in

ნინო ზამბახიძე – #პირველისამსახური

ის პერიოდია, როცა საქართველოში ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რა იყო “CV”, ყოველ შემთხვევაში, არ გამოიყენებოდა. 18 წლის, ამერიკიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, თარჯიმან-რეფერენტის სპეციალობაზე ვსწავლობდი და უკვე ვფიქრობდი სამსახურის პოვნაზე. ერთხელ, მამაჩემის მეგობარი შემხვდა ქუჩაში შემთხვევით, მომიკითხა და რომ გაიგო ჩემი ჩამოსვლის ამბავი, მითხრა, რომ ერთ ბერძენ ინვესტორს ინგლისური ენის თარჯიმანი სჭირდებოდა. მივედი და დავიწყე საცდელად, პირველ დღეს. მოვეწონე ალექსს და მითხრა, იქნებ, ჩემი თანაშემწე იყოო. ასე დავიწყე მდივნად მუშაობა. ჩემს ფუნქციებში შედიოდა ყოველდღიური კორესპონდენცია. ეს იყო კონსორციუმი, რომელშიც რამდენიმე მიმართულება შედიოდა: სადისტრიბუციო, საბანკო, საინვესტიციო პორტფელი, სხვადასხვა მიმართულებით. ამასთან, ორგანიზებას ვუწევდი შეხვედრებს და შეთავსებული მქონდა თარჯიმნის ფუნქციაც. დროთა განმავლობაში, საკმარისი ნდობა დავიმსახურე მისი და მისი ოჯახის საორგანიზაციო საკითხებიც მე მებარა.

ეს ის დრო იყო და მეც იმ სტერეოტიპის მსხვერპლი ვიყავი, როდესაც ბიზნესმენი “ბარიგად” მიიჩნეოდა, თანაშემწეობა და მდივნად მუშაობა არ ითვლებოდა პრესტიჟულად, უფრო პირიქით, მდივანი რომ ხარ, ე.ი. ვიღაცას ემსახურები. შესაბამისად, ჩემს მშობლებს სულაც არ გახარებიათ, ეს სამსახური რომ დავიწყე.  ეს ის პერიოდია, როდესაც მხედრიონი ახალი გადავარდნილია და ქვეყანაში საკმაოდ რთული სიტუაციაა. ამიტომ, თავდაპირველად, უფრო ფინანსური მოტივაცია მქონდა, ვიდრე კარიერული, თუმცა, ამავდროულად, ვფიქრობდი, რომ სუფთა ფურცელზე, რომელსაც ჩემი CV უნდა დარქმეოდა, ამგვარად გაკეთდებოდა პირველი ჩანაწერი, სათქმელი მექნებოდა, რომ დიახ, მე უკვე მაქვს სამუშაო გამოცდილება.

ნინო ზამბახიძე – საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.

3D პრინტერით შექმნილი ზოეტროპი, რომელიც მოძრაობის ილუზიას ქმნის!

მუზეუმის კედლებიდან გამქრალი ნატურმორტები – Philips-ის კამპანია ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით