ზოგი ბრენდი უბრალოდ პროდუქციაა, ზოგი – ბავშვობის მოგონება, სურნელი და შეგრძნება. Nivea სწორედ მეორე კატეგორიას ეკუთვნის. საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ბრენდმა მოახერხა ის, რაც იშვიათად გამოსდის კოსმეტიკურ ინდუსტრიას – დარჩენილიყო მარტივი, სანდო და, ამავე დროს, თანამედროვე. ეს არის ისტორია მეცნიერების, ზრუნვისა და თანმიმდევრული განვითარების შესახებ.
როგორ დაიწყო ყველაფერი
Nivea-ს ისტორია იწყება გერმანიაში 1911 წელს. ბრენდის შექმნა უკავშირდება სამ ადამიანს, თუმცა მთავარი ფიგურა იყო დოქტორი ოსკარ ტროპლოვიცი – ფარმაცევტი და მეწარმე, რომელიც იმ დროისთვის უკვე ხელმძღვანელობდა კომპანიას “Beiersdorf”.
კომპანიისთვის წარმატებად იქცა ახალი ინგრედიენტის აღმოჩენა, ემულგატორის, რომელიც წყლისა და ზეთის სტაბილურ შერწყმას უზრუნველყოფდა. ამ აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა პირველი თანამედროვე კრემის შექმნა, რომელიც იყო: სტაბილური, ხანგრძლივი მოქმედების და კანისთვის უსაფრთხო.
სახელი “Nivea” მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან “niveus”, რაც „თოვლივით თეთრს“ ნიშნავს. ეს კრემის ფერსა და სისუფთავის იდეას უკავშირდებოდა.
ლურჯი ქილის შექმნა, როგორც ვიზუალური იდენტობის ძალა
პირველი შეფუთვები განსხვავებული იყო, თუმცა 1925 წელს Nivea-მ მიიღო ის სახე, რომელიც დღესაც ყველასთვის ნაცნობია – ლურჯი ქილა თეთრი ლოგოთი.
ეს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ ყოფილა: ლურჯი სანდოობისა და სიმშვიდის ფერია, ხოლო თეთრი – სისუფთავისა და ზრუნვის სიმბოლო.
ამ ვიზუალმა ბრენდი მარტივად ამოსაცნობი გახადა მთელ მსოფლიოში და Nivea-ს ერთგვარ „ოჯახურ პროდუქტად“ აქცია.
„Nivea-ს გოგოები”
1925 წელსვე ბრენდმა ბერლინის ერთ-ერთ გაზეთში განათავსა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდა NIVEA-ს სამ გოგონას. ამან საზოგადოების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ბრენდი არ იყო ორიენტირებული ლამაზმანებზე, მას უბრალოდ სჭირდებოდა ჯანსაღი, ბუნებრივი ვიზუალის მქონე ქალები.
ერთმა ახალგაზრდა დედამ, ქალბატონმა ფრელიხმა ფლენსბურგიდან, რეკლამა ნახა და გადაწყვიტა, რომ მისი სამი ქალიშვილი: მარგო, ელფრიდე და ჰერტა, იდეალურები იქნებოდნენ. როდესაც მამამ მისი გეგმის შესახებ გაიგო, მან ნათლად განაცხადა, რომ არ სურდა, მისი ქალიშვილები „რეკლამის გოგონები“ ყოფილიყვნენ, ამიტომ დედამ მათი კანდიდატურა მისთვის უთქმელად წარადგინა.
გოგონებს გაუმართლათ. მათ კონკურსში 1000-ზე მეტი სხვა გოგონა დაამარცხეს. უცნაურია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ოჯახს NIVEA-ს შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, რადგან ისინი სამოადან გერმანიაში ახალი გადასულები იყვნენ, სადაც ბრენდის პროდუქცია ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი.
გაფართოება და ევოლუცია – ათწლეულების გზაზე
1930-1950-იანი წლები
Nivea სწრაფად ვრცელდება ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. ბრენდი იწყებს ექსპორტს, თუმცა მეორე მსოფლიო ომი მნიშვნელოვნად აფერხებს განვითარებას.
1950-1970-იანი წლები
ომის შემდეგ Nivea ბრუნდება ბაზარზე განახლებული ენერგიით. ამ პერიოდში ჩნდება: მზისგან დამცავი პროდუქტები, საპნები და სხეულის მოვლის ხაზები. ამით ბრენდი თანდათან სცდება მხოლოდ „ერთ კრემს“.
1980-1990-იანი წლები
Nivea იწყებს სეგმენტაციას:
- Nivea for Men
- პროდუქტები ბავშვებისთვის
- სახის მოვლის სპეციალიზებული სერიები
ეს პერიოდი ბრენდის გლობალურ სტრატეგიაზე გადასვლის ეტაპია.
პროდუქტები, რომლებმაც ისტორია შექმნეს
Nivea-ს წარმატება მხოლოდ მარკეტინგს არ ეყრდნობა – ის პროდუქტების მიმართ ნდობაზეა აშენებული.
ყველაზე საკულტო პროდუქტებია:
Nivea Creme – ლეგენდარული უნივერსალური კრემი
Nivea Soft – მსუბუქი ტექსტურის ყოველდღიური მოვლა
Nivea Men – მამაკაცის კანისთვის შექმნილი ხაზები
Nivea Sun – მზისგან დაცვის ინოვაციური პროდუქტები
ბრენდის მთავარი პრინციპი ყოველთვის იყო: „ეფექტურობა ზედმეტი სირთულეების გარეშე”.
მეცნიერება და ზრუნვა – Nivea-ს ფილოსოფია
დღეს Nivea კვლავ ეკუთვნის კომპანია **Beiersdorf-ს** და აქტიურად იყენებს სამეცნიერო კვლევებს. ბრენდს აქვს: საკუთარი კვლევითი ლაბორატორიები, თანამშრომლობს დერმატოლოგებთან, მკაცრი ხარისხის კონტროლს აწესებს.
ამავდროულად, Nivea უფრო მეტად აქცევს ყურადღებას: მდგრად შეფუთვას, გარემოზე ზრუნვას, ინკლუზიურობასა და ხელმისაწვდომობას.
Nivea დღეს – ტრადიცია და თანამედროვეობა ერთად
დღეს Nivea წარმოდგენილია 200-ზე მეტ ქვეყანაში და რჩება ერთ-ერთ ყველაზე სანდო კანის მოვლის ბრენდად მსოფლიოში. ის არ ცდილობს ტრენდებზე ნადირობას. ნაცვლად ამისა, ვითარდება ნელა, გააზრებულად და მომხმარებელზე ორიენტირებულად.
Nivea-ს ისტორია გვაჩვენებს, რომ ზოგჯერ ყველაზე ძლიერი სტრატეგია არის სტაბილურობა, სიმარტივე და რეალური ზრუნვა ადამიანებზე.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.











