9
Jul
2019

“აიგრუპის” PR-სა და მარკეტინგის სამსახურს ნიცა ჩოლოყაშვილი უხელმძღვანელებს

9 Jul 2019

ნიცა ჩოლოყაშვილი ქართული ინდუსტრიული ჯგუფის “აიგრუპი” გუნდს შეუერთდა. ახალ პოზიციაზე კომუნიკაციების სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურს ჩაუდგება სათავეში. “აიგრუპი” მწვანე ბიზნესის მიმართულებით მუშაობს. მის პროექტებს შორისაა ელექტრომობილების გაზიარების სერვისი “აიქარი”, “აიპროდაქშენი” – კომპანიაა, რომლის ეგიდითაც შენდება ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა. სწორედ ამ ქარხნიდან გავა ექსპორტზე ელექტრომობილები, წარწერით – made in Georgia; “აიგრუპის” შემადგენლობაშია, ასევე, კომპანია “აიენერჯი”, “აიფაუერი”… “აიგრუპამდე” ნიცა ჩოლოყაშვილი “IDS ბორჯომის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. როგორ მოხვდა მინერალური წყლის ინდუსტრიიდან ელექტრომობის მიმართულებით და რა გამოწვევები ელის ახალ პოზიციაზე, ნიცა ჩოლოყაშვილმა მარკეტერის შეკითხვებს უპასუხა:

“გადაწყვეტილების მიღება სიახლეებისკენ სწრაფვამ განაპირობა. ასე იყო თავის დროზეც, როცა ჟურნალისტიკიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში გადმოვინაცვლე. ამ 12 წლის მანძილზე, კომპანია „ბორჯომში“ მუშაობამ საკმაოდ დიდი გამოცდილება შემძინა. ბევრი კრიზისი გამოვიარეთ ერთად, დაწყებული 2006 წლის ბაზრის დაკეტვიდან, დღემდე. კრიზისებზე გაცილებით მეტი წარმატებული, ინოვაციური  პროექტი განვახორციელე ბორჯომის საოცარ გუნდთან ერთად. რაც პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შევიძინე უამრავი მეგობარი, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე გამყვება. უსაზღვროდ ამაყი ვარ, რომ „ბორჯომის“ ბრენდის განვითარების ისტორიაში, რომელიც ამ საუკუნეში იწერება, მეც ჩემი მცირე წვლილი შევიტანე.”

M: რამ დაგაინტერესა ამ მიმართულებაში და რა შევა შენს ახალ ფუნქციებში?

პროექტები, რომლებსაც “აიგრუპი” ახორციელებს ახალია ბაზრისთვის, სრულიად ახალი, ძალიან თანამედროვე და მიმართულია ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებისკენ. მწვანე ბიზნესის წარმოება მსოფლიო ტრენდია და ძალიან მიხარია, რომ ეს ტრენდი ფეხს უკვე საქართველოშიც იკიდებს. ჩემთვის გამოწვევა იყო ეს შემოთავაზება, სრულიად ახალ სამყაროში შესვლა და ამ სამყაროს ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

ფუნქციებში შევა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები, კორპორატიული და ბრენდ პიარი. იქიდან გამომდინარე, რომ ახალ კომპანიებთან გვაქვს საქმე, სამუშაოა ცნობადობის ამაღლებაზე, ბრენდის პარამეტრების შექმნასა და მათ განვრცობაზე, ზოგადად საზოგადოების განათლებაზე. ნაწილი კომპანიებისა მომსახურების სფეროა, ნაწილი წარმოება და მომხმარებელზე გათვლილი პროდუქტს სტავაზობს ბაზარს, ნაწილი კი B2B. მნიშვნელოვანი კომპონენტია მთავრობასთან ურთიერთობის მიმართულებაც. ძალიან დიდი სპექტრია, საინტერესო და მრავალმხრივი.

M: რა სპეციფიკურ განსხვავებას ხედავ ახალ საქმიანობაში, მინერალური წყლის ბიზნესთან შედარებით?

მანქანებში უნდა გავერკვე, ძრავებში, ელემენტებში, დამტენებში, მზის პანელებით ელ. ენერგიის მიღების ნიუანსებში. ნამდვილად არ იყო ეს ჩემი ძლიერი მხარე აქამდე, მაგრამ მომიწევს. უკვე მიანტერესებს კიდეც და მგონია, რომ გავერკვევი. რადგან ერთხელ უკვე მქონდა მსგავსი გამოცდილება. ხმამაღლა ნათქვამში არ ჩამომართვათ, მაგრამ მინერალური წყლის წარმოშობა, გეოგრაფიული ადგილდებარეობები, ჰიდროგეოლოგიის თავისებურებები, წარმოების ნიუანსები თუ ქიმიური შემადგენლობა ძალიან ჩვეულებრივი ამბავია დღეს ჩემთვის.

M: როგორ ფიქრობ, რა ძირითადი გამოწვევა გელის “აიგრუპში”?

პირველი მთავარი გამოწვევა საზოგადოების განათლებაა. დიდი სამუშაოა ჩასატარებელი ამ მიმართულებით. ძალიან ბევრი თემაა, რომელიც ჩემთვისაც ახალია. ამიტომ, ბევრი გვაქვს სამუშაო ამ მიმართულებით. უნდა გავერკვეთ და ჩამოვყალიბდეთ, ვისზე მოდის პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის კუთხით, თითოეულ ჩვენგანზე თუ ხელისუფლებაზე. ის, რომ არანაკლები პასუხისმგებლობა მოდის ჩვენზე რთული აღსაქმელია ხშირად, ჩვენ ხომ გვგონია, ყველაფერი სხვამ უნდა გაგვიკეთოს. გამოწვევაა ასევე ის, რომ შევძლოთ და ჩავანაცვლოთ შიდაწვის ძრავიანი მანქანები უახლოეს მომავალში ქართული ელექტრომობილებით. აქაც ბევრია სამუშაო, ინფორმაციის მიწოდების კუთხით. მოკლედ, საქმე ბევრია და რაც მთვარია, საინტერესო.

M: უფრო ვრცლად გვიამბე “აიგრუპზე”, რა პროექტები აქვს კიდევ?

“აიქარსა” და “აიპროდაქშენზე” უკვე იცით. ამას გარდა, “აიპროდაქშენი” აშენებს ინდუსტრიულ კომპლექსს. ეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰაბი იქნება, სადაც საბოლოო ჯამში 3000 ადამიანი დასაქმდება. ქუთაისშივე გაიხსნება პროფესიული კოლეჯი, სადაც მომზადდება და გადამზადდება კადრები საწარმოსთვის. თბილისში ან რომელიმე სხვა დიდ ქალაქში კი იგეგმება დიზაინის ინსტიტუტის გახსნა, რომელიც აღუზრდის კადრებს როგორც ქვეყანას, ასევე ჩვენს კომპანიებსაც. კომპანია “აიენერჯი”, საქართველოს მასშტაბით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე მუშაობს. დამტენების ინფრასტრუქტურის გარეშე წარმოუდგენელია ელექტრომობილების სრულყოფილი ფუნქციონირება. და ბოლოს, “აიფაუერი” – კომპანიაა, რომელიც მზის პანელებით ელექტროენერგიის გენერაციაზე მუშაობს. როგორც ხედავთ, ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის წარმოება ის მიმართულებაა, რომელიც აიგრუპის ქვეშ გაერთიანებული თითეული კომპანიის მამოძრავებელი ძალაა.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა