11
Jul
2013

“რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტი დაგიბრუნდება”- ნინო ჯიბლაძე

11 Jul 2013

N.jibladze2განათლება:  დავამთავრე პირველი ექსპერიმენტული სკოლა. მახსოვს მთელი ბავშვობა სულ რაღაცას ვწერდი. ხუთოსანი ბავშვი ვიყავი და ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი.

1992 წელს ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 4 წელი ვისწავლე და შემდეგ ამერიკაში გავემგზავრე. იქ მაგისტრატურაც საერთაშორისო ჟურნალისტიკის კუთხით გავიარე და დავბრუნდი საქართველოში.
ენები იყო ჩემთვის ყოვეთვის პირველ პლანზე. ბავშვობიდან ჯერ გერმანულს ვსწავლობდი, დღესაც სრულად ვფლობ გერმანულს, შემდეგ ამერიკაში ინგლისური ვისწავლე საფუძვიანად, ცოტა ხანს ესპანურსაც ვსწავლობდი და ახლა ინტენსიურად ვსწავლობ ფრანგულს, ძალიან მომწონს და ვფიქრობ რომ ენების შესწავლის პროცესი ძალიან საინტერესო და აზარტულია.

პირადი ცხოვრება

3 წლის წინ შევქმენი ოჯახი. მყავს მეუღლე და 3 წლის შვილი.

კარიერა

პირველი სამსახური იყო ტელევიზიაში. ამერიკიდან დაბრუნებისთანავე პირველ და მეორე არხზე დავიწყე მუშაობა, ოღონდ ეს იყო უხელფასო სამუშაო. გარკვეული დროის შემდეგ დავანებე ჟურნალისტიკას თავი და ბატონ გელა ჩარკვიანთან ერთად დავიწყე მუშაობა კანცელარიაში, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მის გარკვეულ  კორესპოდენციას ვთარგმნიდი ანუ გადავედი თარჯიმნად. იქაც უხელფასოდ მომიწია მუშაობა.

1999 წელს კი ეროვნულ ბანკში განვაგრძე მუშაობა. USAID -ის პროექტში, იქაც თარჯიმნად, სადაც 900 დოლარი მქონდა ხელფასი. ეს იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა იყო. ამის შემდეგ იყო ამერიკის საელჩო. თავდაცვის დეპარტამენტში თარჯიმანი და პროექტის კოორდინატორი ვიყავი, ძალიან საინტერესო სამსახური მქონდა. ეს PR  პროექტები, რაც თავდაცვის სფეროში მქონდა  ძალიან სპეციფიკური იყო და აქ უკვე სერიოზულად შევუდექი უფრო პოლიტიკური PR -ის შესწავლას. 8 წლიანი მუშაობის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გადავედი  პროტოკოლისა და დიპლომატიური კორპუსის დეპარტამენტის უფროსად. წელიწადნახევარი ვიმუშავე. შემდეგ წამოვედი და მარკეტინგი შევისწავლე.

შემდეგი სამსახური უკვე იყო საქართველოს ლატარიის კომპანიაში, მარკეტინგის დეპარტამენტში, ხოლო 2010 წლის ბოლოდან, როდესაც გალფმა დაიწყო ჩამოყალიბება, გადავედი მარკეტინგის დეპარტამენტში კონსულტანტად. მალევე გავხდი მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი და ერთ-ერთი ვიცე პრეზიდენტი.

ჰობი

მაქვს ერთი უცნაური ჰობი, წიგნებს ვწერ. ადრე უფრო სერიოზულად ვუყურებდი ამ საქმეს, მაგრამ ახლა ჰობად მექცა. წერის სიყვარულმა, წიგნების წერამ მომცა გამოციდილება, რაც კრეატიულ დონეზე მეხმარება საქმიანობაში. ზოგადად კრეატიული ადამიანი უნდა იყო, რომ წერო წიგნები. ჩემ დაწერილ წიგნებს, რომ ვუყურებ, დღემდე არ მჯერა რომ ისინი ჩემი დაწერილია. პირველი რომანი 2005 წელს გამოვეცი, რომელიც ლიტერატურულ პრემია „საბაზეც“ იყო ნომინირებული. ძალიან დიდი დაინტერესება მოჰყვა. ორ თვეში დიდი ტირაჟით გაიყიდა, რაც ძალიან დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის.

რატომ ეს პროფესია?

ბავშობიდანვე სულ ვწერდი. პატარა ჩანახატებს ვაკეთებდი. წერის სიყვარულმა წამიყვანა ალბათ ჟურნალისტიკისკენ, თუმცა ჯერ-ჯერობით ჟურნალისტი არ ვარ. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტი უფრო დიდ ასაკში, დაღვინებული ადამიანი უნდა იყოს. ძალიან განათლებული, ბევრი რაღაც უნდა იცოდე, რომ ამ სფეროში იმოღვაწეო, ამიტომ შეიძლება ჯერ კიდევ წინ მაქვს ჩემი პროფესიით მუშობა…

ერთი სამუშო დღე ...

ყოველ დილით 8-ის ნახევარზე ვდგებით მე და ჩემი შვილი, ვაცმევ, ვსაუზმობთ,დავაყენებ თავის გზაზე და შემდეგ ვიწყებ ჩემ თავზე ფიქრს. ტელეფონი დილიდან იწყებს რეკვას, ყველაფერი წამებში ხდება. ყოველ დღე 10 საათზე სამსახურში ვარ. ამერიკელებთან დიდხნიანი ურთიერთობიდან გამომდინარე გამომიმუშავდა ის, რომ არ მიყვარს დაგვიანება და სამუშაოდან არც გვიან წასვლა. მათ არ უყვართ და არც მე, როდესაც საქმე სამუშაო საათებს სცილდება. ჩემი დეპარტამენტიც ასე მუშაობს, ყველა უნდა შეეჩვიოს, რომ იმ დროში მოასწრო საქმე რაც გაქვს.

შუადღეს ვამოწმებ წერილებს. ვცდილობ მაქსიმალურად ყველას გავცე პასუხი, ბევრი თხოვნებია და გვინდა რომ ყველას დავეხმაროთ. თითქმის ყოველ დღე ბრეინსტორმინგი, გვაქვს. სულ რაღაც ხდება ან ერთი მაღაზიის გახსნაა, ან ბენზინგასამართი სადგურის, ან პროდუქტის პრომოუშენი. მოკლედ სულ გადარბენაზე ვართ…

მყავს არაჩვეულებრივი გუნდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაოს სრულყოფილად და კარგად შესრულებისთვის. ეს წარმატების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

ყველაზე რთული გადაწყვეტილება ცხოვრებაში, რომელიც მიიღეთ და როგორი იყო მისი შედეგი?

გალფში დეპარტამენტის უფროსისთვის ეძებდნენ კადრს. მაშინ მე ჰოლდინგის მარკეტინგში ვმუშაობდი და ძალიან მომწონდა. ბევრი ადამიანი გამოვკითხეთ, ვარჩევდით, მე თვითონ ვატარებდი გასაუბრებას, თუმცა ვერავინ შევარჩიეთ. ბოლოს ჩემმა უფროსმა მე შემომთავაზა ეს თანამდებობდა. ამ გადაწყვეტილების მიღება იყო ძალიან რთული. რამდენიმე დღე ვიფიქრე. ეს ძლიან საპასუხისმგებლო საქმე იყო , მაგრამ ბოლოს მივხვდი, უნდა გადმოვსულიყავი. შედეგმაც გაამართლა და კმაყოფილი ვარ.

ყველაზე დიდი მიღწევა ცხოვრებაში...

ყველაზე დიდი მიღწევა ჩემი შვილი და ჩემი ოჯახია.

რომ არა გალფი, სად იმუშავებდა ნინო ჯიბლაძე და რა პოზიციაზე?

რომ არა გალფი, რომ არა ჩემი შვილი, ოჯახი ალბათ პოლიტიკურ PR -ში ვიმუშავებდი, რადგან ეს თემა ძალიან მაინტერესებს. თუმცა ახლა უკვე ძლიან მიყვარს კომერციული სფერო, აქ კარგი გარემოა, მაგრამ მომავალში შესაძლოა წავიდე კიდევაც იმ გზით. საერთოდ გალფი ჩემი საქმე კი არა ჩემი ცხოვრებაა, შვილივით მყავს, ძალიან მიყვარს ეს კომპანია.

საყვარელი ფრაზა/გამონათქვამი:

„რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტი დაგიბრუნდება“.  ჩემი ცხოვრების კრედოა, რომ რაც შეიძლება მეტი გასცე და ის, სადღაც ყოველთვის გიბრუნდება. ძალიან მაგარია, თუ შეგიძლია ადამიანმა სიყვარული გასცე, ფინანსური, მორალური დახმარება გასწიო, მხარში დაუდგე ადამიანს, მეგობარს. ყველაზე ძვირფასი, რაც კი მაბადია ჩემი მეგობრებია, რომლებსაც სამწურახოდ გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ხშირად ვერ ვნახულობ. მეგობრობა არის ძალიან ფასეული და ღირებული.

გაიხსენეთ ერთი რთული პერიოდი გალფში და ერთი წარმატებული პროექტი, როგორ დაიწყო პრობლემა და როგორ გადაჭერით?

უფასო საწვავიერთხელ გალფის საწვავის გათამაშების დროს, ადამიანი გარეთ დადგა და ამბობდა 30 ლიტრი საწვავი მოვიგე და არ მომცესო. გავედი, რომ გამერკვია ზუსტად რა ხდებოდა. ეს ბიჭი დახტოდა აქეთ-იქით. დავაწყნარე და ვუთხარი, რომ თუ მოიგო რა თქმა უნდა გადავცემდით საწვავს და ისედაც მივცემდით რახან აქამდე მოხვედითთქო. დაიწყო ყვირილი, ლანძღვა. ეს აღარ მომეწონა და ვუთხარი ხვალ დილით მობრძანდით, დამშვიდდით და შემდეგ გავარკვიოთთქო.

გათამაშების მთავარი პრინციპი არის ის, რომ ვინც პირველი შეუხვევს სადგურზე, ის იგებს საწვავს. ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს შეუმჩნევია, რომ ეს ბიჭი დილიდან მდგარა იქ. ანუ ეტყობა ვიღაცამ უთხრა წინასწარ და დილიდან იდგა და ელოდებოდა, როგორც კი დაიწო გათამაშება, მაშინვე შესულა ბენზინგასამართ სადგურზე და ამიტომ არ მისცეს საწვავი.

მეორე დილით გავედი და ისევ დამხვდა. ასე მითხრა: მე გავიგე თქვენ შესახებ ბევრი ინფორმაციაო, ამ კომპანიას დაბალი რეიტინგი აქვს და საშინელი კომპანიააო. ეს მითხრა 30 ლიტრი საწვავის გადაცემის დროს, გავბრაზდი და უკან გამოვართვი საწვავის ტალონი. ზუსტად 1 საათში გვქონდა უფასო საწვავის აქცია, რომელიც თვეში ერთხელ გვაქვს ხოლმე, ეს ბიჭი წავიდა, მანამდე ტელევიზიებს შევყრიო და ერთ ამბავს მოვაწყობო. როდესაც აქცია დაიწყო ეს უკვე იქ დაგვხვდა და როდესაც დაინახა რაც ხდებოდა, თქვა რომ ეხლა მივხვდი რაც ხდება და რამდენ საწვავსაც არიგებთ უფასოდ და ჩემი 30 ლიტრი ვის დაგენანებოდათო. მოკლედ ეს იყო ერთი რთული შემთხვევა, რომელიც მახსენდება.

ჩვენი წარმატებული პროექტია „5 წუთი გალფთან ერთად“. ოთხ რადიოზე ერთდროულად მიდის, ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს. ადამიანები თავის ტელეფონის ნომრებს ტოვებენ ნებისმიერ ლიტრზე და შემდეგ ვურეკავთ კვირაში 5 ადამიანს.

რას მიიჩნევთ საქართველოში მარკეტინგის და პიარის სფეროში არსებულ ყველაზე დიდ პრობლემას? რის გაუმჯობესებას ისურვებდით?

ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მეტი ვორქშოფები და სემინარები ტარდებოდეს. ჩამოდიოდნენ გამოცდილი, ცნობილი ადამინები და ლექციებს ატარებდნენ. ახლაც ტარდება, მაგრამ უფრო მაშტაბური უნდა იყოს. PR -ის პრობლემა არის ის, რომ ყველას ჰგონია PR -მენეჯერი აუცილებლად პატარა, ლამაზი გოგო უნდა იყოს, გამოდიოდეს და ჟურნალისტებთან ის ლაპარაკობდეს, მთლად ესეც არ არის. თუმცა ნელ-ნელა საქართველოში დაიხვეწა PR .

მარკეტინგს რაც შეეხება, ახლა რაც უფრო დივერსიფიცირებული იქნება ბიზნესი, მარკეტინგიც მით უფრო დაიხვეწება. ჯერ- ჯერობით პრობლემა არის ის, რომ თითქოს რაც უფრო მეტი რეკლამაა, რაც უფრო მეტი შეთავაზებები, პრომო აქციებია სულ ეს არის მარკეტინგი. ეს უნდა მივიდეს იქამდე, რომ როგორც მსოფლიოში სხვა მხრივ განვითარდა მარკეტინგი, საქართველოშიც მოიკიდოს ფეხი და ნელ-ნელა ესეც მოხდება.

გაიხსენეთ თქვენთვის ყველაზე გამორჩეული რეკლამა, როგორც ქართული ასევე უცხოური. (გარდა გალფისა)

ძალიან მომწონს სილქნეტის რეკლამები, ასევე სონისა და კორონას რეკლამები.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ახალგაზრდა ადამიანი  PR -სა და მარკეტინგის სფეროში მოხვდეს და წარმატებული კარიერა ჰქონდეს?

აუცილებელია ინტერესი და განვითარების მუდმივი სურვილი. მუდამ უნდა აწუხებდეს, რომ არ არის საკმარისად  განვითარებული. ამ განვითარებას პირველ რიგში სწავლა და მეცადინეობა შველის, ინტერესი ყველაფრის მიმართ, შემდეგ უკვე გამოცდილება, გამოცდილებაში უფრო იწვრთნები ადამიანი, ამ სფეროში კი განსაკუთრებით. საჭიროა შინაგანი ინტუიცია, რომ იცოდეს ვის, როგორ უნდა ეურთიერთოს, ეს არის დიდი ხელოვნება და პასუხისმგებლობა. დაუსრულებელი განვითარება შენი თავისა, მუდამ ძიებაში და კითხვაში ….

რას ურჩევდით დამწყებ პროფესიონალებს?

განვითარება და საკუთარ თავზე მუშაობა – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი არ უნდა დაკარგო, მიზანდასახული უნდა იყო, რისიც არ გჯერა ზუსტად ის უნდა დაიჯერო და იქედან უნდა დაიწყო, რომ საბოლოოდ კარგ შედეგამდე მიხვიდე. “მე ამას ვერ გავაკეთებ” -ეს ფრაზა არასდროს უნდა თქვა! უნდა გააკეთო ! არ აქვს მნიშვნელობა რა არის! ყველაზე დიდი იდეები სწორედ ასე იბადება, რომ ეს არის მიუღწეველი, მაგრამ ბოლოს აუცილებლად მიაღწევენ.

განხილვა