11
Apr
2018

„ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს“ – ნინო ქათამაძის კონცერტი ტრადიციული თემატიკით და განსხვავებული მუსიკალური ინტერპრეტაციებით

11 Apr 2018

„ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს“ – მისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან ფრაზას ნინო ქათამაძე, 14 აპრილს თაყვანისმცემლებს კიდევ ერთხელ ეტყვის. მომღერალი, მსმენელის წინაშე, ჯგუფ Insight-თან და Kordz-თან ერთად, „რესპუბლიკაში“ წარდგება. საღამოს მთავარი თემა, როგორც ყოველთვის, ახლაც სიყვარულია.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს დღე ყველასათვის დასამახსოვრებელი იქნება : „ნინო ქათამაძისა და Insight-ის ორიგინალური რეპერტუარის გარდა, პირველად გაიჟღერებს მათი და Kordz-ის რამდენიმე ერთობლივი კომპოზიცია. ეს საღამოს იქნება ჯაზის, ელექტრონული და ეთნო მუსიკის სინთეზი. კონცერტი 21:30 საათზე დაიწყება, 00:00 საათიდან კი, „კორძი“ დაუკრავს“.

როგორი იქნება Kordz-თან კოლაბორაცია, ჯერ თავად მუსიკოსებისთვისაც უცნობია : „რეპეტიციას ხვალ გავივლით. უშუალოდ ამ პროცესში ვნახავთ, როგორი იქნება. „კორძი“ კომპოზიტორია, აქვს განსაკუთრებული ხედვა და ჩვენც ძალიან გვაინტერესებს, რა გამოგვივა“, – ამბობს ნინო ქათამაძე.

როგორც ყოველთვის, საბოლოო რეპერტუარი, ახლაც კონცერტის წინა რეპეტიციაზე შედგება. ასევე უცნობია, რომელი ნაწარმოები რა ინტერპრეტაციით შესრულება.

„ეს ჯერ არც ჩვენ ვიცით. ყველა კონცერტზე, ამა თუ იმ სიმღერას, ისე ვასრულებთ, ვერ ხვდები, ახალი კომპოზიციაა, თუ ძველი. ამიტომ, მგონია, რომ ძალიან საინტერესო საღამო უნდა გამოვიდეს. შევასრულებთ მსმენელისთვის ნაცნობ და უცნობ ნაწარმოებებს. მაქვს კიდევ ერთი ჩანაფიქრი. ზუსტად ხვალ ვნახავთ, რამხელა სცენაა, ან სივრცე რამდენად მომცემს ჩემი იდეის განხორციელების საშუალებას“.

14 აპრილს აუცილებლად იმღერებს „ბაიათს“, რომელიც პირველად შარშან, თავის საიუბილეო კონცერტზე, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდსა და, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა.

ბაიათი“ ჩემი სულის მდგომარეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მასში დევს ის სიღრმისეული ისტორია, რომლის სიმღერის გარეშე, მხოლოდ სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია“.

კონცერტის ორგანიზატორები მრავალფუნქციური სივრცე„რესპუბლიკა“ და Club Iveria არიან. ბილეთები tkt.ge-ზე და სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ იყიდება.

„Club Iveria, როგორც ყოველთვის, კლუბის წევრებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. Classic ბარათის მფლობელებისთვის ბილეთის ფასი 40 ლარიდან, Silver Card-ს მფლობელებისთვის კი 25 ლარიდან იწყება. ფასდაკლება შესაბამისად მოქმედებს ბილეთების სხვა კატეგორიებზეც“, – ამბობენ ორგანიზატორები.

განხილვა