in

„ჩემთვის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული ნამუშევარი“


ვინც ჩვენი დროის ქართველი ხელოვანების შემოქმედებას ადევნებს თვალს, ნინო გოგოლიძის ფერადოვანი პალიტრით გაჯერებული, თამამი და სახასიათო, ინდივიდუალური ტილოები კარგად იცის. სულ ცოტა ხანია, რაც სახელოვნებო სივრცეში გამოჩნდა, მაგრამ უკვე შექმნა სამყარო, სადაც შეიძლება, „უსახო“ ქალი ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე იყოს გამოკიდებული ან პერსპექტივის კანონები სრულად დაირღვეს ვერტიკალურად აწყობილ კომპოზიციაში…

„ტრადიციულად, ბავშვობიდან ვხატავდი — როგორც კი ჩემმა მშობლებმა ხატვისადმი ინტერესი შემატყვეს, დაუფიქრებლად დაიწყეს ჩემთვის ხელის შეწყობა. ალბათ, ეს იქცა იმის საშუალებად, რომ მუდმივი კავშირი შემენარჩუნებინა ხელოვნებასთან, ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ მოვწყდომოდი მას და ამ სფეროში განმევითარებინა საკუთარი შესაძლებლობები“, — აღნიშნავს ნინო გოგოლიძე. სტატიაში კი უფრო დეტალურად გვიზიარებს როგორც განვლილ გზას, ისე საკუთარ ხედვას შემოქმედებისადმი.

M: ნინო, ერთია ბავშვობაში ხატვისადმი გამოვლენილი ინტერესი — მგონი, ამ ასაკში ყველა ვხატავთ და, მომღერლობასთან ერთად, მხატვრობასაც ვაპირებთ… საინტერესოა, როდის შეატყვე, რომ ეს მისწრაფება სხვა ყველასას არ ჰგავდა?

ცხოვრების რაღაც ეტაპზე გადავწყვიტე, რომ მონასტერში მეცხოვრა და ამას 3 წელი დავუთმე. აკადემიაში ჩაბარების ნაცვლად, იქ წავედი — ვფიქრობდი, ასე მეტად ვიპოვიდი საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, მონასტერშიც ვხატავდი, მაგრამ ჩემი საქმიანობა მხოლოდ ხატწერით შემოიფარგლებოდა. თუმცა საბოლოოდ მივხვდი, რომ სხვაგან უნდა გამეგრძელებინა შემოქმედება და ასე მოვხვდი აკადემიაში. რა თქმა უნდა, მონასტერში ცხოვრების გამოცდილება ძალიან დამეხმარა, რადგან იქ სულ სხვა რიტმია — მეტად უღრმავდები საკუთარ თავს, მეტი დრო გაქვს რაღაცების გასაანალიზებლად და ყველაფერზე დასაკვირვებლად. თითქოს, ქაოსის ნაცვლად სრული წესრიგია, ყველაფერს თავის სახელს უძებნი, ყველაფერს თავის ადგილად ალაგებ და უბრალოდ ის ხდები, ვინც ხარ.

ვფიქრობ, სწორედ იმ სამწლიანმა პერიოდმა მიმახვედრა საბოლოოდ, სად უნდა წავსულიყავი შემდგომ.

M: რა თქმა უნდა, ყველა ნამუშევარი ინდივიდუალური და ერთმანეთისგან დამოუკიდებელია (თუკი კონკრეტული სერიის ნაწილს არ წარმოადგენს). უბრალოდ, ყველა მხატვარს აქვს რაღაც სახასიათო, რასაც სურათების უმეტესობაში ერთგვარ შტრიხად ატარებს — შენთვის რა არის ეს?

ალბათ, ნებისმიერი ხელოვანისთვის ყველაფერი საკუთარი თავიდან გამომდინარეობს, მაგრამ რიგ შემთხვევებში მაინც განზოგადებას ვცდილობთ. მაგალითად, არ ვკონცენტრირდები პირად ემოციებზე და ვცდილობ, მეტად ობიექტური ვიყო, ვიდრე სუბიექტური, რადგან არ მინდა, ზოგადი ფასეულობა დავუკარგო იმას, რასაც ვაკეთებ. მართალია, კომპოზიციებში ხშირად ვიყენებ ავტოპორტრეტებს, მაგრამ ისინი ყოველთვის ჩემს რეალურ მეს არ ასახავენ — თითოეული მათგანი ზოგადი პიროვნული განვითარების განსახიერებაა. მაგალითად, ბავშობის დროინდელ მოგონებებს უფრო მეტად ტექნიკური საშუალებებისთვის ვიყენებ. არც კონკრეტული გზავნილები მაქვს — მინდა, ბევრ თემას ვფარავდე იმის მიხედვით, რასაც მნახველი ამა თუ იმ ტილოს დანახვისას ინდივიდუალურად იგრძნობს.

ვცდილობ, ნაკლები სიმბოლო გამოვიყენო. მუშაობის სტილი და ტექნიკაც ასეთი მაქვს — დიდ და ზოგად ლაქებს ვიყენებ… ცხოვრებაშიც ასეთი ვარ. ყველა მოვლენას ფართო ჭრილში ვუყურებ, ნაცვლად დაწვრილმანებისა.

უბრალოდ, ერთი, რასაც ხშირად მივმართავ, საკუთარი თავის ბავშვობისდროინდელ პერიოდში წარმოჩენაა. მიმაჩნია, რომ პატარაობის ასაკი ყველაზე მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელია ადამიანის ცხოვრებაში. ასევე, ნაკლებად ვიყენებ მამაკაცის ფიგურებს — მომწონს, როცა ქალის სქესზე ვაქცენტირებ, რადგან მინდა, ხელოვნებაში ერთგვარი როლური ბალანსი დავიცვა…

ჩემთვის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული ნამუშევარი

ნინოს სიტყვები ბუნებრივად ეხმიანება იმ იდეას, რომ ხელოვნებაში რაღაცის შექმნის პროცესი იმდენადვეა თავად ხელოვნების ნიმუში, რამდენადაც თავად შედეგი. ამასთან, ეს ზოგადი ხასიათის უფრო ფართო ჭრილსაც გვთავაზობს — თითქოს, ცალკეული კომპოზიციების შესრულებისას მოქმედება იმდენად თავისთავადია, რომ ყველაფერი ავტომატურად უკავშირდება ერთმანეთს და ესა თუ ის ნამუშევარი გაცილებით ფართო სპექტრში ერთიანდება. ერთი მეორეს მიემართება, ერთი იდიეს სხვაგვარად გაგრძელებას წარმოადგენს და ა. შ.

M: ალბათ, ხელოვანებისთვის ყველაზე რთული და, ამავდროულად, სტანდარტული კითხვა ესაა, მაგრამ მაინც ვერასდროს გავურბივართ: რა არის შენთვის ხელოვნება?

ხელოვნება პროცესია. ასევე, ერთადერთია, რაც ჩემში აღფრთოვანებას იწვევს — განსაკუთრებით კორონავირუსის პერიოდის შემდეგ ადამიანები იმდენად რაციონალურები გახდნენ, რომ ემოციებს ვეღარ ვკითხულობ. მეც შევიცვალე, ყველაფერი ნაკლებად გვაოცებს. ყველაზე დიდ შთაგონებას და ცხოვრებისეულ აზრს კი ხელოვნება მაძლევს. ყოველდღიურად ეს ემოცია მკვებავს — ვერაფერს შევადარებ, ერთადერთია, რაც მავსებს და ემოციურ ტალღებს იწვევს ჩემში.

ზოგადად, ძალიან მიყვარს მოქმედება და „ქარტეხილები“, არ ვარ მშვიდი ადამიანი და ხელოვნება ნებისმიერ ეტაპზე მიკმაყოფილებს ემოციებით აღჭურვის შესაძლებლობას. ხომ ამბობენ, რომ ინსპირაციას გარემოდან იღებენ, მე კი კვლავ შემოქმედებიდან ვიღებ შთაგონებას — უწყვეტი წრეა, ხელოვნებას ვქმნი ხელოვნებისგან მოცემული ენერგიით თუ განცდებით.

M: ხშირად ამბობენ, რომ ხელოვანი კონკრეტულ განწყობებს უნდა განიცდიდეს, რათა რაღაცის შექმნა შეძლოს… შენთვის რამდენად არსებობს რაღაც „აუცილებელი მოთხოვნა“?

ყოველთვის არასწორად მიმაჩნია ხელოვნებასთან მიმართებით „უნდა“ ფორმულირება. არაფერი არ „უნდა“ — ხშირად მესმოდა, რომ „ეს ასე უნდა, ეს ასე უნდა იყოს“… მაგალითად, თუ ხატვის სურვილი ერთი თვის განმავლობაში არ მიჩნდებოდა, მეგონა, ეს დიდ პრობლემას წარმოადგენდა და შემოქმედებითი კრიზისი მქონდა, რადგან „ხელოვანს მუდამ უნდა ჰქონდეს შემოქმედების უნარი“. არადა, ეს ბუნებრივი პროცესია, დანარჩენი მოსაზრებები კი სტერეოტიპული შეხედულებების ნაწილია.

სხვათა შორის, მონასტერში ყოფნისას ვისწავლე საკუთარ შინაგან სამყაროსთან კონტაქტი, სადაც გარემოს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ასე მივედი იმ მოცემულობამდე, რომ არანაირ გარემოებას თუ სივრცეს, სადაც ვმუშაობ, მნიშვნელობა არ ენიჭება — ვართ მხოლოდ მე და ჩემი შემოქმედება. სხვა სიტყვებით, არცერთი „ჭეშმარიტება“ არ წარმოადგენს ჩემთვის აპრიორს.

M: ისე, ოდესმე თუ გინანია, ხელოვნებას რომ დაუკავშირე მთელი შენი ცხოვრება?

არასდროს. აკადემიაში ჩაბარებამდე მქონდა დამაბრკოლებელი აზრები — მონასტრიდან რომ მოვდიოდი, მეშინოდა, რა რეალობა დამხვდებოდა ამ სწრაფ ტემპში. რაღაც დიდის დაკარგვას ვუფრთხოდი და არ ვიცოდი, რამდენად გავუძლებდი სხვა რეალობას. თუმცა ყველაფერი კარგად განვითარდა — იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და სადაც იდეალურად ვგრძნობ თავს.

აღსანიშნავია, რომ ნინოს წარმატება უკვე გაცდა საქართველოს ფარგლებს და სულ ახლახან დრეზდენში გამართულ ფესტივალ Palais Sommer-ში მიიღო მონაწილეობა. ეს ღონისძიება არა მხოლოდ მხატვრობას ეხება, არამედ ზოგადად კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალია და ბევრი კომპონენტისგან შედგება . ყოველწლიურად არაერთ ხელოვანს იწვენენ მთელი მსოფლიოს მაშტაბით — მათ შორის სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების მუსიკოსებს, მოქანდაკეებს, მხატვრებს და ა. შ. სწორედ აქ გამოიფინა ნინოს ნამუშევრებიც.


ავტორი: ქეთია ბელქანია


როგორ ვიფიქროთ კარიერის შეცვლაზე სტრატეგიულად?

„ელიტ ელექტრონიქსის“ კამპანია „ჩართეს“ მხარდასაჭერად