დროსთან ერთად, სულ უფრო პოპულარული ხდება ეკომეგობრული ალტერნატივებით იმ ნივთების ჩანაცვლება, რომლებსაც აქამდე ყოველდღიურობაში ვიყენებდით. ცვლილება მომდინარეობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებიდან, რომელიც ბოლო დროს ძალიან გაძლიერებულ მიმართულებად იქცა საჭიროებებიდან გამომდინარე.
ბევრმა ადამიანმა მსოფლიო მასშტაბით, უკვე იპოვა თავისი „მწვანე გზა”. ამ სტატიაში პრაქტიკულ მაგალითებს განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება ჩანაცვლდეს ყოველდღიური მოხმარების ნივთები ეკომეგობრული ალტერნატივებით. ამ პრაქტიკით, სახლში იქნებით თუ სამსახურში, შეძლებთ თქვენებურად იზრუნოთ გარემოზე.
წყლის ბოთლები
მრავალჯერადი გამოყენების ბოთლი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური ჩანაცვლებაა. ბოთლები, რომლებიც გადამუშავებული უჟანგავი ფოლადისგან მზადდება, უფრო სასარგებლოც არის ადამიანისთვის და გარემოსაც არ აზიანებს.
მრავალჯერადი ყავის ჭიქები
პლასტმასის ჭიქების ნაცვლად და განსაკუთრებით ოფისებში, საავადმყოფოებსა და მსგავს დაწესებულებებში, საუკეთესო არჩევანად ხშირად სახელდება მრავალჯერადი, პერსონალური ან ქაღალდისგან დამზადებული ალტერნატივები.
ციფრული ჩანაწერი ქაღალდის ფურცლის მაგივრად
ჩანაწერების მოყვარულებისთვის პლანშეტი და მსგავსი ელექტრონული მოწყობილობები ყველაზე კარგი არჩევანია. ისინი ამცირებს ქაღალდის მოხმარებას, მარტივად სინქრონდება სხვა მოწყობილობებთან და მინიმალისტური დიზაინით გამოირჩევა.
შევსებადი კალმები
ვინც მაინც ფურცელს ამჯობინებს, შეუძლია პლასტმასის ხმარებისგან მაინც დაიცვას გარემო მრავალჯერადი კალმებით, რაც იაფი და ეფექტური ჩანაცვლებაა.
ცვილის საკვების შესაფუთები
ცვილის ქსოვილი ალუმინის ფოლგასა და ერთჯერად პარკებს ცვლის. მრავალჯერადია, ანტიმიკრობულია და გარემოზეც არ აისახება უარყოფითად.
მყარი საპონი და შამპუნის ბარები
ქაღალდში შეფუთული მყარი საპნები და შამპუნის ბარები პლასტმასის ბოთლებს ანაცვლებს.
კოსმეტიკა
ვეგანური და მდგრადი შეფუთვის მქონე მაკიაჟის ხაზი, რომელიც დიზაინსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და არც ცხოველურ პროდუქტებს იყენებს, იდეალური ვარიანტია. სანამ სილამაზის ბრენდის პროდუქციას შეიძენთ, გაეცანით, რა აწერია შეფუთვაზე.
აღდგენილი ტექნიკა და ელექტრონიკა
არ არის საჭირო, ოდნავ დაზიანებული მოწყობილობები ეგრევე გადაყაროთ და ელექტრონულ ნარჩენებად აქციოთ. ამით მარტო ბუნებას კი არ გადაარჩენთ, ფინანსურადაც მოგებული დარჩებით. მოწყობილობა, რომელიც, როგორც მინიმუმ, შეკეთებას ექვემდებარება, შეგიძლიათ კიდევ დიდხანს გამოიყენოთ. იმ შემთხვევაში კი, თუ ის სამუდამოდ გაფუჭდა, სპეციალურ პუნქტში ჩააბარეთ და არა – ნაგავსაყრელზე.
მეორადი ტანსაცმელი
ტანსაცმლის მეორადი ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაბიჯია გარემოს დაცვისა და ნარჩენების შემცირების თვალსაზრისით. უკვე არსებული რესურსის ხელახლა გამოყენება ნამდვილად კარგი იდეაა მათთვის, ვისაც გარემოს დაცვა აინტერესებს. მათ შეუძლიათ თავად იყვნენ როგორც მომხმარებლები, ისე ჩამბარებლები.
საკუთარი სკეტჩბუკის შეკვრა ნარჩენი ქაღალდით
ცოტა კრეატიული ადამიანი მზა ბლოკნოტების ყიდვის ნაცვლად ნარჩენი ქაღალდისგან თავად კინძავენ სკეტჩბუკებს, რაც ნარჩენს ამცირებს და თქვენი ჩანახატების რვეულს უფრო პერსონალურ, უნიკალურსაც ხდის.
ძმარი და სოდა წმენდისთვის
ბუნებრივი საშუალებები ეფექტურად ცვლის ქიმიურ საწმენდებს, განსაკუთრებით კირქვისა და სარკეების წმენდისას.
გამოიყენე ის, რაც უკვე გაქვს
ყველაზე მდგრად პროდუქტად სახელდება უკვე არსებული ნივთი. ახალი „ეკო“ ნივთის შეძენა ყოველთვის უკეთესს არ ნიშნავს, თუ ძველი ჯერ კიდევ ფუნქციურია. არსებული ნივთების ხელახალი გამოყენება ხშირად ყველაზე ეფექტური ნაბიჯია.
რომ შევაჯამოთ: მდგრადობა მხოლოდ „მწვანე“ იარლიყის მინიჭება არ არის. მნიშვნელოვანია გააზრებული მოქმედება, ნივთების ფუნქციურობა და მათი რეალური, გრძელვადიანი გამოყენება.












