in

ნინუცა ოქროპირიძე – დედობა და კარიერა

„დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე” – ამას რევაზ ინანიშვილი თავის მოთხრობაში წერდა და ნამდვილად გენიალური ფრაზაა. მართლაც, ჩვენ რა უნდა დავწეროთ დედაზე ისეთი, რაც აქამდე არ დაწერილა, ამიტომ ყველაზე ლამაზი და საინტერესოა ინდივიდუალური ისტორიები, რადგან ყველა დედაშვილობის მიღმა საკუთარი მოთხრობა იწერება.

Marketer-ში გადავწყვიტეთ, 3 მარტის, დედის დღისადმი მიძღვნილი სტატიების სერია წარმოგვედგინა, რომლის ფარგლებშიც, სულ სხვა თვალით შეგახედებთ ცნობად, წარმატებულ ქალებს. ისინი ჩვენი რესპონდენტები სხვა დროსაც ყოფილან, თუმცა ამ ამპლუაში – პირველად!

ნინუცა ოქროპირიძე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელია. იმ დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, რაც მას სამსახურში აკისრია, იგი უკვე დედაც არის. ამ სერიის სხვა რესპონდენტებისგან განსხვავებით, ნინუცა შედარებით ახალბედაა ამ ამპლუაში, ამიტომ ძალზე საინტერესოა, როგორია მისი გამოცდილება ახალ და სრულიად განსხვავებულ როლში.

დედაჩემი, როგორც მაგალითი ჩემთვის

ახლა, როცა მეც დედა გავხდი, უკეთ აღვიქვამ, რამხელა ძალისხმევა და ენერგია სჭირდება ბავშვის აღზრდას. დედაჩემს ჰქონდა უნარი, რომ ეს ყველაფერი მარტივად და ბუნებრივად წარმოეჩინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად ნაკლები რესურსი არსებობდა მაშინ, ვიდრე ახლა. შესაბამისად, არასოდეს მიგრძნია, რომ მისთვის რაიმე სირთულეს წარმოადგენდა, რადგან ყოველთვის იქ იყო, სადაც მჭირდებოდა. ვცდილობ, მისგან მაგალითი ავიღო, ხშირად ვეკითხები რჩევებს და ვისმენ მის გამოცდილებას. 

დედობა, როგორც ახალი ამპლუა

მე 30 წლის ვარ და სულ რაღაც ხუთი თვის წინ გავხდი დედა. წელს დედის დღეს პირველად შევხვდი ამ როლში.

ვფიქრობ, რომ უკვე საკმაო გამოცდილება დავაგროვე ჩემს სფეროში მუშაობით, თუმცა განვითარების შესაძლებლობები უსაზღვროა და არც მე ვაპირებ გაჩერებას. მინდა, უახლეს ტექნოლოგიებს, AI-ს მიმართულებით სრულფასოვნად დავეუფლო. შესაბამისად, როდესაც დეკრეტის პერიოდი დასრულდება, მუშაობასთან ერთად აქტიურად ჩავერთვები სწავლის პროცესშიც. 

რას ვეტყოდი სტერეოტიპებს, თითქოს დედობა ხელს გვიშლის მუშაობაში

ჩემი აზრით, ის ახალი რეალობა, რაც ბავშვის გაჩენასთან ერთად დგება, გავლენას ახდენს ჩვენზე, თუმცა მჯერა, რომ ამ სიტუაციის მართვა შესაძლებელია. არ არსებობს უნივერსალური რეცეპტი, რადგან ყველას პრიორიტეტი და სიტუაცია განსხვავებულია. ჩემს შემთხვევაში, იმისთვის, რომ ვიყო დედა, რომელიც ემოციურად/მენტალურად კარგ მდგომარეობაშია, აუცილებელია, მქონდეს სამსახური და ჩემი პოტენციალის რეალიზების საშუალება. ასევე, იმისათვის, რომ ვიყო კარგი თანამშრომელი და ვფოკუსირდე საქმეზე, მნიშვნელოვანია, ვატარებდე ხარისხიან დროს ჩემს შვილთან და არ ვფიქრობდე, რომ მას ჩემი ყურადღება აკლია. ეს ბალანსი არის ჩემი მიზანი და იმედი მაქვს, შევძლებ განხორციელებას. 

რას ვურჩევდი ახალბედა დედებს

ახალბედა დედებს, პირველ რიგში, მინდა ვუთხრა, რომ თქვენი ძალისხმევა შეუფასებელია და ბავშვის აღზრდა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო რამ, რაც არსებობს. ცხოვრების ამ ეპიზოდში მენტალური ჯანმრთელობა არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დედებისთვის. ამის შემდგომ მოსაძიებელია ის დამხმარე რესურსები, რომლებიც უზრუნველყოფს თქვენს თავისუფალ დროს სამსახურისთვის, ან თუნდაც ისეთ საქმეზე დაფიქრება, რომელიც ბავშვის აღზრდის პარალელურად რეალური იქნებოდა. მე მჯერა, რომ შესაძლოა, უკეთესი დედები გავხდეთ იმ შემთხვევაში, თუ გვექნება შესაძლებლობა, ვაკეთოთ ის საქმე, რაც გვიყვარს.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ელიავას ბაზრობის ინოვაციური პროექტი – საქართველოს უნივერსიტეტის კიდევ ერთი წარმატება

კატო რამიშვილი — გაკვეთილები წარმატებული ქართველი ქალებისგან