in

ნინო ხაჭაპურიძე – #პირველისამსახური

შეიძლება ითქვას, პირველი სამუშაო გამოცდილება უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად დავაგროვე. ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლასთან შეთავსებით, ბავშვებს სასკოლო საგნებში ვამზადებდი. ძალიან საინტერესო იყო მათთან ერთად მეცადინეობა. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლის პერიოდში ლექტორმა ია კუტალაძემ, საკონსულტაციო ორგანიზაციის „ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრის“ (PMC) რამდენიმე კვლევით პროექტში ჩამრთო ინტერვიუერად. PMC ერთ-ერთი პირველი საკონსულტაციო მიმართულება არის HR-ის მიმართულებით საქართველოში და ამ მხრივ დიდი პაიტვი იყო მათთან თანამშრომლობა. კვლევითი კუთხით, ჩემთვის ერთ-ერთი პირველი გამოცდილება საქართველოს ბანკში თანამშრომლების კმაყოფილების კვლევა აღმოჩნდა, რომელსაც მოყვა პოლიტიკური გამოკითხვები ქუჩაში და ა.შ. სწორედ მაგ დროს ვისწავლე, რომ ვინც არ უნდა შემხვდეს ან დამირეკოს, ვცდილობ კითხვარებსა და კვლევებში აუცილებლად ჩავერთო, რადგან ვიცი, რამდენად რთულია მაგ დროს ადამიანების დათანხმება და რამდენად მწარეა უარი.

შემდეგ, მაგისტრატურის სტუდენტობისას თარჯიმანთა ბიუროში დავიწყე მუშაობა. ოფისის მენეჯერი და თარჯიმანთა კოორდინატორი ვიყავი, 2002-2003 წლებში. ოფისსში მარტო მყოფი, თარჯიმანთა დიდ ქსელს დამკვეთებთან ვაკავშირებდი ქსელი. ალბათ, ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული ე.წ. „საოფისე“ გამოცდილება სამსახურში.

ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ, 2003 წელს, ჩემი პროფესიული მიმართულებით აღმოვჩნდი არასამთავრობო ორგანიზაციაში – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში“, ორგანიზაციული განვითარების ექსპერტად. რეკომენდაცია უნივერსიტეტიდან გამიწიეს და მუშაობა სამთვიანი სტაჟირებით დავიწყე. დიდი ორგანიზაცია იყო, ბევრი პროექტი. მასშტაბური პროგრამები ჰქონდათ საქართველოს რეგიონებში და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ინსტიტუციონალურ განვითარებაში ეხმარებოდნენ, ძირითადად ორ რეგიონში, კახეთსა და გურიაში. მე კი ამ ორგანიზაციების თანამშრომლების დატრენინგება, სტრატეგიული დაგეგმვის მხარდაჭერა, პროექტების წერაში დახმარება და სხვა ფუნქციები მებარა.

მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ პატარა ვიყავი, 23-24 წლის, ამ ორგანიზაციაში თავიანთ პროფესიაში გამოცდილი, ასაკობრივად და გამოცდილებით ჩემზე წინ მყოფი ადამიანები მუშაობდნენ. მე კი მათთვის რაღაცების სწავლება და კონსულტაციის გაწევა მიწევდა. ისეთ საკითხებში უნდა დამერწმუნებინა ისინი, სადაც მე უფრო მეტი ცოდნა მქონდა და მათი ნდობა უნდა მომეპოვებინა. კარგია, რომ მარტო არ ვყოფილვარ. შესანიშნავი მენტორები მყავდა. მათი დახმარებით ამ ყველაფერს გავართვი თავი. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, დავინახე როგორ შეგიძლია ადამიანს და ორგანიზაციას მხარი დაუჭირო, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს თვაის შესაძლებლობები. ეს შემდეგ ჩემს ძირითად პროფესიაში, HR-სა და ორგანიზაციულ განვითარებაში დამეხმარა. მანდ შევიძინე საფუძვლიანი ცოდნა და გამოცდილება, გარდა იმისა, რაც უნივერსიტეტში მქონდა ნასწავლი. შემდეგ კი, კერძო სექტორში გადმოვედი და 2005 წლიდან ჯიპიაი ჰოლდინგში ვარ.

ნინო ხაჭაპურიძე – ჯიპიაი ჰოლდინგის HR დირექტორი

ბუნების ძალა სილამაზეზე ზრუნვის ყოველდღიურ რუტინაში

რა ხდება, როდესაც მხატვარი მხედველობას კარგავს