in

როცა ცხოვრების წესი არგაჩერებაა — ნინო კვაშილავას გზა პროფესიულ წარმატებამდე

ბავშვობის მრავალფეროვანი ინტერესები, სტუდენტური სამუშაოები, კარიერული ზრდა საწყისი პოზიციიდან წამყვან დეპარტამენტებამდე, შვეიცარიაში, წამყვან უნივერსიტეტში განათლების მიღება და რისკი, რომელიც გამართლებული აღმოჩნდა — ეს ყველაფერი მოკლედ აღწერს იმ გზას, რომელიც ნინო კვაშილავამ საქართველოს ბანკში დასაქმებამდე გაიარა. დღეს ის პერსონალური კონსიერჟის, ლაუნჯების სერვისისა და ხარისხის მართვის მიმართულების ხელმძღვანელია. ეს ამბავი უკვე შვიდ წელს ითვლის. ამ ინტერვიუში კი გვიყვება, რა ხდება მაშინ, როცა ცხოვრების წესი არგაჩერებაა:

ბავშვობის მრავალფეროვანი ინტერესები

ბავშვობაში ჩემი პროფესიული ინტერესები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო: ერთ პერიოდში მიზიდავდა გამომძიებლობა მისი ანალიტიკური ბუნების გამო, ხოლო შემდეგ გატაცებული ვიყავი ინტერიერის დიზაინით. ამავდროულად, ყოველთვის გამოვირჩეოდი ლიდერობისკენ მიდრეკილებით და ვიყავი სუპერ აქტიური ყველა სფეროში – როგორც კლასში, ისე სხვადასხვა აქტივობებში (ცეკვა, ფეხბურთი, ცურვა, სიმღერა). ახლა ვიაზრებ, ეს ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ჩემგან კარგი ორგანიზატორი გამოვიდოდა, თუმცა მაშინ ამაზე არ მიფიქრია.

ჩემი მათემატიკისადმი განსაკუთრებული ინტერესის გამო, ბიზნესადმინისტრირება ავირჩიე. ბაკალავრიატის შემდეგ, ცოდნა გავიღრმავე საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე, მენეჯმენტის განხრით. აკადემიური გზის ბოლო ეტაპი იყო სწავლა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, Glion-ში (შვეიცარია), სადაც ლიდერობის მიმართულებით მივიღე საერთაშორისო დონის გამოცდილება.

მოტივაციის წყარო

ჩემთვის ყველაზე დიდი და უწყვეტი მოტივატორი ყოველთვის იყო ოჯახი, რომელიც მუდმივად მიჭერდა მხარს. პროფესიულ ასპექტში კი, ძალიან გამიმართლა: ჩემს კარიერულ გზაზე ყოველთვის მხვდებოდა ძლიერი მენეჯმენტი და გამორჩეული პროფესიონალები. ეს ადამიანები, თავიანთი ეთიკითა და მიღწევებით, ჩემთვის ნამდვილ მისაბაძ მაგალითებს წარმოადგენდნენ და მინდოდა მათნაირი წარმატებული და ღირსეული სპეციალისტი გავმხდარიყავი — ვთვლი, რომ ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა.

საწყისი ნაბიჯები და კარიერული რისკი

კარიერა სტუდენტობისას, საბანკო სფეროში დავიწყე. თავდაპირველად ვიყავი გაყიდვების ოპერატორი გარე ლოკაციებზე, სადაც ანაბრების გაყიდვა მევალებოდა. წარმატებული შედეგების გამო, მალევე გადამიყვანეს ცენტრალურ ფილიალში მითერის პოზიციაზე. აქ ჩემი მთავარი ფუნქცია იყო მომხმარებლების დახვედრა, მათი საჭიროების დადგენა და შესაბამის ექსპერტებთან (საკრედიტო/ოპერატორი) გადამისამართება. სირთულე, რომელიც კარგ გამოცდილებად იქცა, იყო მოთმინების უნარის გამომუშავება სხვადასხვა ტიპის მომხმარებელთან ურთიერთობისას. ამ სამსახურმა ჩამომიყალიბა ძლიერი კომუნიკაციის და სერვისზე ორიენტირებული მიდგომის უნარები.

ბანკის შემდეგ, გადავწყვიტე გამერისკა და ისეთ სფეროში წავსულიყავი, რომელიც იმ დროს არც ისე პოპულარული იყო – სასტუმროების სექტორში. დავიწყე მიმღებიდან და, მართალი გითხრათ, ძალიან გამიმართლა, რადგან რამდენიმე წელიწადში თანმიმდევრულად გავიზარდე გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდამდე. სასტუმროებში მუშაობამ უზარმაზარი ცოდნა მომცა. ამის შემდეგ, ჩემს კარიერაში უდიდესი ნახტომი მოხდა: გადავედი საერთაშორისო გიგანტ Booking.com-ში! ეს იყო სამი არაჩვეულებრივი, ინტენსიური წელი, სავსე მოგზაურობითა და მივლინებებით. იქ ვეხმარებოდი სასტუმროებს გაყიდვების გაზრდაში, რამაც ჩემი პროფესიული პერსპექტივა ნამდვილად გლობალურ დონეზე აიყვანა.

Booking.com-იდან საქართველოს ბანკამდე

საქართველოს ბანკში მოხვედრა საკმაოდ საინტერესოდ მოხდა. Booking.com-ში მუშაობისას, ერთ-ერთი ბიზნესშეხვედრის დროს, პარტნიორი სასტუმროს გაყიდვების მენეჯერმა შემომთავაზა რეკომენდაციის გაწევა ბანკის ახალ, ამბიციურ პროექტზე. მან აღნიშნა, რომ ჩემი პროფილი იდეალურად ერგებოდა იმ ადამიანის აღწერას, რომელსაც ეძებდნენ.

ამგვარად, SOLO-ში მუშაობა დავიწყე პროექტ მენეჯერის პოზიციაზე. ეს იყო სრულიად ახალი მიმართულება: პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლებისთვის არასაბანკო მომსახურების, კერძოდ კი, ჩემი მთავარი მისია პირადი კონსიერჟის სერვისის ნულიდან აწყობა იყო. პროექტი იმდენად წარმატებით განვითარდა, რომ დროთა განმავლობაში ეს მიმართულება სრულად ჩავიბარე და მის ლიდერად ვიქეცი.

ბანკში უკვე მეშვიდე წელია ვმუშაობ და ეს არის მუდმივი წინსვლის გარემო. ამ პერიოდის განმავლობაში, პირადი კონსიერჟის სერვისის გარდა, უამრავი სხვა მსხვილი თუ მცირე პროექტი მქონდა ჩაბარებული, რაც ჩემს გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალმხრივს ხდის. ამჟამად, პირადი კონსიერჟის მართვის გარდა, ჩემს პასუხისმგებლობაში შედის ლაუნჯების სერვისისა და ხარისხის მიმართულებაც, რის შედეგადაც ჩემს მართვაში საკმაოდ დიდი გუნდია გაერთიანებული.

მუშაობა იქ, სადაც არ ჩერდებიან

ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა SOLO-ს მენეჯმენტის გუნდში არის მრავალფეროვანი და შედეგზე ორიენტირებული – ჩემთვის ყველა დღე განსხვავებულია. რაც ყველაზე მეტად მიზიდავს, ეს არის შექმნის პროცესი. მე განსაკუთრებით მიყვარს პროექტების ნულიდან შენება და სრული პროცესის მართვა. როდესაც ხედავ, რომ შენი ინიციატივით დაწყებული პროექტი წარმატებით ვითარდება და ხელშესახები შედეგები მოაქვს, ეს უდიდესი მოტივაციაა.

გარდა ამისა, ძალიან მომწონს, რომ ჩემი საქმიანობა მუდმივად გულისხმობს ბევრ ადამიანთან ურთიერთობას – როგორც გუნდის წევრებთან, ისე უშუალოდ პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლებთან. ეს ურთიერთობები ჩემს საქმეს კიდევ უფრო მრავალფეროვანს და ადამიანურს ხდის.

სამუშაო გარემო, რომელშიც მიწევს საქმიანობა, უბრალოდ ფანტასტიკურია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის თანადგომა და ადამიანური კულტურა, რომელიც გუნდში სუფევს. გვყავს არაჩვეულებრივი გუნდი. გარდა ამისა, საქართველოს ბანკს მუდმივად აქვს აქცენტი განვითარებაზე – ეს არის გარემო, სადაც წახალისებულია ინოვაცია, ცვლილებები და მუდმივი პროფესიული ზრდა, რაც ჩემს დინამიკურ ხასიათს იდეალურად ერგება და სრულად შეესაბამება ჩვენს სლოგანს: „არ გაჩერდე“.

თვითგანვითარება 

ჩემი თვითგანვითარების მიდგომა არის პრაქტიკული და მუდმივი:

  1. პრაქტიკული სწავლა: როგორც კი წავაწყდები ახალ, საინტერესო ინფორმაციას, ვცდილობ, ის მაქსიმალურად სწრაფად შევისწავლო და საქმეში დავნერგო.
  2. სტრუქტურირებული განვითარება: გარდა ამისა, წელიწადში რამდენჯერმე აქტიურად გავდივარ სპეციალიზებულ ტრენინგებსა და კურსებს, რათა მუდმივად მქონდეს უახლესი ლიდერული და ბიზნესცოდნა.

ამჟამად ყველაზე მეტად დაინტერესებული ვარ ტექნოლოგიური მიმართულებით ცოდნის გაღრმავებით. ჩემი მიზანია, მენეჯერულ გამოცდილებას დავუმატო ციფრული ტრანსფორმაციისა და მონაცემთა ანალიზის ცოდნა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან წარმატებული ინოვაციური პროექტების დაგეგმვა და ოპერაციული ეფექტურობის გაზრდა დღეს სწორედ ტექნოლოგიების ღრმა გაგებაზე გადის.

 

[პარტნიორის კონტენტი]

OpenAI-ის პასუხი Google-ს — ახალი GPT 5.2 მოდელი გამოვიდა

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა