in ,

Goldman Sachs-იდან „თანასწორობის ცენტრამდე“ – ნინო კვერნაძის ქართულ-ამერიკული ამბავი


“Dreams Don’t Work Unless You Do…“ – John C. Maxwell
1931 წელს, James Truslow Adams-მა, ამერიკელმა მწერალმა და ისტორიკოსმა, საკუთარ წიგნში – “The Epic of America“ – გამოიყენა ფრაზა „ამერიკული ოცნება“ -“American Dream“ – და აღწერა ისეთი ქვეყანა, სადაც ყველას აქვს თვითრეალიზების საშუალება, სადაც ყველას შეუძლია იცხოვროს ისე, როგორც უნდა და გამოიტანოს მაქსიმალური სარგებელი ცხოვრებიდან. მან აღწერა „ამერიკული ოცნება“, როგორც „ოცნება ქვეყანაზე, რომელშიც ცხოვრება იქნება უფრო იოლი და მდიდარი ყველა ადამიანისათვის, საკუთარი შესაძლებლობებისა და მიღწევებიდან გამომდინარე. ამერიკა რომ „შეუზღუდავი შესაძლებლობების“ ქვეყანაა, ზოგს საკუთარ ტყავზე გამოუცდია, ზოგიც ფილმში ნანახი, წიგნში ამოკითხული, თუ მეგობრის ნაამბობი ინფორმაციიდან იჯერებს, რომ ამ ქვეყანაში დაუღალავი შრომა ქმნის “Self-made person-ს” (ადამიანს, რომელიც საკუთარი უნარებითა და შესაძლებლობებით აღწევს წარმატებას).
დღეს, გავიცნობთ ადამიანს, რომლის ცხოვრების მოტოც ჯონ მაქსველის გამონათქვამს უკავშირდება და რომელიც ამერიკაში 15 წლიანი ცხოვრების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. ნინო კვერნაძე 27 წლისაა, დედა მხატვარი ჰყავს, ხოლო მათემატიკოსი მამა –  1992 წლიდან, ამერიკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორია. გენეტიკის როლზე რა წილი მოდის, რთული სათქმელია, თუმცა შესაძლებელია, ნინოს ინტერესი ტექნიკური საგნებისადმი, განსაკუთრებით, მათემატიკისა და ქიმიის მიმართ, სწორედ მამის დამსახურება იყოს. ნინოს, ცხოვრების რაღაც ეტაპზე, საკუთარ და-ძმასთან ერთად, მოუწია გადაწყვეტა, დედასთან დარჩენილიყო და განათლება აქ, საქართველოში მიეღო, თუ მამასთან – ამერიკაში. „სკოლის დამთავრების შემდეგ, მშობლებმა მოგვცეს არჩევანის საშუალება: სამივემ ამერიკაში სწავლა ავირჩიეთ“ – ნინო კვერნაძე.

განათლება
უმაღლესი განათლება მივიღე Weber State University-ში, იუტას შტატში, სადაც ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. პირველ-მეორე კურსზე ვფიქრობდი ფოტოგრაფიაზე ჩაბარებას, მაგრამ მესამე კურსზე, ფინანსებისა და მენეჯმენტის კლასების აღების შემდეგ, გადავწყვიტე ბიზნეს ფაკულტეტზე გადასვლა. ყველა ბიზნეს საგანი ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა – ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, HR, მენეჯმენტი, etc. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, ზოგად ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩამებარებინა, რომ ყველაფერი შემესწავლა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ნებისმიერ სექტორში შემძლებოდა მუშაობა. ასევე, უნივერსიტეტში ვცდილობდი, გავწევრიანებულიყავი სხვადასხვა კლუბში (ვიყავი საერთაშორისო სტუდენტთა კლუბის პრეზიდენტი  და მარკეტინგის კლუბის კომუნიკაციის ვიცეპრეზიდენტი).

არჩევანი
ორ ძალიან მნიშვნელოვან არჩევანს გამოვყოფდი: ამერიკაში სწავლის გაგრძელებას, რამაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. რომ არ წავსულიყავი, ნამდვილად, ძალიან სხვანაირად წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება და მენტალიტეტიც. ხშირად მიფიქრია, როგორი პიროვნება ვიქნებოდი საქართველოში დარჩენის შემთხვევაში.

რაც შეეხება მეორე გადაწყვეტილებას, ბოლო კურსზე რომ ვიყავი, უნივერსიტეტში შემომთავაზეს, დაფინანსებით, ჩინეთში წასვლა და იქ ერთი სემესტრით სწავლა. ვაპირებდი ჯერ ჩინეთში წასვლასა და შემდეგ საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ რატომღაც, არჩევანი საფინანსო კომპანია Goldman Sachs-ში ჩემი CV-ს გაგზავნაზე გავაკეთე და უარი ვთქვი ჩინეთში წასვლაზე. ამის შემდეგ, ამერიკაში ვიცხოვრე, დამატებით, 5 წელი და უამრავი მეგობარი  და გამოცდილება შევიძინე.

მზადება კარიერული წინსვლისთვის
მეორე კურსიდან დავიწყე მუშაობა; ჯერ უნივერსტეტში სხვა სტუდენტებს მათემატიკასა და ბიზნეს კლასებში ვამეცადინებდი და შემდეგ ამიყვანეს მათემატიკის მასწავლებლად სტარტაპ კომპანიაში რომელსაც – Acerplacer ერქვა. ძალიან მომწონდა ჩემი სამუშაო, მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე, ჩემი პროფესიით მემუშავა. ბევრი ძიების შემდეგ, გადავწყვიტე Goldman Sachs-ში (GS) ჩემი CV-ს გაგზავნა. GS-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოფისი აქვს Salt Lake City-ში (იუტას დედაქალაქში). ორი ინტერვიუს შემდეგ ამიყვანეს ანალიტიკოსად. The Goldman Sachs Group არის ამერიკული მულტინაციონალური საფინანსო კომპანია, რომელიც ახორციელებს საინვესტიციო-საბანკო, ინვესტიციის მენეჯმენტის, ფასიანი ქაღალდებისა და აქტივების მენეჯმენტის მომსახურებას, ასევე, ქონების შეძენისა და გაერთიანების რჩევებს, სამაკლერო მომსახურებასა და სადაზღვევო სერვისს.

The Goldman Sachs Group – მოტივაცია და გამოცდილება
თავიდან GS-ში მუშაობამ ცოტა დამთრგუნა, რადგან ჩემ გარშემო ყველა გამორჩეულად მოტივირებული და ჭკვიანი იყო; მეგონა, გამიჭირდებოდა თავის გამოჩენა.

თუმცა თავიდანვე, მეც ძალიან მონდომებული ვიყავი, ყოველდღე ახალ გამოცდილებას ვიღებდი და წარმატებისათვის ვიბრძოდი. GS-ში შრომისმოყვარე და მოტივირებულ ხალხს, რომლებსაც ლიდერობის თვისებებიც გააჩნიათ, ყოველთვის აფასებდნენ და მეც, შესაბამისად, ყოველ წელს მაწინაურებდნენ.

მესამე წელს კი NYC – ში გადამიყვანეს და ჩემი ჯგუფის მენეჯერად დამნიშნეს. ამ პოზიციაზე მევალებოდა ანალიტიკოსების ჯგუფის მართვა, მათი ყოველდღიური ფუნქციების განაწილება და ძირითადი რისკების განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იყო ჯგუფის მიერ შესრულებულ დავალებებთან. ამ როლში, ასევე, მევალებოდა პროექტების მართვა – სხვადასხვა დეპარტამენტს ვუძღვებოდი, ინდუსტრიის მასშტაბებით, ინიციატივებში.

საერთო ჯამში, GS-მა მასწავლა ნებისმიერი თანამდებობისა და ეროვნების ხალხთან ურთიერთობა, ჩამომიყალიბა ძალიან კარგი მუშაობის ეთიკა, განსაკუთრებით, სტრესულ გარემოში. ასევე, ვისწავლე, რომ თუ გინდა, იყო წარმატებული პროექტების მენეჯერი, უნდა იცოდე, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად აზროვნებს და ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში 15 წელი ცხოვრობდა, საკუთარ სამშობლოდ და სახლად მაინც საქართველო მიაჩნდა, ამიტომ დაბრუნება და კარიერის აქ გაგრძელება გეგმაში სულ ჰქონდა.

„ეს გადაწყვეტილება მარტოს არ მიმიღია, ჩემს ამერიკელ შეყვარებულთან – ტონისთან ერთად გადავწყვიტე, რომელიც, ასევე, GS-ში მუშაობდა. მანაც ჩემსავით დაანება სამსახურს თავი და ჩვენ ერთად ჩამოვედით საქართველოში. მარტოს, ამ გადაწყვეტილების მიღება, გამიჭირდებოდა“.

 

M: როგორ აპირებთ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში რეალიზებას?
ჩემი დის, ელენეს ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ორგანიზაცია CSE-საზოგადოებრივი თანასწორობის ცენტრი, ოფიციალურად, დაფუძნდა 2017 წლის თებერვალში, რომლის მიზანია საქართველოში თანასწორი გარემოს, პირობებისა და შესაძლებლობების განვითარება და ხელშეწყობა. ოჯახში ძალადობისა და გენდერული დისკრიმინაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და მსხვერპლთათვის პრაქტიკული და გრძელვადიანი რეაბილიტაციის უზრუნველყოფა. საქართველოში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ორგანიზაციის დაარსებაში ჩემი წვლილის შეტანა იყო. ამჯერად, მე CSE-ის Director of Development ვარ და მევალება მოხალისეების დაინტერესება, საქველმოქმედო ღონისძიებების დაგეგმვა და სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობა რესურსებისა და ფინანსების მოსაძიებლად.

ჰობი
ძალიან მიყვარს მოგზაურობა. გადატვირთული განრიგის მიუხედავად, ყოველ წელს ვმოგზაურობ უცხოეთში. მე და ტონის ძალიან გვიყვარს, საკუთარი ძალებით, უნიკალური და განსხვავებული Trip-ების დაგეგმვა. ერთად უკვე 16 ქვეყანა გვაქვს მოვლილი და კიდევ ბევრი გვაქვს დაგეგმილი. NYC-ში ცხოვრებისას, ძალიან შემიყვარდა იოგა, რომელიც სტრესულ რეჟიმზე გამკლავებისთვის საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდა. Utah-ში ზამთარში, ყოველ შაბათ-კვირას ვსრიალებდით და ზაფხულში, მთებში ლაშქრობებზე დავდიოდით. მინდა, რომ აქაც გავაგრძელო და მოვიარო საქართველოს ყველა კუთხე“.


M: რა განაპირობებს პროფესიული თუ პიროვნული განვითარებით კმაყოფილებას და რა არის ამისთვის საჭირო
?

ჩემი აზრით, ადამიანებს უნდა შეეძლოთ დამოუკიდებლად ბედნიერების მიღწევა. ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს საკუთარ ცხოვრებაზე და არ უნდა იყო სხვაზე დამოკიდებული, ოჯახზეც კი. რაც შეეხება პროფესიულ განვითარებას, ჩემი აზრით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ გაინტერესებდეს ის სფერო, სადაც მუშაობ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, იყო მოტივირებული, რომ მეტი ისწავლო და  გაიზარდო პროფესიული თვალსაზრისით. სამსახურის დაწყებამდე, ყოველთვის ვამოწმებ, რა პერსპექტივას მოიტანს მომავალში აღნიშნული პოზიცია, შეიძლება, დაბალი საფეხურიდან დაიწყო, მაგრამ იცოდე, რომ მონდომების შემთხვევაში, გაქვს განვითარებისა და წინსვლის საშუალება – “Dreams Don’t Work Unless You Do…“


ქართული წარმოების ახალი ყავა „მონდო” საექსპორტოდ ემზადება

საქართველოს ეროვნული ბანკი და მაიქროსოფთ საქართველო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ