in

Nintendo ყველა სახლში – თამაშების გიგანტის წარმატების ისტორია

მის სახელს უკავშირდება ინტერაქციული გართობის შექმნა, ის იყო პიონერი ამ საქმეში, მან მოგვცა საშუალება, გვეთამაშა ვიდეოთამაშები ჯერ კიდევ 80-90-იან წლებში. ცნობილი გმირები, როგორებიცაა: მარიო, პოკემონი, მეტროიდი და სხვები სწორედ მისი მეშვეობით გავიცანით და საკულტოდ ვაქციეთ. ეს სახელია Nintendo, რომელმაც პირველმა შექმნა ბრენდი თამაშების ინდუსტრიაში.

istoriebi
istoriebi

ხელნაკეთი ბარათებით დაწყებული ისტორია

კიოტო ერთ-ერთი უძველესი ქალაქია იაპონიაში. ამ ქალაქში ცხოვრობდა ბიზნესმენი და ხელოსანი, ფუსაჯირო იამაუჩი. მან საკუთარი ხელით დაამზადა ღია ფერის სათამაშო ბარათები, რომელთა გაყიდვაც დაიწყო. ცოტა ხანში თამაშმა ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ იამაუჩის პერსონალის დაქირავება მოუხდა, რათა დახმარებოდნენ ბარათების დამზადებაში. Hanafuda – ასე ერქვა იმ პირველ სამაგიდო თამაშს, რომელიც შეიქმნა. Nintendo-ს ბარათები პოპულარული გახდა მთელ იაპონიაში. 

მაშინ იამაუჩიმ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მისი მცირე ბიზნესი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს და ყველაზე გავლენიან თამაშების კომპანიად გადაიქცეოდა. 

ბარათებიდან კარტრიჯებამდე

1950 წელს ფუსაჯირო იამაუჩის შვილიშვილმა Nintendo-ს ბიზნესი გადაიბარა. ის ამ დროს სულ რაღაც 22 წლის იყო. იგი ცნობილი გახდა, როგორც მკაცრი ლიდერი, მაგრამ ჰქონდა ძალიან ინოვაციური გონება და ამბიციები.

მას სურდა, გასცდენოდა მხოლოდ ბარათების დამზადებას და ისეთი პროდუქტი შეექმნა, რომელიც გამოდგებოდა ბავშვთა გასართობ ცენტრებში დასადგმელად. მან განახორციელა კიდეც ეს იდეა, რომელიც წარმატებული გამოდგა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ მაინც არ იყო ის გამარჯვება, რაც მომავალში ელოდა კომპანიას.

ვიდეოთამაშები

1975 წელს Nintendo-მ დაიწყო თავისი პირველი ელექტრონული ვიდეოთამაშების სისტემების განვითარება. 1978 წლისთვის მათ შექმნეს სამაგიდო თამაშის Othello-ს კომპიუტერული თამაშის ვერსია. ეს იყო დასაწყისი…

1980 წელს შეიქმნა Donkey Kong – ინოვაციური თამაში. ამ თამაშის გმირები იყვნენ ბოროტი გორილა და წითელქუდიანი კაცი. მოთამაშე უნდა დახმარებოდა კაცს გორილასგან გაქცევაში, რომელსაც გზად პლატფორმები ხვდებოდა და მათზე გადახტომა იყო საჭირო. ეს იყო ცნობილი მარიოს პროტოტიპი, რომელმაც მალე გაითქვა სახელი.

Donkey Kong მალე გახდა გასართობი ცენტრების საყვარელი და მოთხოვნადი თამაში. 

რატომ დაერქვა გმირს მარიო

თავის მხრივ, საინტერესო ისტორია აქვს, თუ რატომ დაერქვა მთავარ გმირს მარიო. მარიო სეგალე იყო იმ საწყობის მეპატრონე, სადაც მაშინ Nintendo-ს ამერიკული შტაბბინა მდებარეობდა და მისი სახელი შთაგონებად იქცა თამაშის შემქმნელებისთვის.

ცოტა ხნის შემდეგ უკვე გამოვიდა თამაში Super Mario Bros, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა და მალე მარიოს პერსონაჟი აღიარეს მთელ მსოფლიოში.

Nintendo ყველა სახლში

ამ თამაშების წარმატებით გათამამებულმა კომპანიამ მალე გამოუშვა სახლში სათამაშო კონსოლები, რომლებიც ცნობილია, როგორც Nintendo Entertainment System, ან შემოკლებით, NES.

ის პირველად გამოვიდა იაპონიაში, როგორც Famicom, მაგრამ ორი წლის შემდეგ მოხვდა აშშ-ს მაღაზიებში და დაეხმარა სათამაშო ინდუსტრიის აღორძინებას.

ხელის კონსოლი

1989 წლისთვის Nintendo-მ მოახერხა ტექნოლოგიის შემუშავება თავისი პირველი ხელის კონსოლის – Game Boy-ის გამოსაშვებად. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე უკვე არსებობდა მსგავსი ხელსაწყოები, Game Boy პოპულარული გახდა ორიგინალური დიზაინისა და ბატარეის ხანგრძლივი მუშაობის გამო.

თამაშების გიგანტი

Nintendo-ს წარმატების ზრდა შეუჩერებლად მიდიოდა. ბოლო 30 წლის განმავლობაში დღემდე, მან შექმნა საყვარელი პერსონაჟების და პოპულარული თამაშების მთელი მასივი. მარიომ ძმა, ლუიჯი შეიძინა. ორივეს კი, თავის მხრივ, გაუჩნდა ბოროტი ალტერეგოები: ვარიო და ვალუიჯი.

გინესის რეკორდების მიხედვით, Nintendo-მ დაიკავა ოთხი ადგილი ყველაზე გაყიდვადი სათამაშო კონსოლების ტოპათეულში. 

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

მიზოფონია იმაზე მეტ ადამიანს აქვს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ

Adobe Firefly-მ ახალი AI ხელსაწყო გამოუშვა