ამიერიდან, ნინო რუხაძე დეველოპერული კომპანია m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილეა, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ მანამდე, უძრავი ქონების საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield Georgia-ს ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის რეგიონალურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა:
პირველ რიგში, არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო Cushman & Wakefield Georgia-ს დიდ გუნდს. მე ამ კომპანიაში თითქმის 4 წელი გავატარე, მიყვარს და მაძლიერებს „ჩემს ქუშმანებში“ გატარებული ყოველი დღე. დიდი მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის, გვერდში დგომისა და ყოველი წარმატებისთვის, რომელსაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ. ბოლო წლების მანძილზე, ჩემი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, ხშირი კომუნიკაცია მქონდა ბაზარზე არსებულ დეველოპერებთან, არქიტექტორებთან, ინვესტორებსა და უძრავი ქონების პროფესიონალებთან. m2 ჩემთვის ყოველთვის ხარისხსა და პროფესიონალიზმთან ასოცირდებოდა, შესაბამისად, მართალი რომ გითხრათ, ბევრი არც მიფიქრია, როდესაც შემოთავაზება მივიღე. მყისიერად დავთანხმდი, ვინაიდან მივხვდი, რომ ეს კიდევ ერთი წინ გადადგული ნაბიჯი იქნებოდა. ახალი პოზიცია სასიხარულო და ამავდროულად, ძალიან საპასუხისმგებლოა. ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა, როდესაც ამ დიდი ოჯახის წევრი გავხდი. ცვლილებებისა და ახალი გამოწვევების დროა, გეგმებიც ძალიან ბევრია, ასე რომ, მომავალ შეხვედრამდე, – ნინო რუხაძე.