in

ნინო ნატროშვილი – #პირველისამსახური

nino natroshvili

ამ გადმოსახედიდან ვიტყოდი, რომ ორი პირველი სამსახური მაქვს: ერთი, სადაც მუშაობა დავიწყე და მეორე, სადაც პირველი ანაზღაურება ავიღე.

ჩემი სამსახურობანა მაგისტრატურის დასრულების შემდეგ დაიწყო. მეგობრის რეკომენდაციით, საზოგადოებრივი რადიოს საინფორმაციო სამსახურში სტაჟიორად მოვხვდი. მაშინ ეს ჟურნალისტური კარიერის ძალიან გავრცელებული სტარტი იყო: მიდიოდი სტაჟიორად, მერე შტატგარეშე კორესპონდენტი ხდებოდი და მერე შეიძლება, შტატშიც ჩაესვი.

პირველი დიდი გამოწვევა პირველ პირდაპირ ჩართვას უკავშირდება. გულს ისეთი ბაგა-ბუგი ჰქონდა, საკუთარი ხმა აღარ მესმოდა. მას შემდეგ 15 წელი გავიდა, რამდენი გაცილებით საპასუხისმგებლო დავალება შემისრულებია, მაგრამ ეს ემოცია არ მავიწყდება.

პირველ ანაზღაურებად სამსახურში დაახლოებით 1 წელიწადში, ვაკანსიით მოვხვდი.  გასაუბრებაზე რომ დამიბარეს, შალვა ნათელაშვილის ბრიფინგზე ვიყავი. გამიხარდა, მაგრამ ეს სევდიანი სიხარული იყო. რადიო და იქაური გარემო ძალიან მიყვარდა, საერთოდაც მეგონა, რომ ამაზე კარგი აღარასდროს აღარაფერი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ვცდებოდი.

მთავარი, რაც რადიოს ახალმა ამბებმა მომცა, უნარებია, რომლებიც სულ მეხმარება: ოპერატიულობა, გამოსავლის მარტივად პოვნა და რაც მთავარია: ხმაურში, ხალხმრავლობაში მუშაობის უნარი.

გაზეთი „ნავიგატორი“, რომელიც ჩემი პირველი ანაზღაურებადი სამსახური იყო, ტექნოლოგიებს აშუქებდა. მაშინ იმასაც კი მეუბნებოდნენ, რადიოს ახალი ამბების ჟურნალისტისთვის ვიწრო სპეციალიზაციის გაზეთში წასვლა უკანსვლააო, მაგრამ მე საერთოდ სხვანაირად ვფიქრობდი და რეალურად ასეც მოხდა. საქართველოში ტექნოლოგიების სფერო იმ პერიოდში იწყებდა განვითარებას და როცა ტრენდული გახდა, აღმოჩნდა, რომ უკვე იქ ვიყავი, იმ ტრენდში. ჩემს პროფესიულ კარიერაში „ნავიგატორის“ ჟურნალისტობამ სრულიად ახალი ცოდნა მომიტანა და მერეც, ჟურნალისტიკისა თუ კომუნიკაციების თვალსაზრისით, ბევრი საინტერესო კარი გამიღო.

ახლა ჩემი პროფესიული ცხოვრების ფიქრებიცა და ქმედებებიც ძირითადად ქალებს დასტრიალებს. ამ სამსახურს განსხვავებული შეგრძნება ახლავს: შეგიძლია, რეალურად დაინახო, როგორი მაგარია, როცა შენი საქმე ადამიანების ცხოვრებას ისე ცვლის, თავადაც რომ ვერასდროს წარმოედგინათ. პირველი პირდაპირი ჩართვასავით, ესეც დაუვიწყარი ემოციაა.

ნინო ნატროშვილი – გაეროს ქალთა ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სოციალური მედიის ასისტენტი

Tesla-მ Model S-ისა და Model X-ის რედიზაინი წარადგინა

ვინ არის ქართველი პროდიუსერი, რომელმაც Warner Music Group-თან კონტრაქტი გააფორმა?