in

ნინო ზაუტაშვილი – #პირველისამსახური

20 წლის ვიყავი, პირველი სამსახური რომ დავიწყე. თეატრალური ინსტიტუტი ახალი დამთავრებული მქონდა და მარჯანიშვილის თეატრში მივედი ჩემი ინიციატივით. ვუთხარი, რომ იქ მინდოდა მუშაობა, მათაც მომცეს მოსამზადებელი პერიოდი, რომლის ფარგლებშიც უნდა მეჩვენებინა, რა შემეძლო. მალე, თეატრმა კონკურსი გამოაცხადა (ეს იყო პირველი და ერთადერთი კონკურსი თეატრის ისტორიაში), თქვეს, რომ უნდოდათ ენახათ, ვის რა შეუძლია, რა პოტენციალის მატარებელია. ძალიან გავბრაზდი იმის გამო, რომ მიწევდა კონკურსში მონაწილეობის მიღება და მას შემდეგ, რაც თეატრალური დავამთავრე და ამდენი გამოცდა ისედაც ჩავაბარე. მეგონა, ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო, მე რა შემიძლია, კონკურსის გარეშეც. ვაპროტესტებდი იმ ტექსტების ხელახლა წაკითხვას, რაც 4 წლით ადრე თეატრალურის გამოცდაზე ჩავაბარე. ამასთან, წარჩინებული სტუდენტი ვიყავი და ვთვლიდი, რომ თუ ხელახლა მესაჭიროებოდა “შემოწმება”, ე.ი. თავის დროზე, სწავლების პროცესში ყოფილა შეცდომა. ისე მოხდა, რომ კონკურსზე გასულს, სცენაზე ამივარდა ტირილი, არც წამიკითხავს ტექსტი, ისე გამოვედი.

 

რა თქმა უნდა, კონკურსში ვერ გავედი, სიაში ვერ მოვხვდი. თავზე დამემხო მთელი ილუზიები, რომ ჟანა დარკს ვითამაშებდი, ვიქნებოდი წამყვანი არტისტი… წამყვანზეც არ არის, იყო რაღაც როლები, რისი თამაშიც ძალიან მინდოდა. მაშინ ვთქვი, რომ აღარასოდეს მივიღებდი მონაწილეობას კონკურსებში. თუმცა, დღეს სხვანაირად ვფიქრობ, ვარ ძალიან მადლიერი იმ ადამიანების, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მე გავყევი იმ პროფესიას, რომლითაც ვარ დაკავებული დღეს და ამით ბედნიერი ვარ. ეს იყო ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელი პროტესტი, თორემ ახლა სულ სხვანაირად ვრეაგირებ კონკურსებზე და ვიღებ ყველა პირობას ისე, როგორც არის.

თეატრის პარალელურად, მუშაობა დავიწყე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” რადიოში, პროგრამა “პიკის საათში”. იქაც ჩემი ინიციატივით მივედი. ჯერ ნახევარი განაკვეთით ამიყვანეს, მერე – სრულით. მოვეწონე და შემდეგ, ტელევიზიაშიც დამიძახეს, “ტელე-სინე-ვიდეოს” წამყვანად. ამ გადაცემამ უცბად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ყველა მცნობდა, მაჩერებდნენ ქუჩაში, თბილად მხვდებოდნენ. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც, ვინც საშინლად მაკრიტიკებდა. საერთო ჯამში, აღმოჩნდა, რომ მაყურებლებს ან ძალიან მოვწონდი, ან ძალიან არ მოვწონდი, შუალედური არ იყო. შემდეგ, მივხვდი – ეს უნდა მომწონებოდა. ჩემი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება ჩემს ინიციატივებს, ყოველ ჯერზე, მე თვითონ მივდიოდი, ვეუბნებოდი, რა შემიძლია, შემდეგ ვიწყებდი ან არ ვიწყებდი მუშაობას, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი, რაც ჩემს კარიერას ეხება, დიდწილად განპირობებულია ინიციატივისადმი ჩემი დიდი სიყვარულით.

დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ფანტასტიკურად აეწყო ყველაფერი. 18 წლიანი პაუზის შემდეგ, თეატრში ნაწილობრივ, მაინც დავბრუნდი და დღეს ვთამაშობ მთავარ როლს ერთ-ერთ სპეკტაკლში, რომელიც უკვე 8 წელია სრული ანშლაგით ტარდება.

ნინო ზაუტაშვილი – გადაცემა “რეალური სივრცე”, ტელეწამყვანი და პროდიუსერი.

როცა მოძალადე თავად არის მსხვერპლი! – პრინტ კამპანია ბულინგის წინააღმდეგ

როგორ ვმართოთ კრიზისი კომპანიაში?!