თუ 1984 წელს ჰერმესმა Birkin Bag გამოუშვა და ფუფუნების საგნების მოყვარული მომხმარებლები მის საყიდლად გაემართნენ, უკვე 2023 წელს ბრენდის გულშემატკივრები ჰერმესის თამაშში ჩაერთნენ… ეს განსხვავებული სამყაროა — „ახლა ის, რასაც განიცდით გამომწვევი ფაქტორია, სტიმული ახლანდელი და მომავალი ამბებისთვის“. ამ ყველაფერს კი ტერმინი Experiential luxury აერთიანებს, სადაც ყველაფერი ურთიერთობებს ეხება, კონკრეტულად კი პროდუქტის მიღმა არსებულ ამბავს, კურირებასა და უნარს, ჩააქსოვო ნარატივი პროდუქტში…
პიეტრო დუჩი, EPAM-ის ინოვაციური კონსულტირების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნამდვილი ღირებულება წუხილებისა და პრობლემების მოხსნის უნარში იმალება, რომლებიც მომხმარებლის გონებაშია. ამ ადგილს რეალური ღირებულებით უნდა ავსებდეთ, ელემენტებით, რომლებიც ცნობისმოყვარეობისკენ გვიბიძგებს და თავს ცოცხლად გვაგრძნობინებს. მოკლედ რომ ვთქვათ, დუჩი ამას ერთ ფრაზაში აერთიანებს — „სწორი გრძნობა სწორ ადგილზე სწორ დროს სწორი პროდუქტით“.
დღეს კი ფუფუნების ბრენდებმა გამუდმებით უნდა დასვან კითხვა, რომელი გრძნობა შეგვიძლია შევქმნათ მომხმარებლებისთვის? რომელი არხია ყველაზე კარგი ამ გრძნობის მისატანად აუდიტორიამდე? და რომელი ბრენდი აწვდის მომხმარებლებს კარგ გამოცდილებას? ამის მაგალითად ესპანური მოდის სახლი Loewe შეგვიძლია ჩავთვალოთ, ბრენდი, რომელმაც საკუთარი თავის პოზიციონირება მოახდინა, როგორც „კარგი დიზაინის ჩემპიონი“.

ხოლო თუ კარგი დიზაინის მიღმაც წავალთ, Jacquemus-ამდე მივალთ — „24-საათიანი მონოქრომული აპარატი შუა საუკუნეების ეზოში ან პარიზის ქუჩებში, სადაც 1000-დოლარიანი ჩანთა თქვენი საკრედიტო ბარათით შეგიძლიათ იყიდოთ“. გამოდის, იღბლიან მფლობელებს მიეცათ შესაძლებლობა, უნიკალური ვაჭრობის გამოცდილება გაეზიარებინათ…
Experiential luxury კი მიზნად ისახავს, ინდივიდუალიზმით გამოირჩეოდეს, შესაბამისად, „თუ გამოცდილება სხვა ბრენდის მიერ შეიძლება განმეორდეს მაშინ, სხვები მის წარმოებასაც საკმაოდ მარტივად აითვისებენ“. აქ კი როშელ ვანგი, EPAM-ის გამოცდილების კონსულტირების ხელმძღვანელი მაგალითად კომპენჰაგენის სახელგანთქმულ რესტორან Noma-ს ასახელებს — „ნომა სტუმართმოყვარეობის ბიზნესშია, 3 მიშელინის ვარსკვლავი აქვს და როცა სტუმარი შემოდის, ყველამ უნდა შეწყვიტოს ყველაფრის კეთება სამზარეულოში და კარებისკენ წამოვიდეს, რაღაც რომ იწვოდეს, მაშინაც კი!“.
კიდევ ერთ მაგალითად Equinox და მისი პრემიუმ სავარჯიშო გამოცდილება შეგვიძლია ჩავთვალოთ. ეს უბრალოდ სავარჯიშო დარბაზი კი არ არის, არამედ, სივრცე სადაც მაღალი რანგისა თუ შემოსავლების მქონე ადამიანებს შეუძლიათ ვარჯიში და ურთიერთობა… ხოლო, როცა საქმე Experiential luxury-ს ეხება, ბრენდებმა უნდა იმუშაონ, რათა ეს ექსპერიმენტული გამოცდილება ყველა შეხების წერტილში შეინარჩუნონ. ამისთვის კი კარგი იქნება, თუ შემდეგ კითხვას დასვამენ: „ის, რასაც ვაკეთებ, საკმარისია?!“.











