in

Nino.ge – წიგნის თემაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების ოჯახური სტარტაპი

Startauperi
Startauperi

nino.ge – ხელნაკეთი ნივთების ოჯახური სტარტაპია, რომელიც 3 წლის წინ, ორი ბავშვის სამოყვარულო ძერწვით დაიწყო. თიხისგან მიღებული, წიგნის ფორმის ყელსაბამებით დაწყებული სტარტაპის შემქმნელები, დღეისათვის, საოჯახო სახელოსნოში ქმნიან მინიატურულ წიგნებს (ყელსაბამის, სამაჯურის, საკიდის ფორმით), კინოსა და ლიტერატურის თემაზე შექმნილ მაისურებს, კედლის საათებს, წიგნის ფორმის ჩანთებს, ქვის აქსესუარებს (ყელსაბამი, სამაჯური, საკიდი), მედალიონებს, ფაზლს, ასევე სამკაულებს, სუვენირებს და სხვადასხვა დღესასწაულთან დაკავშირებულ აქსესუარებს. დღეისათვის, ბავშვების საქმიანობაში მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულები. nino.ge-ს შემქმნელი – ნინო გარაყანიძე, მის ორ შვილთან და მეუღლესთან ერთად ატარებს ექსპერიმენტებს, მუშაობს ახალი ფორმისა თუ დანიშნულების ხელნაკეთი ნივთების შექმნაზე. როგორია ხელნაკეთი პროდუქციის დამზადების პროცესი, რომელი წიგნების ყდები გამოიყენა უკვე ოჯახმა აქსესუარების დიზაინის შესაქმნელად და რა სიახლის შეთავაზებას გეგმავს სტარტაპი მომხმარებლისთვის – ამ და სხვა კითხვებზე nino.ge-ს ერთ-ერთმა შემქმნელმა – ნინო გარაყანიძემ გვიპასუხა:

M: როგორ დაიწყეთ საოჯახო ბიზნესი და როგორი იყო მისი განვითარების ეტაპები?
ჩემი შვილები კარგად ძერწავენ, ხატავენ და ერთ-ერთი თამაშისას გამოძერწეს წიგნი. თავიდან, ჩემი შვილი აკეთებდა ხელნაკეთ, წიგნის ფორმის აქსესუარებს და არ გვიფიქრია იმაზე, რომ რეალიზაცია მოგვეხდინა. ჩუქნიდა მეგობრებს, შემდეგ, გაჩნდა მოთხოვნა; ამა თუ იმ მეგობარს, წაკითხული წიგნის აქსესუარის ქონის სურვილი ჰქონდა. მე და ჩემი მეუღლე, იმ პერიოდში, ვმუშაობდით გამომცემლობაში, მოგვეწონა ეს იდეა. შემდეგ, უკვე ავიღეთ ნებართვა გამომცემლობებისგან, წიგნის ყდის გამოყენების თაობაზე, დავიწყეთ მუშაობა და დღემდე, საკმაოდ დიდი რაოდენობის ყდები დაგროვდა. ვაკეთებდით როგორც ყელსაბამებს, სამაჯურებს, მინიატურულ წიგნებს, შემდეგ გადავედით სხვა მიმართულებაზე, წიგნის თემით, ეს იყო წიგნის ფორმის ჩანთები, საათები და სხვა აქსესუარები. რა თქმა უნდა, წიგნის, მუსიკის და ფილმის თემაზე იყო ეს ყველაფერი. 

M: ჩამოგვითვალეთ რამდენიმე ცნობილი წიგნი, რომლის აქსესუარიც გაგიკეთებიათ.. 
„სამოსელი პირველი”, „მექანიკური ფორთოხალი”, „იგი”. გარდა უკვე არსებული გარეკანებისა, ჩვენი დიზაინითაც ვაკეთებთ, მაგალითად, „ვეფხისტყაოსანი”, ვაჟა-ფშაველას კრებული და ა.შ. უცხოელი ავტორების წიგნების აქსესუარებსაც ვაკეთებთ, მაგალითად „ჰარი პოტერი” და თუ ქართული გამოცემაა აუცილებლად ვიღებთ ნებართვას გამომცემლობისგან.

M: თავიდან, თუ თიხას იყენებდით nino.ge-ს ხელნაკეთი ნივთების შესაქმნელად, პროდუქციის სახეობის გამრავალფეროვნების ფონზე, ამჟამად, რა მასალას იყენებთ?
როცა გაიზარდა მოთხოვნა, თიხას იმდენი დრო სჭირდებოდა, სანამ გამოძერწავდი, გააშრობდი, შეღებავდი, ლაქს წაუსვამდი და ა.შ. ჩვენი აქსესუარი 17-მდე პროცედურას გაივლის, სანამ დასრულებულ სახეს მიიღებს. ამიტომ, შევარჩიეთ უფრო ადვილად დამუშავებადი პლასტმასის ტიპის მასალა, რომელსაც საამქროში ვაჭრევინებთ, იმიტომ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია სახელოსნოში ამის დამუშავება, მით უფრო, როცა ბევრი უნდა გააკეთო, შემდეგ ხდება გრავირება, წიგნის ფურცლების გამოყოფა და დანარჩენი ეტაპები, რაც დასრულებულ სახემდე მიიყვანს წიგნს. წიგნის ფორმის ჩანთა მაგალითად თექით იკერება, გვაქვს ქვის აქსესუარებიც, ზღვიდან ჩამოტანილი და დამუშავებული ქვები, რომელზეც შეგვიძლია ნებისმიერი გამოსახულება გადავიტანოთ და ეს სამუშაოც ხელით სრულდება. ახლა ექსპერიმენტებს ვატარებთ ხეზეც.

M: პროდუქციის რეალიზებისთვის რა გზებს იყენებთ და რა ფასებშია შესაძლებელი nino.ge-ს ნაწარმის შეძენა?
ვყიდით სოციალურ ქსელ ფეისბუქის საშუალებით, ინდივიდუალურ შეკვეთებსაც ვიღებთ და ჩვენი პროდუქცია შეგვაქვს წიგნისა თუ აქსესუარების მაღაზიებში. მაგალითად, nino.ge-ს ნაწარმი ხელმისაწვდომია შემდეგ მაღაზიებში: „ბიბლუსი”, „წიგნის სახლი ბახტრიონზე”, „ლიბრა”, „ქრაფთინგ ქორნერი” და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი არჩევანი ჩვენთან არის, სახელოსნოში. ფასები იწყება 6 ლარიდან და დამოკიდებულია პროდუქტზე, მაგალითად წიგნის ფორმის ჩანთა ღირს 95 ლარი. ღირებულება დამოკიდებულია ზომებზე, მასალასა და მისი დამუშავების სპეციფიკიკაზე. 

M: რა მიმართულებით გეგმავთ განავითაროთ თქვენი საოჯახო წარმოება?
იდეა არის ძალიან ბევრი, დრო არის მცირე, იმისათვის, რომ ყველა იდეა განახორციელო. რა თქმა უნდა, წიგნის მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას და გვაქვს სხვა ვარიანტებიც. ჩვენი ბოლო ნამუშევარი იყო ბრინჯზე დაწერილი წარწერა. მაგალითად, ჰარი პოტერი, რომელიც თავსდება პატარა კაფსულაში და ხდება ყელსაბამი. სპეციალური ტუშკალამის და სათვალის მეშვეობით ხდება ბრინჯზე წერა. ხის მასალის გამოცდასა და ახალ ექსპერიმენტებთან ერთად, მომხმარებელს მუდმივად შევთავაზებთ სიახლეებს. 

კინგ კონგის გატაცება ამჯერად არა მშვენიერი ქალბატონი, არამედ მიმზიდველი წითელი Tiguan-ი აღმოჩნდა – Volkswagen-ის რგოლი

კულინარიის გზამკვლევი Gault&Millau – მსოფლიო ბრენდი საქართველოში შემოდის