in

ორგანიზაციული კულტურა ვირუსის დროს და ვირუსის შემდეგ – ნინო მაისურაძე

M2
M2

როგორ შევინარჩუნოთ ორგანიზაციული კულტურა დისტანციური მუშაობის პირობებში? – COVID-19-ის დროს წარმოქმნილი გამოწვევების შესახებ, პროფესიულ გამოცდილებას, რჩევებსა და პროგნოზს ნინო მაისურაძე, Adjarabet-ის ორგანიზაციული განვითარების დირექტორი გვიზიარებს:

ცხოვრება ვირუსის დროს და ვირუსის შემდეგ
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით, არ არსებობს რაიმე ხელმოსაჭიდი მტკიცებულება, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება და ჩვეული ცხოვრების გაგრძელებას შევძლებთ, მაინც დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ძალიან მალე მოხდება და ჩვენც ვირუსის შემდეგ ცხოვრებაზე დავფიქრდით.

ორგანიზაციული განვითარების სამსახური რამდენიმე ბიზნეს მიმართულებას აერთიანებს, ესენია: ადამიანური რესურსების მართვა, ბიზნეს პროცესების მართვა, შესყიდვები, ლოგისტიკა და შრომის უსაფრთხოება. შესაბამისად, ყოველი ჩვენგანი მიმდინარე პროცესებში აქტიურად იყო ჩართული. ინფორმაციულ ტექნოლოგიებისა და კლიენტთა ოპერაციების მართვის მიმართულებებთან ერთად, დაუყოვნებლივ გადავდგით აუცილებელი ნაბიჯები და ძალიან სწრაფად მოვახდინეთ თანამშრომელთა დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის გეგმის შემუშავება. 

იზოლაციაში მუშაობამ, კიდევ ერთი რამ დააჩქარა, ის, რისიც ასე ძალიან ეშინოდა ბევრ კომპანიას: მოქნილი სამუშაო გრაფიკი, სახლიდან მუშაობის გამოცდილება – თითქოს აქამდე წარმოუდგენელ და საშიშ სიტყვებად ჟღერდა და დღეს, ისეთივე ჩვეულებრივია, როგორიც მაგალითად დასწრება/დაგვიანების სისტემის არსებობა და სამსახურის ყოველდღიურობასთან დაკავშირებული სხვადასხვა წესები.ჩვენ ამ მოვლენებს 6 თვით გავასწარით და ჯერ კიდევ, გასული წლის შემოდგომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, სამუშაო საათები მეტად მოქნილი ყოფილიყო და თუ ის საერთოდ არ იარსებებდა, შესაბამისად, სამსახურში დაგვიანებაც არ იქნებოდა სანერვიულო საქმე. თუმცა მაშინ ამ გადაწყვეტილების მიღება ასეთი მარტივი არ იყო. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ბევრი შეხვედრა, განხილვა და დებატები. უამრავი აზრი, თეორია და შიში გამოიკვეთა, მაშინ ეს შიში ერთად გადავლახეთ, ვენდეთ, გავრისკეთ და შედეგებმაც არ დააყოვნა, მოქნილმა სამუშაო გრაფიკმა, არა მხოლოდ გაზარდა თანამშრომელთა ჩართულობის კოეფიციენტი, არამედ სამუშაო შესრულების კოეფიციენტზეც დადებითად იმოქმედა.

ამ ამბიდან არცთუ ისე დიდ დროში, სახლიდან მუშაობის გამოწვევის წინაშე დავდექით და აღმოჩნდა, რომ დისტანციურ შეხვედრებზე აღარ ვაგვიანებთ და როგორც წესი, განსაზღვრულ რეგლამენტში ზუსტად ვსხდებით. იმასაც მივხვდით, რომ პირველადი გასაუბრებების “Zoom-ით” ჩატარება ნებისმიერ დროს, კარგი იდეაა, რადგან შენ, დროსთან ერთად, აპლიკანტის დროსაც ზოგავ. მივხვდით იმასაც, რომ უკეთ შეგვიძლია ამა თუ იმ საკითხის დელეგირება და უკუკავშირის გაცემა, თუ მიღება უფრო მარტივია

ჩვენ არ შევაჩერეთ კვარტალური გეგმების ჩამოყალიბებისა და ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) შეფასების პროცესები, რომელიც თავის მხრივ, ძალიან კარგ საშუალებას იძლევა, შენარჩუნდეს პროდუქტიულობა და თითოეულ თანამშრომელს ზუსტად ესმოდეს, რა მოლოდინები აქვს კომპანიას კონკრეტულად მისგან

მოკლედ რომ ვთქვათ, ვირუსმა, რომელმაც მთელი მსოფლიო სახლში გამოკეტა, იმის საშუალება მოგვცა, რომ წუთით შევჩერებულიყავით და ფიქრი ისეთ რაღაცებზე დაგვეწყო, რაც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურობაში ჩართულებს, ამისათვის დრო არ გვქონია. 

დავუბრუნდებით, თუ არა ჩვეულ ცხოვრებას ვირუსის შემდეგ? – რა თქმა უნდა, ვეღარ, რადგან ძველი ჩვეულებები ისევე სანდოდ აღარ გამოიყურება, როგორც ადრე. ჩვენ უკვე შევიძინეთ იმის გამოცდილება, რომ კვარტალურ ანგარიშებს არაფორმალური ჩაცმულობითაც მშვენივრად ვამზადებთ, ვიღებთ და გავცემთ უკუკავშირს, რომელიც უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე, მივხვდით, რომ თანამშრომელთა შეკრების (Town-hall) წარმატებით ჩატარებაც კი შესაძლებელია, რომელზეც დირექტორთა საბჭო საკუთარი სახლებიდან გვიზიარებს მიმდინარე ვითარებას და სამომავლო გეგმებს.

რჩევები დისტანციური მუშაობისათვის

  1. გაუზიარეთ თქვენს გუნდს, რა პრინციპებით იმოქმედებთ დისტანციური მუშაობისას. გადაამოწმეთ, რომ თითოეულ მათგანს სწორად ესმის კომპანიის მიერ შემუშავებული მიდგომა;
  2. დასახეთ მკაფიო მოლოდინები თანამშრომლების პროდუქტიულობაზე. დარწმუნდით, რომ თქვენი გუნდის თითოეული წევრი აცნობიერებს მის მიმართ გამოცხადებულ ნდობას. მიეცით გუნდის წევრებს პრობლემების გაზიარების საშუალება;
  3. რეგულარული კომუნიკაცია მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამოცანების კოორდინირებულად შესრულება უზრუნველყოთ, ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარება და სოციალური, თუ პროფესიული იზოლაციის შემცირება. აუცილებლად გამოიყენეთ ვიდეოკონფერენცია, ეს აუცილებელია თქვენი გუნდის ინტერპერსონალური კავშირების შესანარჩუნებლად, შესაბამისად, მხოლოდ ჩატი და სატელეფონო ზარები არ არის საკმარისი;
  4. გადაწყვიტეთ და გააცანით გეგმა თანამშრომლებს, თუ როგორ დაუკავშირდება გუნდი ერთმანეთს და რა არხებით მოხდება შეხვედრები, მუდმივი კომუნიკაცია, თუ ყოველდღიური მიმოხილვა (Slack, Skype, Zoom, etc.);
  5. დაუტოვეთ თანამშრომლებს პირადი დრო და ხელი შეუწყვეთ მათ პირადი და პროფესიული დროის მართვაში.

ქართულმა ინდი-თამაშმა “Medulla Game” Indigo Awards-ზე 3 ოქრო და 1 ვერცხლი მოიგო

ამერიკული რესტორნები მომხმარებლებს თავიანთ ფლეილისტებსა და ინტერიერის ფონებს ვირტუალურად სთავაზობენ