in

თავდაპირველად, ასეთი იყო Nintendo!

XIX საუკუნის მიწურულს, იაპონიის ქალაქ კიოტოს ვიწრო ქუჩებში, ბიზნესმენმა და ხელოვანმა ფუსაჯირო იამაუჩიმ სამაგიდო თამაში Hanafuda შექმნა. ეს იყო ლამაზი დიზაინით ხელნაკეთი ბანქო, რომელიც ცოტა ხანში იმდენად პოპულარული გახდა, რომ იამაუჩის დამატებით თანამშრომლების აყვანა დასჭირდა, დასახმარებლად. მაშინ, ალბათ, ვერც იფიქრებდა, რომ ამ ბარათების მაღაზია, 1889 წლის 23 სექტემბერს რომ გახსნა იაპონიის მაშინდელ დედაქალაქში, საუკუნეზე მეტხანს იცოცხლებდა და მსოფლიო სათამაშო ბიზნესში წამყვან პოზიციას დაიკავებდა. დიახ, სწორედ ასე იწყება Nintendo-ს ამბავი.

მომდევნო 70 წლის განმავლობაში, კომპანია ოსტატურად ქმნიდა ბანქოს და მათ მრავალფეროვანი ნახატებითა და სიმბოლოებით აცოცხლებდა. Hanafuda, რაც „ყვავილებიან ბარათებს“ ნიშნავს, თორმეტ ნაწილად იყოფოდა, თითო ნაწილი – წელიწადის თითო თვისთვის. ბანქო არამხოლოდ ტრადიციული იაპონური თამაშებით იყო შთაგონებული, არამედ, დასავლური სტილის 52-ბარათიანი ბანქოთიც. თუმცა, ნუმერაციის ნაცვლად, Hanafuda-ში სურათები გამოიყენებოდა.

Nintendo-ს ბარათები იაპონიაში ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, ის აზარტულ თამაშებთან და „იაკუძას“ მსგავს განგსტერებთან გახდა ასოცირებული. სახელი „იაკუძაც“ ნუმერაციიდან მოდის. ya-ku-za ანუ 8, 9 და 3. „იაკუძას“ წევრებს Nintendo-ს ბარათებით შთაგონებული ტატუებიც კი ჰქონდათ.

კრიმინალთან ასოცირების გამო, ძალიან ბევრი ადამიანი დისტანცირდა Hanafuda-სგან. თუმცა, თამაში კვლავაც გამოდიოდა, სანამ 1960-იან წლებში სრულად არ დაკარგა პოპულარობა.

ამ დროიდან, კომპანიაში სრულიად ახალი ერა იწყება და ის ჰიროში იამაუჩის სახელს უკავშირდება. ჰიროში ფუსაჯირო იამაუჩის შვილიშვილის შვილი იყო. 1950 წელს, ის მხოლოდ 22 წლის გახლდათ. მას საკმაოდ სასტიკ ლიდერად იცნობდნენ, თუმცა, ჰიროში ინოვაციური აზროვნებითაც გამოირჩეოდა. მას ჰქონდა კომპანიის გაფართოების ხედვა. სწორედ, მისი ინტერესი იყო სათამაშო ავტომატების წარმოება. უცნაურია, მაგრამ თავად არასოდეს მოსწონდა ვიდეოთამაშები.

ელექტრონული თამაშების წარმოებამ კომპანიას დიდი წარმატება მოუტანა. 1970-იან წლებში, ვიდეოთამაშების სწრაფად განვითარებამ და ტექნოლოგიამ Nintendo მსოფლიო მასშტაბზე გაიყვანა.1975 წელს, კომპანიამ თავისი პირველი ელექტრონული თამაშების სისტემის განვითარება დაიწყო. 1978 წელს კი, გამოუშვა პირველი კომპიუტერული თამაში – ბორდგეიმ Othello-ს ციფრული ვერსია. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

სიყვარული გვაკავშირებს – “ელიტ ელექტრონიქსი”

დედამიწა დაუცველია “უცხოპლანეტელების” ვირუსებისგან — ვარაუდობენ მეცნიერები