივნისს დავიწყე მუშაობა.

ჩემი სამსახურის მთავარი ფუნქცია გაყიდვების სტიმულირება იყო. მომხმარებლებისგან შეგროვილი ინფორმაცია შემოდიოდა, მე უნდა გამეანალიზებინა, განმესაზღვრა რეკომენდაციები და შემდეგ, კომიტეტზე წარმედგინა. ამას გარდა, მცირე მარკეტინგული ფუნქციებიც მებარა, სიამოვნებით ვითვლიდი, რომელ ფილიალს სჭირდებოდა საინფორმაციო ბუკლეტები, სათითაოდ ვამზადებდი და ვუგზავნიდი. ერთ-ერთი უბედნიერესი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, გუნდით, სამუშაო გარემოთი, ხელმძღვანელებით. არასოდეს მეთაკილებოდა საქმის კეთება. ყველაფერი იმდენად დიდ ენთუზიაზმს აღძრავდა ჩემში. ამან განსაზღვრა ჩემი მომავალი პოზიციებიც, მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩვენი განყოფილება და მისი უფროსი მენეჯერი გავხდი, საიდანაც ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელად გადავინაცვლე, ფაქტობრივად, ბანკის პირველი ქოლ-ცენტრი მე შევქმენი. ამ გამოცდილებამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემი კარიერის განვითარებაზე – ხშირად ვხვდებოდი იქ, სადაც სიახლე ინერგებოდა და სრულიად კონტრასტული ახალი მიმართულებების მიუხედავად, დიდი მოტივაციით ვეკიდებოდი საქმეს.

ნინო გაჩეჩილაძე – თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის დირექტორი

რობოტი, რომელსაც მეხსიერებაც გააჩნია და საკუთარი თავის აწყობაც შეუძლია

Facebook-ს ახალი ფუნქცია – ალგორითმზე დაფუძნებულ News Feed-ს თავს ადვილად დააღწევთ!