Nintendo მაღვიძარას Alarmo-ს სახელით გვაცნობს და გვეუბნება, რომ იგი ჩვენს მოძრაობებს უპასუხებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გათიშვა ჟესტით შეგეძლებათ ისე, რომ არც ლოგინიდან ადგომა მოგიწიოთ. თუმცა აქ მთავარი ეს კი არა, მოწყობილობის იმერსიული ხმებია, რომელსაც Switch-ის 5 თამაშიდან გვთავაზობენ, იქნება ეს Breath of the Wild, Pikmin 4, Splatoon 3, Super Mario Odyssey თუ Ring Fit Adventure.

მთლიანობაში 35 აუდიო „სცენაა“ წარმოდგენილი. მეტიც, შეგიძლიათ მაღვიძარა თქვენსავე Nintendo-ს ანგარიშს დაუკავშიროთ და მიიღოთ წვდომა Animal Crossing: New Horizons-სა და Mario Kart 8-ზე, რომლებიც მალევე უფასოდ განახლდება. მოძრაობების დასადგენად კი მაღვიძარას 2.4GHz Wi-Fi რადიო და 24GHz mmWave სენსორი აქვს.

Alarmo თქვენს ძილსაც ადევნებს თვალს. მაგალითისთვის Records საშუალებას მოგცემთ, გაიგოთ, რამდენი იმოძრავეთ ძილში, საათობრივად დააყენოთ მაღვიძარა შერჩეული სათაურით და გამოიყენოთ Steady ან Gentle რეჟიმები — პირველი რაც უფრო დიდხანს ჩერდებით საწოლში, მით უფრო ინტენსიური ხდება, ხოლო მეორეს ინტენსივობა ერთ დონეზეა.
Button Mode-იც აქვს მეტად ტრადიციული გამოცდილებისთვის, რომ მაღვიძარას გასათიშად ღილაკს დააჭიროთ. Alarmo-ს დახმარებით, ძილის წინ დამამშვიდებელი მუსიკაც შეგიძლიათ ჩართოთ…

ეს სიამოვნება კი 99.99 დოლარი დაგიჯდებათ და შემდგომი წლის დასაწყისიდან გახდება ხელმისაწვდომი. Nintendo-ს თქმით, უფრო ადრე მისი შეძენა ამ ლინკზე Switch Online-ის გამომწერებს შეუძლიათ.














