15
Dec
2017

ნინო უნგიაძე – #პირველისამსახური

15 Dec 2017

ანა მარკოზაშვილი, ნინო უნგიაძე

ჩემი პირველი ოფიციალური სამსახური “ბეთერფლაი” გახლდათ, თუმცა ეს ის ბეთერფლაი არ იყო, დღეს რომ ყველამ ვიცით და ვიცნობთ.  17 წლის ვიყავი. არ მახსოვს არც გასაუბრება, არც ის, თუ რატომ მივიღე გადაწყვეტილება სამსახურის დაწყებაზე. დედაჩემის მეგობარმა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. მახსოვს, ცხელი ზაფხული, ბეთერფლაის ოფისის აღმართი და ყოვლად მოუხერხებელი ფორმალური ტანისამოსი, ჩემი წარმოდგენით, გასაუბრებებზე რომ უნდა ჩაგეცვა ადამიანს.

 

ბეთერფლაის მთელი სამუშაო ძალა 7-8 კაცისგან შედგებოდა. ოფის მენეჯერს დავარქმევდი მაშინდელ პოზიციას, დავალებები კი მრავალფეროვანი იყო −  ხან კლიენტის „მასკოტისთვის“ ნაჭრებს ვარჩევდი, ხან ბროშურისთვის ფოტოსესიას ვაორგანიზებდი ბაკურიანში, ხან ჩინეთში მომწოდებელთან საბუთებზე კორესპონდენციას ვაწარმოებდი, ხანაც ოფისისთვის შაქარს ვყიდულობდი.

ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის სწავლისა და მუშაობის შეთავსება იყო. 7-მდე სამსახური, 7-ის მერე კი ლექციები. თითოეული სტუდენტი თავისებურად უდგებოდა სწავლას, მე კი ჩემი სტილი მქონდა − ტვინის დასხმა და შფოთვა… აუცილებლად მაღალი ნიშნები უნდა მიმეღო. დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე კი, ტვინის დასხმა აღარ გამოდიოდა, მხოლოდ შფოთვა.

ბეთერფლაიდან მუშაობის დაწყებიდან 9 თვის თავზე წამოვედი, ფინალური გამოცდებისთვის მოსამზადებლად. რამდენიმე წელი განვიცდიდი ამ გადაწყვეტილებას… სხვები თუ ახერხებდნენ სწავლისა და სამსახურის შეთავსებას, შენ რატომ ვერ შეძელი-მეთქი.10 წლის შემდეგ კი ვხვდები, რომ სწორი და არასწორი არ არსებობს. ზოგი გამოწვევა ის არაა, რაც ჩვენ გვგონია, უბრალოდ, პრიორიტეტები უნდა დავალაგოთ და ზოგჯერ გვერდის ავლაც მოსულა.

ნინო უნგიაძე –  „საქართველოს ბანკის“ საცალო საბანკო მიმართულების კომუნიკაციების პროექტების მენეჯერი.

განხილვა