in

გოგონა, რომელსაც ბედნიერება ასწავლეს – სულ სხვანაირი ნინო მასურაშვილი

“იფიქრე დედოფალივით. დედოფალს შეცდომების არ ეშინია.” /ოპრა უინფრი/

შეხვედრა ერთ ღრუბლიან შაბათს, ლაბისთვის დამახასიათებელი კენიურ-ეთიოპიური ყავის ატმოსფეროში დავთქვით. ინტერვიუს დაწყებიდანვე და მომდევნო სამი საათის განმავლობაში, არ მტოვებდა განცდა, რომ დიდი ხნის მეგობარი მესაუბრებოდა. ჩემ წინ იჯდა, ერთი მხრივ, ძალიან ძლიერი ქალი, რომელსაც თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილედ და რისკების მართვის დირექტორად ვიცნობთ და საბანკო სფეროში, მის ხელში მთელმა ეპოქამ გამოიარა, მეორე მხრივ კი, შთაბეჭდილებებით სავსე პატარა გოგონა, რომელმაც ყველაზე სასარგებლო ცხოვრებისეული რჩევა ზღაპარში ამოიკითხა და რომლის გზაც სავსეა ამბებით სიყვარულზე, მეგობრობასა და მადლიერებაზე. მაშ ასე, დაივიწყეთ ყველა ციტატა, რაც ბედნიერებაზე, ცნობისმოყვარეობასა და თავდაჯერებულობაზე გსმენიათ – დღეს, “სხვა” ნინო მასურაშვილზე უნდა გიამბოთ.

“ბებიაჩემმა მასწავლა და ძალიან პატარა ასაკიდან ვაცხობდი ტორტებს, ტარტალეტკებს. Burda-ს ჟურნალები მიყვარდა, ყველაფრის თარგს ვპოულობდი, თან ძალიან მარტივს და იმის მიხედვით ვიკერავდი საკუთარ ტანსაცმელს. ძალიან ვიყავი ამ ყველაფრით გატაცებული – ნაჭრები უხვად იყიდებოდა და მეც სულ ვკერავდი. ქსოვა მიყვარდა და ჩემივე ნაქსოვები მეცვა ხშირად. მახსოვს, ერთი ისეთი ლამაზი და ჭრელი მანტო მოვქსოვე, რომ ძალიან დიდხანს მეცვა და ცოტა ხნის წინ, მეგობარმა იჩუქა.”

M: როგორი ბავშვობა ჰქონდა ნინო მასურაშვილს?

პირველი შვილი და პირველი შვილიშვილი ვიყავი ოჯახში. ალბათ, ამიტომ, ყველა შემომციცინებდა – დეიდებიც, ბებიებიც, მათი დებიც. აბსოლუტურ ყურადღების ცენტრში ვიყავი – ყველა მაქებდა, აი, ნინიკომ ეს გააკეთა, აი, როგორი ბავშვია… ამან ჩამინერგა ძალიან დიდი თავდაჯერებულობა და გამბედაობა, ყველა კუთხით, არც გარისკვაზე ვიხევ უკან. ამ თვისებებზე რომ ვფიქრობ ხოლმე, მგონია, ბავშვობიდან მოდის ეს ყველაფერი. საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, სულ მცირე, სკოლაში წასვლამდე, შთაგონებული ვიყავი, რომ მე ვარ ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე კეთილი, ყველაზე, ყველაზე, ყველაზე… ეს გრძნობა ბავშვობიდან სულ მახსოვს და ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, ნუკის, რუსიკოს, თამრიკოს, სერგოს, ლიკას, ნინოს, ციცოს და იმ ადამიანების, რომლებმაც ამხელა სიყვარული მაჩუქეს.

ჩემი ბავშვობა ომის პერიოდს დაემთხვა, იმ გაჭირვებას, უშუქობას, პურის რიგებს… ახლა რომ ვიხსენებ, როგორ აისახა ყოველივე ეს ჩემზე – უარყოფითს ვერ ვიხსენებ. ჩემი მშობლების დამსახურებით, ამ წლებმა ძალიან მსუბუქად ჩაიარა.

M: კიდევ, რისი კეთება გიყვარდათ?

მარჯვნივ – ნინო მასურაშვილი

ძალიან მიყვარდა კითხვა. არ ვიცი, რა რაოდენობის წიგნები მაქვს წაკითხული. ეს, ალბათ, დედაჩემის დამსახურებაა, რადგან ძალიან ბევრ წიგნს ყიდულობდა. თან, მაშინ ასე მარტივი არ იყო წიგნების შეძენა. მისი მეგობარი მუშაობდა ისეთ უწყებაში, სადაც წიგნების ყიდვა მისთვის ხელმისაწვდომი იყო და ამ მეგობრის დახმარებით ყიდულობდა. ახლაც კარგად მახსოვს დედაჩემი, ძალიან ბევრი წიგნებით ხელში რომ ბრუნდებოდა სახლში და ასე დააგროვა ძალიან დიდი ბიბლიოთეკა. მაშინ, ქართულენოვანი ლიტერატურა მწირი იყო, ამიტომ ძირითადად, რუსულ ენაზე გვქონდა წიგნები. მეც სულ ვკითხულობდი და ამიტომ, რუსული ძალიან კარგად ვიცოდი.

ცოტა რომ წამოვიზარდე, ინგლისურიდან ვთარგმნიდი და მოსწავლეებსაც ვამზადებდი, ჩემი შემოსავალი რომ მქონოდა. მუდმივად რაღაცას ვაკეთებდი.

M: ყველაზე მნიშნელოვანი მაგალითი, რაც ბავშვობამ გასწავლათ…

რაც ბავშვობიდან მინერგავდნენ ჩემი მშობლები, ვფიქრობ, არის დამოუკიდებლობა. არასოდეს არც ჩემთვის და ჩემი ძმისთვის არ შეუმოწმებიათ და უკონტროლებიათ გაკვეთილების მომზადება. ნდობა, რწმენა და თავისუფლება გვქონდა დიდი დოზით. იმდენად ლაღად  ვაკეთებდი, რაც მინდოდა, რომ ეს ძალიან მადგება ახლა, რადგან ძალიან თავისუფლად ვიღებ გადაწყვეტილებას. ვცდილობ, ჩემს შვილებსაც ვასწავლო ეს – შენ თუ არ მიხედე საკუთარ თავს, სხვა ვინ მოგხედავს.

ალბათ, ეს პოზიტიური აზროვნება მაინც ბავშვობიდან მომყვება. მახსოვს, თინათინ რუხაძესთან ვიყავი ტრენინგზე და იქ აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. მე მაინც ბავშვობას „ვაბრალებ“ ამ ჩანერგილ ბედნიერებას. შეიძლება ძალიან გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ საერთოდ არაფერი მახსენდება ცუდად.

ცნობისმოყვარეობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. ესაა ყველაფრის საწყისი, საიდანაც ვფიქრობ, მოდის კიდეც ყველაფერი.

M: პროფესია როგორ აირჩიეთ?

ძალიან მაინტერესებდა სამედიცინო სფერო. იმდენად, რომ ვიღებდი სამედიცინო ენციკლოპედიებს, რომლებიცრუსულ ენაზე იყო გამოცემული, ვარჩევდი დაავადებებს, ვთარგმნიდი და ქართულად ვწერდი თემებს. მაგალითად, მახსოვს, სისხლზე მაქვს დაწერილი დიდი თემა, გასტრიტზე… მე-7-8 კლასელი ვიყავი მაგ დროს. შემდეგ, როდესაც უმაღლესში ჩაბარებაზე დავფიქრდი, აღმოვაჩინე, რომ სამედიცინოზე მოსახვედრად მომზადება ძალიან ძვირი ჯდებოდა და თვითონ, უნივერსიტეტში მოხვედრაც ძნელი იყო. ზოგადად, ძალიან პრაქტიკული გონება მაქვს და როგორც ჩანს, ამ თვისებამ გადაწონა და ჩავაბარე საინჟინრო ეკონომიკურზე, რაც მამაჩემის სპეციალობა იყო.

ვაკეში ვცხოვრობდი, 55-ე სკოლასთან და უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, მაღლივში ფეხით დავდიოდი. ეს დროც კი სახალისოდ მახსენდება. უბედნიერესი წლები გავატარე, ჩემს ჯგუფელებთან და კურსელებთან ერთად. ჩემი მეგობრები სწავლობდნენ ფიზიკურზე და მაღლივიდან ჩავდიოდით მე-2 კორპუსთან, ვიკრიბებოდით უნივერსიტეტის ეზოში, ვერთობოდით და ვხალისობდით. თუმცა, იქ არაფერი მისწავლია, იმის მიუხედავად, რომ წითელი დიპლომი ავიღე – იქ რა ეკონომიკასაც გვასწავლიდნენ, იყო სასაცილო. სამაგიეროდ, იქ ვისწავლე ადამიანობა, მეგობრობა და ძალიან კარგად დამამახსოვრდა ეგ პერიოდი.

M: პირველი სამსახური…

შემდეგ, როდესაც დავამთავრე, სადღაც ხომ უნდა დამეწყო მუშაობა. მამაჩემის მეგობარი, რომელიც „თბილკომბანკში“ მუშაობდა, დამეხმარა და ინტერვიუ დამინიშნა „თბილკომბანკის“ დირექტორთან. ძალიან კარგად მახსოვს, მასთან გასაუბრებაზე სანამ შევიდოდი, თანამშრომლებთან ერთად ვიჯექი, რომლებიც ყავას ადუღებდნენ. არ ვიცი, მე გამოვიჩინე ინიციატივა, მოვადუღებ-მეთქი თუ თვითონ მთხოვეს, „მინუტკა“ რომ შევაერთე დენის წყაროში, აფეთქდა და შუქი წავიდა მთელ „თბილკომბანკში“… შემდეგ, დირექტორიც გამესაუბრა, ალბათ მოვეწონე და ამიყვანა, რისთვისაც დიდი მადლობა მას. თავიდან, საკრედიტო ექსპერტი ვიყავი, სესხების გაცემაზე ვმუშაობდი.

1996 წელს, ბანკი სულ სხვა სამყარო იყო, Norton-ში ვმუშაობდით, წარმოიდგინეთ, შავ-თეთრ და ლურჯ-ყვითელ ინტერფეისში რომ უნდა აგვეკრიფა ბრძანებები.

შემდეგ, ძალიან მალე გადავინაცვლე სხვა მიმართულებაზე. აქ უკვე, ჩემს ფუნქციებში დაგეგმვა და კონტროლი შედიოდა – ბანკში (და არამარტო) ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაგეგმვას, იმისთვის, რომ ხედვა გქონდეს რას უნდა ელოდო მოკლე და უფრო გრძელ პერიოდში. მაგალითად, კონკრეტულ წელს რა მოცულობის სესხს გავცემთ, რა მოცულობის დეპოზიდებს მოვიზიდავთ, რა შემოსავალზე/მოგებაზე გავალთ…

M: გაიხსენეთ, რამ მოახდინა თქვენზე დიდი შთაბეჭდილება…

„თბილკომბანკში“ ვმუშაობდი, “შერატონი“ რომ გაიხსნა პირველად თბილისში. მახსოვს, როგორი გაოცებული ვიყავი, პირველად რომ აღმოვჩნდი „შერატონში“. ახალი გახსნილი იყო და მსგავსი არაფერი მენახა, არც საქართველოში და საზღვარგარეთ კიდევ, როგორ ვნახავდი, იმ წლებში. არ მავიწყდება ის შთაბეჭდილება – ის მუსიკა, განათება, სიმშვიდე, შუშის ლიფტი, ცხელი წყალი, ტუალეტები… მაშინ, ამერიკელები აფინანსებდნენ „საბანკო აკადემიას“, რაც ბანკირების ტრენინგებს მოიცავდა. მახსოვს, ერთ-ერთ ასეთ სემინარზე მოვხვდი „შერატონში“ და მაგ დღეს ვნახე პირველად უცხოელი. საოცარი შთაბეჭდილება იყო. ბანკში ყველა ახალგაზრდები ვიყავით, საკმაოდ პატარები, თვითონ ჩვენი დირექტორიც 25 წლის თუ იქნებოდა. ამერიკელი ლექტორები კიდევ, მოხუცები. ეს იყო წარუშლელი შთაბეჭდილება. ამ ხალხმა დაგვანახა, რამდენად საინტერესოა საბანკო სექტორი.


M: ყველაზე სასარგებლო რჩევა, რაც მიგიღიათ…

რჩევა ზღაპრიდან მივიღე . თურქეთში ვიყავით და ჩემი შვილისთვის წავიღე ზღაპრების წიგნი, ძილის წინ რომ წამეკითხა.

ეს იყო საოცარი ზღაპარი კაცზე, რომელიც ოჯახის უკიდურესი სიღარიბიდან დახსნის მიზნით, გაემგზავრა და მეფის კარზე იმსახურა სამ წელიწადს. როდესაც სახლში დაბრუნება გადაწყვიტა, მეფემ უთხრა, რომ შეეძლო აერჩია სიმდიდრე ან თითო ნამსახურები წლისთვის, თითო რჩევას მისცემდა. კაცმა რჩევა აირჩია.

მეფემ ურჩია: 1. არავის ნათქვამი არ დაიჯერო, თუ შენ თვითონ არ ნახავო. 2. სანამ შენი ყურით არ მოისმენ ამბავს, არ მიიღო სიმართლედო. 3. ისეთ რამეს ხელი არ მოკიდო, რასაც იცი, რომ ვერ გააკეთებო. ამ ზღაპარმა იმხელა გავლენა იქონია ჩემზე, რომ მას მერე, ერთი რომ – სულ ვიყენებ და მეორე, როდესაც კი რაიმე შანსი მაქვს, ყოველთვის ვუყვები სხვებს.


M: თიბისიში როგორ აღმოჩნდით?

ბევრი წლის წინ, დეიდაჩემმა რეკომენდაცია გამიწია თიბისის დირექტორთან. უამბო როგორი განსაკუთრებულად მონდომებული ადამიანი ვიყავი. მაშინ, თიბისი ძალიან პატარა იყო. დამიბარეს გასაუბრებაზე, ჯერ HR-ს ვესაუბრე, შემდეგ მითხრეს, გენერალურ დირექტორთან გექნება ინტერვიუო.

არ ვიცი, რამ მომაფიქრა, მაგრამ უშუალოდ გასაუბრების დღეს გადავწყვიტე თმის პირველად შეღებვა, თან ჩემით მინდოდა გამეკეთებინა და თან – ხნით. თმა გამოვიდა ძალიან ჟღალი. ინტერვიუ ახლოვდებოდა და ვერც მოვასწრებდი სიტუაციის გამოსწორებას. თან მაშინ ამდენი სალონი არ იყო. ასე წავედი გასაუბრებაზე, წითელი თმით.

„თბილკომბანკში“ უკვე მქონდა გამოცდილება დაგროვილი და თიბისიში დაგეგმვის სამსახურის მენეჯერად ამიყვანეს. თიბისის სულ პირველი ოფისი ბორჯომში ჰქონდა, თუმცა, მე რომ მუშაობა დავიწყე, თბილისის პირველ ოფისში მოვხვდი, ჭავჭავაძის 11-ში.


შემდეგ, დაგეგმვის სამსახურში ვიყავი. იმ დროს, პირველად დავიწყეთ სტრატეგიული დაგეგმვა – ვმსჯელობდით, როგორ უნდა განვავითაროთ ბანკი. ამ ყველაფერზე ძალიან ცოტა რამ ვიცოდით და გზადაგზა ვსწავლობდით. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან ყოველთვის ყველა სიახლის ეპიცენტრში ვიყავი. თავიდანვე ისეთ საოცარ ადამიანებთან ვისხედით, როგორიცაა ვახო ბუცხრიკიძე, პაატა ღაძაძე და ვმსჯელობდით, რამდენი ფილიალი უნდა ჰქონოდა ბანკს, რა პროდუქტები და რა პროექტები გაგვეკეთებინა.


M: ხშირად ახსენებთ ცნობისმოყვარეობას. როგორ დაგეხმარათ ეს თიბისის გზის გაკვალვაში?

თიბისი იყო და არის ადგილი, სადაც გავიზარდე და უზარმაზარი შესაძლებლობები იყო და არის. მე არც საოცარი MBA დამიმთავრებია სადმე, ყველანაირი ცოდნა კონფერენციებზე მონაწილეობით, ცნობისმოყვარეობით და გახსნილი თვალებითა და გონებით მოვიდა. საზღვარგარეთ რომ მივდიოდი კონფერენციებზე, ყველა მეხუმრებოდა, რადგან ჩამოვდიოდი უზარმაზარი ჩანაწერებით – გამომსვლელების საუბრის დროს მომდიოდა იდეები და ვიწერდი.

თიბისი, თავიდან, უფრო ბიზნეს სექტორზე კონცენტრირდებოდა – კორპორატიული ბანკი იყო. 2006-2007 წლებში ეს სტრატეგია შევცვალეთ და ფიზიკური პირების მომსახურებაზე ფოკუსი გავზარდეთ. აქ, გაყიდვების განვითარება იყო საჭირო, რომლის ხელმძღვანელობაც ჩავიბარე. მაშინ დავაფუძნეთ პირველი ქოლ-ცენტრი და მახსოვს, პირველად რომ გავაკეთეთ მარკეტინგული კამპანია, მომხმარებლებს რომ ვურეკავდით და ვთავაზობდით დეპოზიტის გახსნას, ძალიან უცხოდ ჟღერდა და აღიქმებოდა ეს ყველაფერი. მახსოვს, ბანკომატებთან დავაყენეთ ახალგაზრდები, ვუყიდეთ ქურთუკები, საახალწლო ბურთები დავურიგეთ და მომხმარებლები რომ მოდიოდნენ, ამ ბურთებს სჩუქნიდნენ და თან პროდუქტებს სთავაზობდნენ. ამ პროცესში ვისწავლეთ მე და ჩემმა გუნდმა ყველაფერი, რა და როგორ უნდა გვეკეთებინა. ეს იყო ჩვენი ცნობისმოყვარეობისა და ჩვენი დირექტორის, ვახო ბუცხრიკიძის დამსახურება, რომელიც გვენდობოდა და გვაძლევდა თავისუფლებას, გვეკეთებინა ის, რასაც მივიჩნევდით საჭიროდ.

M: ჩვენ, ჯერ კიდევ, იმ წლებზე ვსაუბრობთ, როდესაც პროცესში სწავლობდით. როგორ განსაზღვრავდით, რა მიმართულება უნდა დაგემატებინათ ბანკში?

განვითარებაში ძალიან დაგვეხმარა ორგანიზაცია EFMA, რომელიც საერთაშორისო ბანკებს აერთიანებს და სულ აწყობდნენ ტრენინგებსა და კონფერენციებს. ხშირად მივდიოდით თანამშრომლები სხვადასხვა მიმართულებებიდან და ვიგებდით, რა ხდებოდა საერთაშორისო ასპარეზზე, ვნახულობდით სხვა ბანკებს რა გამოწვევები და მიმართულებები ჰქონდათ. მახსოვს, ერთხელ, ადრეულ პერიოდში ვახომ ამერიკაში გაგვიშვა და იქაური ბანკები დავიარეთ, დავათვალიერეთ. აღფრთოვანებით და დიდი ინტერესით ვაკვირდებოდით, ვის რა პროდუქტი ჰქონდა. ეს ძალიან დიდი ევოლუციის პერიოდი იყო. საკონსულტაციო კომპანია „სენტეოსთან“ ერთად, ბანკი ვაქციეთ გამჭვირვალე სივრცედ. მახსოვს, განვადება რომ დაინერგა და საყოფაცხოვრებო ნივთები ამ გზით გახდა ხელმისაწვდომი, რამხელა რიგები იდგა ფილიალებში.

თიბისის ფიზიკური პირების ბიზნესის მიმართულება, რასაც Retail Banking ვეძახით, დღეს რასაც წარმოადგენს, ჩვენი ერთობლივი დიდი მუშაობის შედეგია, გაკეთებული ჩემი გუნდის წევრების დიდი დამსახურებით, ყველაფერმა ჩვენს ხელში გაიარაესაა ჩვენი სიამაყე. თიბისიში ყოველთვის განვითარებაზე ორიენტირებულები ვიყავით, ჩვენს კონსულტანტებს ყოველთვის უკვირდათ, რამდენად ყოველთვის ღია ვიყავით ახალი იდეების, განვითარების მიმართ. სად არ ვართ ნამყოფი, რომ გვესწავლა და გაგვეგო, რა და როგორ კეთდება.

M: ხშირად გადაგიდგამთ ექსპერიმენტული ნაბიჯი. თუ გახსოვთ მომენტი, როცა არ იცოდით, პროექტი გაამართლებდა თუ არა?

„უნდა გაამართლოს“ – ამ აზრით ვაკეთებდით ყველაფერს. იყო, რასაკვირველია, რაღაცები, რამაც არ გაამართლა, მაგრამ თიბისის კულტურაში ასეცაა, რომ თუ არ გაამართლა – ისწავლე და გააგრძელე გზა.

საქმე რომ გამოიყვანო, ამისათვის ძალიან უნდა დაიხარჯო – დრო, ენერგია, აზროვნება, კითხვა. მაქსიმალურად უნდა ისწავლო პროცესში, შეეკითხო აზრი გუნდის წევრებს. რაღაცას რომ მოიფიქრებ, ის იდეა გიყვარდება და სუბიექტურობისგან რომ დაიცვა თავი, უნდა მიიღო სხვების აზრი.


“18 წლის წინ, თიბისიში დაგეგმვის განყოფილების თანამშრომლად მოვედი, შემდეგ მისი ხელმძღვანელი გავხდი, ამის მერე გაყიდვების განყოფილება ჩავიბარე და შემდეგ, 2006 წელს, დავინიშნე დირექტორად, 30-31 წლის ვიქნებოდი და მას შემდეგ, 14 წელია, ვარ დირექტორი. ამ დროის უმეტესი ნაწილი გავატარე რითეილის განვითარებაში. რისკებში ცოტა ხნის წინ გადმოვედი, რადგან განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობა დავინახე.”


M: როგორი ხელმძღვანელი ხართ?

როგორც ხელმძღვანელი, ძალიან შეცვლილი ვარ. ადრე ძალიან მომთხოვნი ვიყავი, მაგრამ მეც იმ ადამიანებთან ერთად ვდებდი სულსა და გულს და ვფიქრობ, ამ ყველაფერმა ჩემი გუნდის წევრები განავითარა. ახლა, მომთხოვნი ისევ ვარ, თუმცა ვფიქრობ, ბევრად ლმობიერი. ამ ცვლილებაზე ძალიან იმოქმედა გამოცდილების დაგროვებამ და სხვადასხვა სამოტივაციო  სპიკერების, მაგალითად, იშაკ ადიზეს, საიმონ სინეკის მოსმენამ. ესენი არიან სუპერსაინტერესო ადამიანები და ძალიან დიდი გავლენა იქონიეს ჩემზე.

M: სინეკი, ადიზე… რას გამოარჩევთ მათგან მიღებული გაკვეთილებიდან?

როცა რაიმეზე ვარ გაბრაზებული ან ცუდ განწყობაზე ვარ, ვცდილობ გადავხარშო, სინამდვილეში რა მოხდა, რა მაწუხებს. ისტორიის დეკომპოზიცია მეხმარება გააზრებაში. როცა მიზეზს ვიგებ, იმის გადაწყვეტა ბევრად მარტივდება.

როცა რაღაცაზე ვბრაზდები, ვისწავლე, რომ იმ მომენტში, არაფერი მოვიმოქმედო. მეორე-მესამე დღეს, დამშვიდებულ გონებაზე სულ სხვა პერსპექტივით ჩანს ყველაფერი და სხვანაირად აფასებ, რა მოქმედებები უნდა გადადგა. კიდევ, ვისწავლე – რაღაც რომ მოხდება და არ მომწონს, ვცდილობ, შევხედო 10 წლის პერსპექტივიდან – ეს დრო რომ გავა, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს ყველაფერი. თუკი, ადრე ბევრად ხისტი და ემოციური ვიყავი, ამ ხედვამ ძალიან შემცვალა.

M: რას გულისხმობთ ფრაზაში – “ყველა ადამიანი არის საკუთარი თავის პატრონი”?

ბევრი ადამიანის პრობლემაა, რომ საკმარის დროს არ ხარჯავს საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად. თუნდაც, ერთ-ერთი ამის მაგალითია, ინგლისურის ცოდნა, რაც სწავლაში, სიახლეების გაცნობაში გამოადგებათ. ძალიან დიდირესურსია ონლაინ სივრცეში, რომ ადამიანმა დამოუკიდებლად ისწავლოს რაღაც ახალი. თანაც, მნიშვნელოვანია, ადამიანი არასოდეს იყოს სრულად ვინმეზე დამოკიდებული.

პანდემიის დროს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანს შეუძლია აბსოლუტურად ყველაფერი. ამ ცხოვრებაში, ცნობისმოყვარეობასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია მოქნილობა. ყველაფერს ერგები, საბოლოო ჯამში, თუკი თვითგვემით არ დაკავდები, აუცილებლად ადაპტირდები.

ძალიან მიყვარს მარკეტინგული კამპანიასხვა“. პირველად რომ ვნახე, აღფრთოვანებული დავრჩი. გადაღებულია, როგორ აკეთებს სხვა, შენ მაგივრად, შენს საქმესსხვამ გააწყო ახალი წლის სუფრა, სხვამ მოიტანა ნაძვის ხე, სხვა დაჯდა შემდეგ შენს ოჯახთან ერთად და აღნიშნა ახალი წელი. სხვა ვერაფერს გააკეთებს შენ ნაცვლად. ჩვენში ძალიან არის გამჯდარი, რომ ყველა პასუხისმგებლობა სხვას ეკისრება, ყველაფერს სხვას ვაბრალებთ. უნდა გავიაზროთ, რომ შენ უნდა იზრუნო შენს თავზე და არ გქონდეს დიდი მოლოდინი სხვისგან. ასე თუ იქნება, შემდეგ პატარა რაღაცაც სხვისი მხრიდან ძალიან გაგახარებს.

M: ბევრი საქმიანი ქალის ცხოვრებაში დგას კარიერისა და პირადი ცხოვრების შეთავსების საკითხი. თქვენ შემთხვევაში როგორაა?

აქ პრიორიტეტების საკითხი დგება. მე, მაგალითად, ორი ძირითადი პრიორიტეტი მაქვს – სამსახური და ოჯახი. მეგობრებთან შეხვედრასაც საკმაოდ იშვიათად ვახერხებ. არც სპორტია ჩემს პრიორიტეტში. ყველაფერს ერთად ვერ გავაკეთებ. სამუშაო დღეებში, საქმეზე ვარ გადართული. ამ პანდემიის დროს, სახლიდან მუშაობამ მომცა ის, რომ ბავშვებს უფრო ხშირად ვხედავ. დასვენების დღეებს ყოველთვის ოჯახთან ერთად ვატარებ.

M: თქვენი აზრით, კარიერული წარმატებისთვის რა სჭირდება ადამიანს?

ინტერესი უნდა ჰქონდეს. ამას მოაქვს პროგრესი და ინოვაცია. ყოველთვის იგრძნობა, როცა ადამიანი გულს დებს საქმეშიყველა მენეჯერი ეძებს ასეთ ადამიანს. ასევე, ვფიქრობ, ადამიანმა საკუთარ თავზე არცერთ შემთხვევაში არ უნდა თქვას, რომ დემოტივირებულია. ჩაკეტილ წრეში მოექცევა და ეს მხოლოდ მასვე ავნებს. თუკი რაიმე მოხდა და განწყობა გაუფუჭდა, ეს უნდა დატოვოს წარსულში. თუკი რაიმე არ მოსწონს ადამიანს, აუცილებლად მოძებნოს ისეთი საქმე, რაც სიამოვნებას მიანიჭებს. როცა დასჭირდება, უნდა შეეძლოს რაღაცის ნულიდან შესწავლა.

M: ყველაზე მეტად, რით ამაყობთ?

ვამაყობ ჩემი ოჯახით. ასევე, იმით, რაც არის თიბისი ბანკი დღეს. ვამაყობ, რომ ამ ყველაფრის დიდი მონაწილე ვარ. ვამაყობ, რომ ჩვენს მობაილბანკის აპლიკაციას აქვს შეფასება 4.9. ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელიც ბიზნეს მიმართულებით მყავდა და იმ გუნდით, რომელიც ახლა მყავს, რისკებში. ძალიან მაგარ საქმეებს ვაკეთებთ ერთმანეთის ნდობითა და გვერდში დგომით.

M: პროტესტის შეგრძნებას რა გიჩენთ?

სუსტი ადამიანის დაჩაგვრას. ვერ ვეგუები ძლიერი რომ სუსტს ჩაგრავს. შეიძლება სიტყვით დაჩაგვრა იყოს, ხმის ტონში რომ გამოიხატება ხოლმე.

M: რას გააკეთებდით, მეტი დრო რომ გქონდეთ?

შევქმნიდი ისეთ მიმართულებას, რაც ბავშვებს და ახალგაზრდებს განვითარების შესაძლებლობას მისცემდა. ვფიქრობ, ამით შეგიძლია წვლილი შეიტანო და შეუქმნა სხვებს განვითარების შესაძლებლობა. სამსახურშიც სულ ვცდილობ, რომ წავახალისო უფრო მეტი წაიკითხონ, განვითარდნენ. ვფიქრობ, რაღაც პერიოდში, შევძლებ გადავცე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მათ, ვისაც ეს სჭირდება. მოვა დრო…

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

 


ფოტომასალა:

Forbes Georgia

ნინო მასურაშვილის პირადი ალბომი

ხატია ბუნიათიშვილი „კარტიეს“ სახე გახდა!

„თიბისი შენთვის“ – 100  ციფრული სტრატეგია 100 ბიზნესისთვის