1
Nov
2018

ნინუცა ნანიტაშვილი: „ტექნოლოგიების ევანგელისტი ვარ“

1 Nov 2018

„ნინო, ეს ჯილდო გადმოგეცემა იმ ძალისხმევისთვის, რაც შენს ქვეყანაში მშვიდობის მშენებლობისთვის გასწიე, ამ საქმეში ტექნოლოგიების და შენი უნარების გამოყენებისთვის და 400-მდე ღონისძიების ორგანიზებისთვის…“ ასე მიმართა ნინუცა ნანიტაშვილს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ევან რაიანმა. ეს ის დღე იყო,  როცა 23 წლის ნინო ნანიტაშვილს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ახალგაზრდა ლიდერთა ჯილდო გადაეცა. ნინუცა იმ დღეს,  მსოფლიოს 10 ასეთ  ლიდერს შორის აღმოჩნდა. იგი, ასევე, ფლობს ევროკომისიის ჯილდოს სოციალური გავლენის სფეროში. ევროკომისიამვე მიიწვია “მშვიდობის ელჩად” One Young World გლობალურ კონფერენციაზე. ნინუცა არც ფორბსს გამოჰპარვია – მიწვეული იყო Forbes Under 30-ის სამიტზე ერთ-ერთ სპიკერად, რომელიც 30 წლამდელ გავლენიან ადამიანებს ეძღვნებოდა.

ნინუცა ნანიტაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სოციალურ მეცნიერებებათა ფაკულტეტი დაამთავრა, საინტერესო იყოო ამბობს, მაგრამ უეცრად,  აღმოჩენის განცდა მოვიდა და ნინუცა  ტექნოლოგიების სფერომ გაიტაცა…

ნინო ნანიტაშვილი, საქართველოში პირველი google developer group-ის დამფუძნებელია, აქტიურად არის ჩართული ინოვაციების განვითარების ფონდში, სადაც სხვადასხვა პროექტის მეშვეობით ცდილობს ქართველი ახალგაზრდების ცხოვრება უფრო საინტერესო გახადოს, ხელი შეუწყოს ტექნოლოგიებთან მათ  „გაშინაურებას“,  ინოვაციური აზროვნების დამკვიდრებას. ნინუცამ მშვიდობის მშენებლობაშიც სცადა შეეტანა თავისი წვლილი –  ცდილობს, ტექნოლოგიების მეშვეობით კონფლიქტის სიმძაფრე გაანელოს, სწორედ ასეთი იყო მისი ერთ-ერთი ქართულ-აფხაზური პროექტი „მშვიდობის თამაშები“, რომელიც ქართველ და აფხაზ ბავშვებს ეძღვნებოდა.  უამრავ პროექტსა თუ ვორქშოფში ჩართული ნინო ნანიტაშვილისთვის, ინოვაციების მნიშვნელობა ძალიან დიდია.  იგი თვლის, რომ სწორედ მათი მეშვეობით შეგვიძლია, ვიყოთ ეფექტურები და პროდუქტიულები.

ნინო ნანიტაშვილი POPXSpotlight-ის სპიკერია. მსმენელთა წინაშე, იგი ინოვაციების რაობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრებს,  „მარკეტერს“ კი დღეს თავის სათქმელსა და მოსაზრებებს უზიარებს:

M: როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი უნივერსიტეტამდე და მომავალი სპეციალობა როგორ შეარჩიეთ?

სკოლის დამამთავრებელ კლასში გაცვლითი პროგრამით გამაგზავნეს ამერიკაში. მაშინ გადავწყვიტე, რომ ძალიან მაინტერესებდა საერთაშორისო ურთიერთობები,  რადგანაც მომწონდა და მიზიდავდა უცხოელებთან ურთიერთობა. ჩემ გარშემოც ისეთი განწყობა იყო, რომ მე სოციალური მეცნიერებებისთვის ვიყავი შექმნილი. ამიტომაც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე – სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რადგან მინდოდა გავყოლოდი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს სფერო არ იყო რომელიც მაინტერესებდა.  სოციოლოგია და სოციალური ფსიქოლოგია უფრო მიზიდავდა – რატომ ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ, ხალხი ერთმანეთზე როგორ ზეგავლენას ახდენს და მოკლედ ყველაფერი, რაც სოციოლოგიას ეხება. პირველივე კურსზე დავიწყე ეკონომიკის სამინისტროში მუშაობა, ინოვაციების,  კავშირგაბმულობისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტში, სადაც მევალებოდა უცხოურ კომპანიებთან ურთიერთობა, როგორებიცაა Google, Apple, Huawei, Paypal და სხვ.  სწორედ მაშინ მივხვდი, რომ  ძალიან მაინტერესებს ტექნოლოგიების სფერო. აი, ამ დეპარტამენტის დახმარებით დავაარსეთ საქართველოში გუგლის ჯგუფი, რომელიც იყო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პირველი „საზოგადოება“ საქართველოში.  დავიწყეთ ყოველთვიური შეხვედრები, ვგრძნობდი, რომ  სოციალური მეცნიერებები კვლავ ძალიან მაინტერესებს და თუ მინდა, რომ ამ კუთხით რაიმე მნიშვნელოვანი გავაკეთო, ამისათვის ტექნოლოგიებია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.  ასე გადავეშვი ტექნოლოგიების სფეროში და, საბოლოოდ,  როგორც სკოლის ასაკში მეგონა, ისე არ წავიდა ჩემი ცხოვრება. ვფიქრობ, ეს არის, რაღაც კუთხით, ჯადოსნური ამბავი, რადგანაც, დღესდღეობით თავად შეგვიძლია, გამოვიგონოთ პროფესია, რომელსაც სამომავლოდ ავირჩევთ. მაგალითად, დღეს რა პროფესიებიც გვაქვს, ათი წლის წინ ზოგი, საერთოდაც არ არსებობდა.

M: რა იყო თქვენი პირველი სამსახური და რა გამოცდილება შეგძინათ მან?

როდესაც გაცვლითი პროგრამიდან დავბრუნდი, დავიწყე საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებში მუშაობა და გავხდი გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულთა კოორდინატორი.  ვაკეთებდი სხვადასხვა ღონისძიებას, რომლებშიც ამერიკაში ნამყოფი ქართველი მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.  ძალიან კარგი გამოცდილება იყო ამ ღონისძიებების ჩატარება, ეს მომავალი პროექტების მოფიქრებაში დამეხმარა.

M: რადგან ასეთი მრავალმხრივი საქმიანობა გაქვთ, გთხოვთ, გაგვიზიარეთ ახლა რა პროექტზე მუშაობთ და თქვენ მთავარ საქმიანობად რას მიიჩნევთ?

პირველი სამსახურიდან დღემდე არაერთი დამსაქმებელი გამოვიცვალე, თუმცა, ყველგან მე თვითონ ვქმნიდი პროექტებს, რომლებზე მუშაობაც მინდოდა.  ეს ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან სხვადასხვა კომპანიაში პატარ-პატარა სტარტაპებს ქმნი. ერთ-ერთი იყო „ტრაქტორი“ – ფერმერების აპლიკაცია. ამ ყველაფერმა მომცა ის, რომ ფრილანსერი გავხდი, ანუ ჩემი თავის უფროსი. დღეს აქტიურად ვარ ჩართული ინოვაციების ხელშეწყობის ფონდში, რომელიც 3 წლის წინ დავაარსეთ ინოვაციებით გატაცებულმა ადამიანებმა და ამ ფონდის საშუალებით ვაკეთებთ სხვადასხვა პროექტს ახალგაზრდებისთვის. რეალურად, ეს ფონდი ხელს უწყობს ახალგაზრდების აზროვნების სწორად ჩამოყალიბებას, იმის სწავლას, თუ როგორ უნდა დაიწყონ თავიანთი ბიზნესი, როგორ უნდა იყვნენ შემოქმედებითები, როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები განურჩევლად იმისა, რა პროფესიას აირჩევენ. ასევე, ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტში, რომლებშიც, ასე ვთქვათ, ჩემი სოციოლოგიური განათლებისა და ტექნოლოგიებისადმი ინტერესის შერწყმას ვახერხებ.

M: თქვენი რომელი პროექტი მიგაჩნიათ ყველაზე საინტერესოდ ან მნიშვნელოვნად?

„მშვიდობის თამაშები“, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, იგი იმის გააზრებას ემსახურებოდა, რომ ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელია რაღაცების გაუმჯობესება და შეცვლა. ჩვენი ამოცანა იყო ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოება ისე, რომ მათთვის ეს საინტერესო ყოფილიყო. და სწორედ მაშინ  მივხვდით, რომ რადგნაც კომპიუტერული თამაშები ყველა ბავშვს უყვარს, სწორედ ეს უნდა გამოგვეყენებინა. ეს პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოზარდები შერეულ ჯგუფებში თამაშობდნენ და მართლაც ისე გამოვიდა, რომ ამან გარკვეული ურთიერთობები ჩამოაყალიბა.  შევეცადეთ რომ  ბავშვებისთვის, რომლებიც ომის შემდეგ დაიბადნენ და ერთმანეთთან  კავშირის არანაირი შესაძლებლობა არა აქვთ,  გაგვეცნო მეორე მხარე და დაგვერწმუნებინა იმაში, რომ ეს მეორე მხარე ცუდი და რაიმეთი განსხვავებული საერთოდ არ არის. გარდა ამისა, უამრავ პროექტში ვარ ჩართული, რომელთა მეშვეობითაც ვაწყობთ ბანაკებს, ვორქშოფებს, მათში უმეტესად მოხალისე ვარ. ძირითადად, ეს სკოლის მოსწავლეებს ეხება, რადგან ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავს აქტივობებში მონაწილეობა. მაქსიმალურად ვცდილობ, გავცდე თბილისს და რეგიონებში ჩავიტანო პროექტები ტექნოლოგიების მიმართულებით. „ტრაქტორი“ იყო კიდევ ერთი პროექტი, სადაც ასევე შევეცადეთ სოციალური კუთხით გამოგვეყენებინა ტექნოლოგიები და ფერმერებისთვის უფრო მეტი წვდომა მიგვეცა ინფორმაციაზე, ონლაინ-მაღაზიაზე, ონლაინ-კონსულტაქციებზე, საინტერესო ვიდეორგოლებზე. ეს იყო გამოწვევა, რადგანაც ყველაზე ტრადიციული სფეროსთვის უნდა მიგვეცა მაღალი ხარისხის ტექნოლოგიები. ვფიქრობ, გაამართლა, რადგან დღეს „ტრაქტორს“ 30 000 მომხმარებელი და უამრავი ვიზიტორი ჰყავს.

M: უკვე ბევრი გააკეთეთ, თუ მხოლოდ ახლა იწყებთ?

ახლა მგონია, რომ გარდამტეხი მომენტი მაქვს ცხოვრებაში, რადგანაც, ვფიქრობ, რაღაც გამოცდილება უკვე დამიგროვდა და შემიძლია, ჩემს თავსაც და საქმიანობასაც ვუყურო კრიტიკულად. მომწონს ამჟამად როგორც ვარ, სხვადასხვა პროექტი შემიძლია გავაკეთო, სხვადასხვა კომპანიას დავეხმარო რჩევებით და, მგონია, რაღაც უფრო დიდისთვის ვემზადები, რაც, ალბათ, გულისხმობს საკუთარი კომპანიის, ბიზნესის შექმნას ტექნოლოგიების მიმართულებით. ასე მგონია, ჩვენი თაობის შფოთვაა, რომ გავაკეთოთ რაღაცა მნიშვნელოვანი და დიდი, ახლა, მგონი, მაგის მოსამზადებელი პერიოდი მაქვს. ერთადერთი ჩემი კონკრეტული გეგმა არის ის, რომ საინტერესო რაღაცებს ვუთხრა „კი“.

M: წლევანდელ „სპოტლაითზე“ რას ილაპარაკებთ?

სპოტლაითზე ჩემი თემა არის ინოვაციები და ვფიქრობ, იგი ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვისაუბრებ ზოგადად ინოვაციებზე და იმაზეც, რომ, საჭიროა, კიდევ ერთხელ გადავიაზროთ რას ვგულისხმობთ სიტყვა „ინოვაციაში“, ასევე, რატომ გვჭირდება იგი? როდის გვჭირდება? რა მიმართულებით გვჭირდება? და, რეალურად, რა შედეგზე გავყავართ ინოვაციას..

M: როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს ინოვაციას როგორც ზოგადად ცხოვრებაში, ისე თქვენს საქმიანობაში?

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ „ინოვაცია“ რაღაც ბრტყელი სიტყვა არ არის და, რეალურად, გამოიხატება ყოველდღიურ საქმიანობაში, იმ პროცესებში, რასაც მუდმივად გავდივართ. ინოვაციის შეტანა ამ ყველაფერში არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ უფრო ეფექტურები.  მგონია, რომ რასაც ვაკეთებ, ინოვაციების კუთხით იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ვქმნი პატარა პროექტებს და ვცდილობ ისეთი რაღაცები დავტესტო, რაც აქამდე არ გაკეთებულა, თუნდაც ძალიან მცირე  იყოს ეს ყველაფერი. საპილოტე დონეზეც დავამტკიცო, რომ, შესაძლებელია ტექნოლოგიების გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს მშვიდობის მშენებლობა, სოციალური თემატიკა თუ, თუნდაც, აგროკულტურა. ასევე, შემიძლია სხვებს შევუწყო ხელი, რომ ამ მიმართულებით წავიდნენ. თუნდაც ის ბანაკები და პროექტები, რასაც სხვებთან ერთად ვაკეთებ, სწორედ ამას ემსახურება. მართალია, დიდი კორპორაცია არ მაქვს, ტექნოლოგიური გადაწყვეტა არ მომიფიქრებია, მაგრამ, რეალურად, ტექნოლოგიების ევანგელისტი ვარ.

შეგახსენებთ, POPXSpotlight 18 ნოემბერს, „რადისონში“ გაიამართება. ეს არის პირველი „სპოტლაითი“, რომელიც ეძღვნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს.

სრული პროგრამის
სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ბილეთებისთვის ეწვიეთ:
TKT – https://bit.ly/2SLrUQV
Biletebi.ge – https://bit.ly/2PBqcmD

განხილვა