„დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე” – ამას რევაზ ინანიშვილი თავის მოთხრობაში წერდა და ნამდვილად გენიალური ფრაზაა. მართლაც, ჩვენ რა უნდა დავწეროთ დედაზე ისეთი, რაც აქამდე არ დაწერილა, ამიტომ ყველაზე ლამაზი და საინტერესოა ინდივიდუალური ისტორიები, რადგან ყველა დედაშვილობის მიღმა საკუთარი მოთხრობა იწერება.
Marketer-ში გადავწყვიტეთ, 3 მარტის, დედის დღისადმი მიძღვნილი სტატიების სერია წარმოგვედგინა, რომლის ფარგლებშიც, სულ სხვა თვალით შეგახედებთ ცნობად, წარმატებულ ქალებს. ისინი ჩვენი რესპონდენტები სხვა დროსაც ყოფილან, თუმცა ამ ამპლუაში – პირველად!
ნინუცა ნანიტაშვილს ტექნოლოგიების სფეროს ყველა წარმომადგენელი იცნობს. ის არის თითქმის ყველგან, სადაც ICT პროექტები თუ ღონისძიებები იმართება. ყველაზე ხშირად ნინუცა „გრეის ჰოპერის დაჯილდოებებზე” თანაავტორის სტატუსით გვხვდება, ის არაერთხელ გამხდარა მოტივატორი უამრავი გოგოსთვის, რომლებსაც ბავშვობიდან უნერგავდნენ, რომ „ტექნოლოგიები მხოლოდ კაცის საქმეა”. ამ სტატიაში კი ნინუცას, როგორც წარმატებული დედის შესახებ მოგიყვებით. ის დედა 30 წლის ასაკში გახდა. ამ დროს მის ცხოვრებაში კარიერული წარმატებები უკვე მრავლად იყო.
M: ნინუცა, პირველ რიგში, გვითხარით, რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა „დედა”, რა გახსენდებათ პირველი, როცა ამ სიტყვას იგებთ?
რა თქმა უნდა, მახსენდება დედაჩემი (ირმა მანჯავიძე) – სიმყუდროვე, ბავშვობა, სითბო, ორცხობილას სუნი, ავად ყოფნის დროს შუბლზე დადებული ხელი, ჩახუტება, საკერავი მანქანის ხმა და ჩემთვის შეკერილი კაბა, დედის იმედის ქონა, ცხოვრებისეული მხარდაჭერა და უპირობო სიყვარული.
დედაზე, რა თქმა უნდა, ასევე მახსენდება ის ქალები, რომლებიც ჩემ გარშემო იყვნენ სულ, ბებია, დეიდები, მამიდა…ძალიან გამიმართლა, რომ ბევრი ძლიერი ქალის გარემოცვაში გავიზარდე, მათ შორის, ჩემი უფროსი დის.
M: ქალები ხშირად ვდგებით ისეთი ფაქტის წინაშე, რომ, როცა თავად ვხდებით დედები, მერე უფრო ვაფასებთ საკუთარ დედებს. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო, გქონდათ მსგავსი აღმოჩენა თქვენს თავში?
დედაჩემს ყოველთვის ვაფასებდი, ჩემი სუპერგმირი იყო და მისაბაძი მაგალითი. თუმცა, მართალია, მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, უფრო მეტად გავუგე და უფრო ბევრი საერთო გაგვიჩნდა, უფრო მეტად გავიაზრე, რამდენ რამეზე ინერვიულა და იზრუნა სამი შვილის გასაზრდელად. უფრო გაკვირვებული ვარ, როგორ მოახერხა ყველაფერი კარიერის პარალელურად.
M: დედობა – ისეთივე პროფესია და სამსახურია, როგორც კორპორაციული მუშაობა. როგორია თქვენი, როგორც დედის, ერთი „სამუშაო” დღე?
დილა იწყება სოფის „ტიკტიკით”. ახლა ორი წლის არის და ყოველდღე რაღაც ახალს იგონებს. ცოტას ვთამაშობთ, ვემზადებით, სახლიდან ვმუშაობ დისტანციურად ევროპის რეგიონისთვის. თავიდან ძალიან მოსახერხებელი იყო, თუმცა უფრო და უფრო რთული ხდება სახლიდან მუშაობა, რადგან სოფისთვის მიწევს უარის თქმა თამაშზე და მასთან ერთად დროის გატარებაზე სამუშაო დროს. ხანდახან ვახერხებ, თუმცა ყოველთვის შეუძლებელია. სახლიდან მუშაობის პლუსი ის არის, რომ ხშირად ვხედავ, მაგრამ ეს დაბრკოლებაც მოჰყვება. ალბათ ბევრი დედა გამიგებს, რომელიც სახლიდან მუშაობს და უჭირს სამსახურისა და პირადი სივრცის მკაფიოდ გაყოფა. ბოლო დროს უფრო მეტად ვმუშაობ სახლის გარეთ და ალბათ, საბოლოოდ, ამ გზას გავყვები.
M: როგორ უნდა იყო წარმატებული დედაც და თანამშრომელიც?
რა თქმა უნდა, ამ ორის შეთავსება მარტივი არ არის. კვლევებიც კი იმას ამბობს, რომ დედებს, ფაქტობრივად, „ორი სამსახური აქვთ”. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ არა – შეუძლებელი. ძალიან დიდი ძალისხმევა და ენერგია სჭირდება.
ჩემ გარშემო ამის უამრავი მაგალითია, თუმცა პირველი ჩემთვის დედაჩემი იყო. შვილი და მასზე ზრუნვა ნამდვილად ისეთი გამოცდილებაა, რასაც ვერაფერს შეადარებ. ცხოვრებაში ბევრი რამ მიკეთებია, ბევრ რამეში ჩამიდია უდიდესი ენერგია, ღამეებიც მითენებია, მაგრამ შვილის ყოლა არის შემთხვევა, როდესაც ნებისმიერი ძალისხმევა უკან გიბრუნდება, ეს ურთიერთობა არის უსასრულო, ენერგია, რასაც აქედან იღებ, შეუდარებელია.
სანამ დედა გავხდებოდი, ყოველთვის იმაზე ვფიქრობდი, რომ ვყოფილიყავი ჩემი მშობლებისთვის საამაყო შვილი. სოფის გაჩენის შემდეგ, მივხვდი, რომ ის არის #1 ადამიანი, რომელმაც მინდა, ჩემით იამაყოს და ვეიმედებოდე.
ვფიქრობ, კარიერა და უფრო მეტად იმის განცდა, რომ რაიმე ღირებულს ან მნიშვნელოვანს აკეთებ ვინმესთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. დედებმა ეს არ უნდა დათმონ და თუ მათი სურვილია, უნდა ჰქონდეთ სამსახური და შესაბამისად ამისთვის ბავშვზე ზრუნვაც განაწილებული უნდა იყოს. ვიცი, რომ ბევრი ქალისთვის ეს სირთულეა და საკუთარი თავისთვის, მათ შორის, მუშაობისთვის დრო შესაძლოა არ ჰქონდეთ. ეს უნდა გავიაზროთ და ვიფიქროთ, როგორ შეგვიძლია ჩვენს ოჯახში, ჩვენ გარშემო დედებს შესაბამისი პირობები შევუქმნათ. არის ასეთი გამოთქმა, რომ: „ერთი ბავშვის გაზრდას მთელი სოფელი სჭირდება”. ყველა იაზრებს, რომ ეს ბევრი ნერვიულობა, შრომა და ზრუნვაა. ამ დროს დედები მარტო არ უნდა იყვნენ.
დედობასა და კარიერაზე როდესაც ვსაუბრობთ, მნიშვენლოვანი თემაა, რამდენად აქვთ მხარდამჭერი სამუშაო გარემო ქალებს ორსულობისას თუ ბავშვის გაჩენის შემდეგ; თუ არის მათთვის ხელმისაწვდომი ანაზღაურებადი შვებულება, სამედიცინო საჭიროებისამებრ ბიულეტენი, ჯანმრთელობის დაზღვევა, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება და სხვა. რამდენად აქვთ ქალებს ფინანსური სტაბილურობა და სიმშვიდე, რომ შეძლებენ სამსახურის გაგრძელებას გარკვეული პერიოდის შემდეგ და სხვა. ეს საკითხი განსაკუთრებით კრიტიკულია თვითდასაქმებული, ე.წ. Freelancer ქალებისთვის ტექნოლოგიების, ხელოვნების, არქიტექტურის თუ სხვა სფეროებში. ასევე, ანტრეპრენერებისთვის. მათ უმეტეს შემთხვევაში არ აქვთ წვდომა ამ მხარდაჭერაზე. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ ეს გამოწვევები და დავფიქრდეთ, როგორც საზოგადოება და როგორც დამსაქმებლები, თუ როგორ უნდა შევქმნათ ღირსეული და სტაბილური პირობები ქალებისთვის, რომლებიც ეკონომიკურ დოვლათს ქმნიან და თან დედის ამ მნიშვნელოვან როლს ითავსებენ.
M: და ბოლოს, რა რჩევას მისცემდით ახალბედა დედებს, რომლებსაც მოტივაცია სჭირდებათ, რომ კარიერაშიც მიაღწიონ მიზნებს?
ჯერჯერობით მეც ახალბედა დედა ვარ. ბევრი ვისწავლე სხვა დედებისგან და ჯერ კიდევ ვსწავლობ. ამ პროცესში დიდი შფოთვა და წნეხია, რომ იყო – „იდეალური დედა”, მით უმეტეს, როცა მუშაობ, კარიერულადაც ნერვიულობ, რომ არ ჩამორჩე და პირიქით, წინ იარო.
დედებს დიდი მოლოდინების გამართლება უწევთ. ალბათ ვურჩევდი, ეცადონ, ამ წნეხის ქვეშ არ მოექცნენ; უსმინონ საკუთარ თავსა და შვილს, იყვნენ ძლიერები და გაბედულები, რადგან მათ სულ ახლახან საკუთარ თავში ახალი სუპერძალა აღმოაჩინეს!
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი