ჩვენს რუბრიკაში ვაგრძელებთ ავტომწარმოებელთა ისტორიის გაცნობას და მთელ ამ პროცესში ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი ისაა, რომ ყოველი ბრენდის ისტორიის გაცნობა თავისებურად გვაოცებს და გვარწმუნებს იმაში, რომ როცა არსებობს სურვილი და მიზანი, ყოველთვის ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. სწორედ ასეთი გზა გაიარა ყველასთვის კარგად ნაცნობმა Nissan-მა და დღეს მის შესახებ მოგიყვებით.
Nissan ავტომობილების ცნობილი ბრენდია, რომელსაც ამავე სახელწოდების იაპონური კომპანია აწარმოებს. სათავო ოფისი კი მდებარეობს იოკოჰამაში. “ტოიოტასა” და “ჰონდასთან”, ასევე დიდ იაპონურ კომპანიებთან ერთად, ეს ბრენდი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებზეა არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ მთელ მსოფლიოში. ბევრმა შეიძლება არც კი იცის, რომ სტანდარტულ ავტომობილებთან ერთად, ის ეწევა კომერციული და სატვირთო მანქანების, სპორტული ნავებისა და საკომუნიკაციო თანამგზავრების წარმოებას.

დაარსება
Nissan 1925 წელს დაარსდა Dat-ის მანქანების მწარმოებლებითა და Jitsuo Jidosha Co-ს გაერთიანებით, ამიტომ მისი თავდაპირველი სახელი Dat Jidosha Seizo Co. იყო. ავტომწარმოებლის დაბადების ოფიციალური თარიღია 1933 წლის 26 დეკემბერი, როდესაც შეიქმნა Jidosha Seizo Co., Ltd. პრეზიდენტ იოშისუკე აიკავასთან ერთად. 1934 წლის 1 ივნისს კომპანიას ეწოდა Nissan Motor Co., Ltd.
სულ მალე მან ააგო პირველი ქარხანა, რომელიც წელიწადში 15,000 ერთეულს აწარმოებდა, თუმცა Nissan Motor Co.-ს არ ჰქონდა დიდი გამოცდილება, რის გამოც იოშისუკე აიკავამ დაიწყო პარტნიორის ძებნა ერთობლივი საწარმოს შესაქმნელად.
არჩევანი შეჩერდა General Motors-ზე, თუმცა როცა გარიგება უკვე თითქმის დასრულებული იყო, იაპონიის მთავრობამ მასზე აკრძალვა დააწესა. უილიამ გორჰემი, რომელიც შემდგომ Nissan-ის მთავარი დიზაინერი გახდა, წავიდა შეერთებულ შტატებში და შეიძინა აღჭურვილობა გაკოტრებული Graham-Paige-სგან. როდესაც ამერიკული ავტოკომპანიის აღჭურვილობა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ჩავიდნენ იოკოჰამაში, ქარხანაში გეზი აიღეს საკუთარი ავტომობილების წარმოებაზე. დაიწყეს გამოშვება Datsun-ის ბრენდის ქვეშ, თუმცა უკვე ნელ-ნელა ჩნდებოდა რაღაც ერთეულები პრეფიქსით Nissan.
პირველი მანქანები
1934 წელს გამოვიდა Nisanocar, რომელსაც უწოდეს ყველაზე ეკონომიური და საიმედო პატარა მანქანა. მისი სიჩქარე 75კმ/სთ-ს შეადგენდა და გამორჩეული იყო დახვეწილი დიზაინით.

1935 წლიდან კი კომპანია იწყებს ხარისხის განვითარებაზე ზრუნვას და აუმჯობესებს მანქანების წარმოების ტექნოლოგიას. ამას გარდა, ეს წელი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ კომპანიამ დაიწყო მხოლოდ იაპონური წარმოების კომპონენტების გამოყენება.
იმავე, 1935 წლიდან კომპანიამ დაიწყო ზრუნვა მარკეტინგზე, რისთვისაც შეიმუშავა ახალი პოლიტიკა და პირველ რიგში, ეს ეხებოდა ემბლემებსა და ბრენდის სიმბოლიკას.
კორპორაციის პირველი ემბლემა იყო წითელი წრის კომბინაცია, რომელიც ამომავალ მზეს აღნიშნავდა. ამავე პერიოდში დაიწყეს ბრენდის სლოგანის შემუშავება – “გულწრფელობას მოაქვს წარმატება” და გაყიდვების გაფართოება. კერძოდ, მანქანების ავსტრალიაში გაყიდვა.
პირველი ავტომობილი, რომელიც უკვე “ნისანის” სახელით გამოვიდა, იყო მოდელი Type 70, რომელსაც ჰქონდა მიმზიდველი დიზაინი და საკმაოდ ფართე ინტერიერი, რაც მას კომფორტულობას ჰმატებდა. მანქანა 7-ადგილიანი იყო, კორპუსი მთლიანად ფოლადისგან ჰქონდა დამზადებული, ხოლო საქარე მინა უსაფრთხოების ნორმებით იყო დამზადებული.

აღსანიშნავია, რომ მსუბუქთან ერთად, ფურგონის ტიპისა და ავტობუსის Type 70 მოდელებიც გამოვიდა.
50-იანი წლები
1950-იან წლებში Nissan ეძებდა გზებს, რათა მიეღო წვდომა ავტომობილებისა და ძრავების მოწინავე ტექნოლოგიაზე. პარტნიორად მან Austin აირჩია ბრიტანეთიდან და გააფორმა მასთან ხელშეკრულება. Nissan აწარმოებდა და ყიდდა მანქანებს ოსტინის ბრენდის ქვეშ შვიდი წლის განმავლობაში. 1953 წლიდან 1959 წლამდე 20 855 მანქანა იწარმოებოდა. შეთანხმებამ ასევე მისცა ნისანს უფლება, გამოეყენებინა ბრიტანული მარკის პატენტები. იაპონელებმა წარმატებით გამოიყენეს მოპოვებული ტექნოლოგიები საკუთარი ძრავების წარმოებაში.
1951 წლიდან, სამხედრო მანქანების წარმოების გამოცდილებით, ბრენდი აწარმოებს Patrol-ის ყველა წამყვან ჯიპს. იგი აღჭურვილი იყო ძლიერი ექვსცილინდრიანი ძრავით, გამაგრებული ჩარჩოთი და მყარი ღერძებით. მოდელის აგების ეს პრინციპი გამოიყენება დღემდე. 3.7-ლიტრიანი ძრავა 75 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, ბრუნი კი ოთხივე ბორბალზე გადადიოდა, ოთხსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით. მოგვიანებით, ძრავის ხაზი შეივსო 92 ცხენის ძალის სიმძლავრის ბლოკით, შემდეგ კი 4 ლიტრიანი ძრავით 105 ცხენის ძალისა გახდა.

1958 წლიდან კომპანიამ დაიწყო მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1960 წელს კალიფორნიაში იხსნება პირველი ოფიციალური ფილიალი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე Nissan Motor Corporation USA. 1962 წელს დაიწყო მანქანების მიწოდება ევროპის ქვეყნებში.
70-90-იანი წლები
1969 წელს ამერიკის ბაზარზე ლეგენდარული 240Z გამოვიდა. იგი აღჭურვილი იყო 2.4-ლიტრიანი ძრავითა და თუჯის ბლოკით, ალუმინის შენადნობის სახურავით, თითო ცილინდრზე ორი სარქველით და მისი სიმძლავრე იყო 151 ცხ.ძ. თავდაპირველად, ძრავა აგრეგირებული იყო ოთხ ან ხუთ-სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისიით, ხოლო 1970 წლის სექტემბრიდან გამოჩნდა სამ სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია.
ამ მოდელს ხშირად Porsche-ს ადარებდნენ და მის მთავარ კონკურენტად მიიჩნევდნენ. 70-იან წლებში იგი აღიარებულ იქნა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად სპორტულ მანქანად.
80-იანი წლებიდან კომპანიამ გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინა Datsun ბრენდი და უფრო დიდ მასშტაბებზე გასულიყო. შეიმუშავეს ახალი მარკეტინგული სტრატეგიები, რომელიც მათ უფრო დიდ ბაზარზე გაიყვანდა.
1990 წელს გამოჩნდა Nissan Primera, რომელიც ძირითადად ევროპული ბაზრისთვის იყო განკუთვნილი და დიდ ბრიტანეთში იყო აწყობილი.

90-იანი წლების ბოლოს კომპანიამ ფინანსური სირთულეები განიცადა. 1999 წელს მისი აქციები ფრანგულმა ავტომწარმოებელმა Renault-მა გამოისყიდა. ახალმა ლიდერმა, კარლოს გოსნმა, წარმატებით განახორციელა Nissan-ის აღდგენის პროგრამა, რამაც იგი ძალიან პოპულარული გახადა იაპონიაში.
1995 წელს იწყება Almera მოდელის წარმოება, იქმნება საწარმო ინდონეზიაში. 1997 წელს Primera-სა და Bluebird-ზე დამონტაჟდა CVT საწვავის კოლოფი, ეკონომიის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, ჩნდება კომპანიის პირველი განვითარება ჰიბრიდული ტექნოლოგიების სფეროში – HEV (ჰიბრიდული ელექტრო მანქანა).
პოპულარული მოდელები
2006 წლიდან გამოდის Nissan Qashqai, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი ბრენდისთვის, რომელიც ლონდონში შეიქმნა. 2014 წლიდან ამ მოდელის მეორე თაობის წარმოება დაიწყეს სანკტ-პეტერბურგში.
2015 წლიდან Nissan LEAF ხდება კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი, თავისი სიმარტივისა და ლამაზი დიზაინის გამო. მანქანა საკმაოდ დაბალბიუჯეტურია, რაც კიდევ უფრო ზრდის მასზე მოთხოვნას. გამოშვების დღიდან მოყოლებული დღემდე, ეს მოდელი მოწინავე ადგილებს იკავებს.

დღესდღეობით ბრენდი მთელ მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია მრავალფეროვანი მოდელებითა და დიდი არჩევანით. მას აქვს ცალკე ხაზი – Infiniti, რომელიც ბრენდის უფრო ძვირფას კატეგორიაზეა გათვლილი.
კომპანია აწარმოებს ყველანაირი ტიპის ავტომობილს, როგორც მსუბუქ, ისე სატვირთოს კატეგორიებში. მისი მთავარი ნიშა კი კვლავ 1934 წლიდან დაწყებული იდეაა, რომელიც მუდმივ განვითარებასა და მომხმარებელზე მორგებას მოიაზრებს.












