პოსტსაბჭოთა ქალაქში, ბრინჯაოს ქანდაკებაზე საქანელა ჩამოკიდეს. ვარშავაში. პირდაპირ „ბერლინგის არმიის ჯარისკაცების“ მემორიალზე. იდეის ავტორმა, ხელოვანმა – კამილა სეინოხმა როგორც ახსნა, ინიციატივის მოტივი ძეგლების ფუნქციის შეცვლა და ხიდის გადება იყო აწმყოსა და წარსულს შორის.
თბილისში კი, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაში, 2-ზე მეტი წელია, სასტუმრო Stamba Hotel განათავსეს, რომელსაც ხუთსართულიანი ატრიუმის ტიპის ბეტონის ფოიე ე.წ. Jungle Lobby აქვს. მთავარი, ამ შემთხვევაშიც, ნაგებობისთვის ისტორიული სახის შენარჩუნება იყო და პირველადი ფასადის მსგავსად, სწორედ ამიტომ, სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც შეინარჩუნეს.
ზოგადად, Adjara Group-ის საქმიანობების რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას შორის, ერთ-ერთი Collective Development-ია, რომელიც მოიაზრებს ე.წ. Brownfield-ების მშენებლობას – ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სახლებისა და ქარხნების აღდგენას, მათთვის ფუნქციური დატვირთის მიცემასა და კრეატიული ინდუსტრიების ხელშეწყობას.
ახალი მიმართულების, Collective Development-ის ბრენდის განვითარების ხელმძღვანელი, ნინო შერვაშიძეა, რომლისთვისაც მიმდინარე საქმიანობა, აბსოლუტურ თანხვედრაშია მის ინტერესებთან, აკადემიურ თუ არააკადემიურ გამოცდილებებთან. ამაში რომ დაგარწმუნოთ, დღეს, სწორედ ნინო შერვაშიძეზე მოგითხრობთ და მის აწმყოსა და წარსულთან ხიდის გავლებით, შევეცდები, უკეთ გაგაცნოთ.
ვქმნი, მაგრამ არტს არა. ახლა რასაც ვაკეთებ, ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ქვეყნისთვის. აქ ყოფნა და ამ მიმართულების განვითარება ყოველთვის მაინტერესებდა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ იქ ვარ, სადაც მინდა და უნდა ვიყო, – ნინო შერვაშიძე.
ამ სტატიას ორი შესავალი ექნება. მეორეს კი, ნინოს განუსაზღვრელი ცნობისმოყვარების ხაზგასასმელად გამოვიყენებ –
ნინო შერვაშიძე: „მახსოვს, უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, iPod მაჩუქეს. გამიტყდა და გასაკეთებლად Hamaki-ში, „ეფლის“ ერთ-ერთ ადგილობრივ დილერ კომპანიაში მივიტანე. ძალიან ხშირად მივდიოდი, ყველაფერი მაინტერესებდა, ბევრ შეკითხვას ვსვამდი და ისე გამოვიდა, რომ კონსულტანტობა შემომთავაზეს. მაშინ 17 წლის ვიყავი. და ეს იყო ჩემი პირველი შემოსავლიანი სამსახური. გამყიდველად მუშაობამ, დაუგეგმავად, სტერეოტიპების დანგრევის პროცესშიც მომაყოლა. მეც შემეხო კლიენტების ქედმაღლური დამოკიდებულება, გამყიდველებს არაფრად რომ გვაგდებდნენ. რამდენიმე გამოცდილება გულზეც მომხვდა, მაგრამ ეს ამბავიც გადავლახე“.
სწორედ „ჰამაკიდან“ წამოსვლის შემდეგ ჩააბარა მაგისტრატურაზე ლონდონის სახელოვნებო უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. საზოგადოებასთან ურთიერთობა იმიტომ, რომ კომუნიკაცია მისთვის ყოველთვის საინტერესო პროცესი იყო. ადამიანებთან ურთიერთობა, მათთან საერთოს გამონახვა და ინტერესების, ტეტრისის პრინციპით, ერთმანეთზე დაშენება. PR-მიმართულება მას შემდეგ აირჩია, რაც გააცნობიერა, რომ მისმა პირველმა პროფესიულმა არჩევანმა – „სამართალმა პური ვერ ჭამა“ და იურიდიულს ეს სფერო ამჯობინა. „მედიასთან ურთიერთობაზე ჩაციკლული არასდროს ვყოფილვარ. მინდოდა, რომ კულტურული პროექტების განხრით, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მემუშავა“. და სწორედ ამ ინტერესმა განაპირობა მისი სამაგისტრო თემის შინაარსიც.
სტატიის დასაწყისში, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითი შემთხვევით არ მიხსენებია. ნინოს სამაგისტრო ნაშრომი სწორედ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბრენდინგს ეხებოდა, უფრო ზუსტად, იმის გარკვევას, როგორ ხდებოდა საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო დონეზე.
ლონდონში წასვლა ყველაზე გარდამტეხი მომენტი იყო. აქ ძალიან ბევრ რამეს მივხვდი, რამდენად რთულია, მით უფრო, უცხოსთვის მეგაპოლისივით უზარმაზარ ქალაქში ცხოვრება. იქაურმა გამოცდილებამ, სტრესმა, ხანდახან უფულობამ, თუმცა ძალიან საინტერესო პროექტებმა და ადამიანებმა ჩემზე უაღრესად სასარგებლო გავლენა იქონიეს, – ნინო შერვაშიძე.
ნინოს მრავალფეროვანი ინტერესების ფესვები, ნაწილობრივ, მისი პიროვნების მიღმა, იმ გარემოშიც უნდა ვეძებოთ, რომელშიც გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ 1988 წელსაა დაბადებული, მის პერსონალურ 90-იანებს ბნელს საერთოდაც ვერ ვუწოდებთ.
დიდი ბებია – ინა გომელაური არქიტექტორი იყო და ქართულ ხუროთმოძღვრებას იკვლევდა, ბებია – ნანა კანდელაკი ხელოვნებათმცოდნეა და იმ პერიოდისთვის ყველას იცნობდა, ვინც ამ სფეროსთან რამენაირად დაკავშირებული იყო: მხატვრებს, ფოტოგრაფებს, ადამიანებს კინოდან, თეატრიდან… აკადემიკოსი ბაბუა კი – ილია ბარათაშვილი, თბილისში მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ. რაც შეეხება დედას – ინა ბარათაშვილი ფილოლოგია და როგორც მიმხელს, სწორედ მან იქონია დიდი გავლენა ნინოს გემოვნების ჩამოყალიბებაზე.
გარეთ რომ არეულობა იყო, ჩემამდე ეს ინფორმაცია ნაკლებად მოდიოდა. ჩემი ოჯახის თითოეული წევრის ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ასე მოხდა. იმდროინდელი მოცემულობა სწორი დოზებითა და ფორმულირებით მოვიდა ჩემამდე, რომ ნაკლებად ტრაგიკულად შემხებოდა ის, რაც მაშინ ხდებოდა, – ნინო შერვაშიძე.
სტერილური არ იყო, თუმცა მეტ-ნაკლებად, იმ გაჭირვებას, სტაგნაციასა და დაღს, რომელიც 90-იანების ბავშვებს მოზარდობისა თუ ზრდასრულობის პერიოდში აჩნდებათ ხოლმე, გადაურჩა. კი არადა, სწორედ ეს პერიოდი იქცა მისი მრავალფეროვანი ინტერესების ჩამოყალიბების წინაპირობად.
ძალიან საინტერესოა ისიც, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, პირდაპირ არა უნივერსიტეტში, არამედ ჯერ, სასწავლო-სატელევიზიო კოლეჯში ჩააბარა. „ვსწავლობდი: ფოტოგრაფიას, ხელოვნებას, მათემატიკას. ვიღებდით როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდურად მუშაობის გამოცდილებას. გასვლითი აქტივობებიც გვქონდა ზამთარ-ზაფხულ, დაახლოებით, 20 დღის განმავლობაში. საჭმელსაც თავად ვიმზადებდით ხოლმე და ეს აღმოჩნდა ფორმალური თუ არაფორმალური განათლების მიღების ძალიან კარგი შესაძლებლობა“.
მოკლედ, მუდმივად ინფორმაციის კვლევა-ძიების ჩვევად ქცევას, ხელოვნების, ტექნოლოგიების, მეცნიერების, წერისა თუ ადამიანებთან ურთიერთობის სიყვარულს, საბოლოოდ, თავი Adjara Group-ში მოუყარა.
დღეს, ნინოს ყოველდღიური საქმიანობა Collective Development ბრენდის განვითარებაზე ზრუნვაა, უშუალოდ, კონცეპტის შედგენის თვალსაზრისით, რომელსაც უნდა მოჰყვეს პროექტების განხორციელება, კულტურული ჰაბის შექმნა – პარტნიორების განსაზღვრა, სივრცის შერჩევა, დაგეგმვა და ა.შ.
გარდა ამისა, ნინო შემოქმედებითი კლასტერების განვითარების საბჭოს წევრია, რომელიც სსიპ. შემოქმედებითი საქართველოს ინიცირებული პროექტის („შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“) ფარგლებში ხორციელდება.
აღნიშნულ ინიციატივაზე პასუხისმგებლობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, “EU/UNESCO Expert Facility on the Governance of Culture in Developing Countries“ აქვს აღებული. მისი მიზანია 12 ქვეყნის მხარდაჭერა, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიმართულებით. საბჭოს შექმნის მიზანია საჯარო-კერძო თანამშრომლობის ხელშეწყობა, ძალისხმევის გაერთიანება და ქმედითი ინსტრუმენტების ჩამოყალიბება, შემოქმედებითი კლასტერების (ამასთან, შემოქმედებითი ჰაბებისა და მულტიფუნქციური სივრცეების) ეკოსისტემის განვითარების მიზნით.
ამ პოზიციებამდე, ნინო მუშაობდა საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში, სადაც მის კომპეტენციაში საერთაშორისო ურთიერთობები, ფილმის ექსპორტი და დისტრიბუცია შედიოდა. უფრო მანამდე, ეროვნული მუზეუმის გუნდში პროექტების მენეჯერის პოზიცია ეკავა. რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს, აქ მოხალისედ დირექტორის ასისტენტად, ჯერ კიდევ მაშინ მუშაობდა, პროფესიული არჩევანი გაკეთებული რომ არ ჰქონდა.
M: ნინო, იმ დროს, როცა ბევრს ზრდასრულობაშიც უჭირს იმ საქმის კეთება, რომელიც მოსწონს, როგორ ახერხებდი, ჯერ კიდევ, არასრულწლოვანიც, იმ გარემოში ყოფილიყავი, სადაც გინდოდა?
კონტაქტები ძალიან მეხმარებოდა. მაგრამ ალბათ, ადამიანს, რაც უნდა კარგ გარემოში მოხვდე, თუ ის სფერო არ გაინტერესებს, სადაც ხარ, ვერ ისიამოვნებ და შესაბამისად, ვერც სხვები შეგამჩნევენ. თითქმის ყველა პოზიციაზე რეკომენდაციით ვხვდებოდი.
M: დღეს, როგორ იკვეთება შენი სამსახურებრივი გამოცდილებები Adjara Group-ში დაკავებულ პოზიციასთან?
კინოშიც მიმუშავია, მუზეუმთან, ფოტოსთან… დაახლოებით, ვიცი, რა სიტუაციაა საქართველოში, ვინ სად მოღვაწეობს. ამ მხრივ, მათთან დროული კავშირებითა და მათი ხელშეწყობით, იქიდან გამომდინარე, მე რისი შესაძლებლობაც მაქვს, შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემი წარსული გამოცდილებები მიმდინარე საქმიანობაში მეხმარება, იქნება ეს: პროექტების ჩამოყალიბება, სივრცის დათმობა საინტერესო იდეებისთვის თუ პოტენციალის დანახვა გარკვეულ მოცემულობაში. დაგროვილი პრაქტიკიდან და წინა სამსახურებიდან გამომდინარე, ალბათ, მიმდინარე ყველაფერს ერთად კრავს.
ყოველთვის ყველაფერი მაინტერესებდა…. მინდოდა, მენახა და თავად მეთქვა, რა მომწონს და რა არ მომწონს, – ნინო შერვაშიძე.
M: არაერთი განვლილი საქმიანობისა თუ მიმდინარე პროფესიის მრავალფეროვნების გათვალისწინებით, რა შეგიძლია, თქვა, რომელი როლი აღმოჩნდა შენთვის ყველაზე საინტერესო?
ყველაზე საინტერესო როლი ჩემთვის დედობაა. 6 წლის შვილი მყავს და სულ დაკვირვების პროცესში ვარ, როდის, როგორ, რაზე ბრაზდება, რა უხარია და რამდენად სწორი რეაქციები აქვს სხვადასხვა მოვლენაზე. მის აღზრდაში აქტიურად ვარ ჩართული და ეს ძალიან საინტერესო, ცოცხალი და სასიამოვნო პროცესია – როდესაც გზების ძებნა გიწევს, როგორ მოუხარშო, შეძლებისდაგვარად, სწორად, სხვადასხვა შემთხვევა… როდესაც ხედავ, შენთან ერთად, როგორ იზრდება…
M: ამ გადმოსახედიდან, განვლილ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლას თუ ისურვებდი?
არაფერს არ შევცვლიდი. საერთოდ. ყოველთვის „ვარტყამდი“ ხოლმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სწორ დროს მიღებას და ალბათ, ამიტომაც გამიმართლა.
M: და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სწორ დროს მიღება როგორ შევძლოთ?
რამის ინტერესი თუ გაქვს, ყველაფერი უნდა გამოცადო. თავი არაფერზე შეიზღუდო. ძალიან მნიშვნელოვანი მგონია იმიტომ, რომ ნებისმიერ ასაკში შეგიძლია, აღმოაჩინო ისეთი რამ, სადაც თავს თავისუფლად, განსაკუთრებულად და კომფორტულად იგრძნობ. ვიღაცები 40 წლის ასაკში ხვდებიან, რომ არიან ფოტოგრაფები… მოკლედ, არასდროსაა გვიანი, უბრალოდ, რაც უფრო ადრიდანვე ვიქნებით ცნობისმოყვარეები და აქტიურად ჩართულები ჩვენი ინტერესების აღმოჩენაში, უფრო ბევრ რამეს გამოვცდით და დიდ სიამოვნებასაც მივიღებთ ამ პროცესში.
M: რას გვეტყვი შენს ბოლო დროს აღმოჩენილ შესაძლებლობაზე?
ცოტა ხნის წინ თვითონ ავაწყვე საიტი.
მთავარია, რაღაცის გაკეთება გინდოდეს, გამორიცხულია, დღეს, რაღაც ვერ გამოგივიდეს. თუ რა თქმა უნდა, ეს გულწრფელად გინდა.
M: და რას იტყვი დროზე, რომელიც შესაძლოა, ამდენი რამის მცდელობაში გაიპაროს?
დროს ძალიან სჭირდება გაფრთხილება იმიტომ, რომ რაღაცებს ვეღარ დააბრუნებ. თუმცა, რაღაც რომ ძალიან გინდა, ამაზე დახარჯული რესურსი ფუჭი არ მგონია.
M: როგორია შენთვის თავისუფალი დრო?
ვეღარ ვხვდები, რას ნიშნავს ჩემთვის თავისუფალი დრო. სახლშიც რომ მივდივარ, შეიძლება, ტელეფონით ვიმუშაო.
მაგრამ ის ვიცი, რომ დროის თავისუფლებას ვგრძნობ მაშინ, მთაში როცა მივდივარ.
ხო, თავისუფალი დრო მთასთან ასოცირდება…
შესავლისგან განსხვავებით, სტატიას ერთი დასასრული ექნება…
ნინოს წარსულსა და აწმყოში ხიდის გადებით, პოსტსაბჭოთა ქალაქების პრაქტიკის გაზიარებით, დასკვნა ასეთი მაქვს: თუ საკუთარ თავს არქიტექტურულ ნაგებობად განვიხილავთ, რომელსაც ფორმა და შინაარსი, წარსული გამოცდილებების შესაბამისად აქვს, შეგვიძლია, კონტექსტის მიხედვით, შევცვალოთ და კისერზე, მაგალითად, საქანელა ჩამოვიკიდოთ, ან თუნდაც, ჩვენს მტევნებში მცენარეები გავახაროთ – მოკლედ, საკუთარი შესაძლებლობები მუდმივად, ხელახლა აღმოვაჩინოთ.
ავტორი: თიკა გეგენავა