არტისტი უილი ქოული ცნობილია იმით, რომ სხვადასხვა გადაგდებულ ნივთს ხელოვნების ნიმუშად აქცევს. მის სამგანზომილებიან ნამუშევრებში ნახავთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ქუსლიან ფეხსაცმელს, პლასტმასის ბოთლებს, საუთოო დაფებსა და სხვა ნივთებს, რომლებსაც ხელოვანი სკულპტურებად გარდაქმნის.
„ობიექტები, რომლებსაც ვიყენებ, თავად მპოულობენ. ვუყურებ ამა თუ იმ ნივთს და უკვე ვხვდები, მისგან რისი გაკეთებაა შესაძლებელი. ამრიგად, ამ თვალსაზრისით, არსებობს ენერგიის ან სულის კავშირი ობიექტთან. მე ვიკვლევ ამ ობიექტების შესაძლებლობებს“, – ამბობს ხელოვანი.
ქოულის ახალი შოუ No Strings ამა წლის აპრილში ნიუ იორკში გაიხსნება. არტისტმა, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ნიუ ჯერსიში, იპოვა გიტარები, საქსოფონი და ფორტეპიანო, რომლებიც თავისი მაგიის წყალობით, აბსტრაქტულ ნამუშევრებად აქცია. ფიგურები ექსპრესიულია და დაკავშირებულია ამერიკის წარსულთან. ერთ-ერთი გიტარის სკულპტურა მონობის მძიმე უღელს გამოხატავს.
No Strings-ის შოუს გარდა, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ქოულის ნამუშევრები მის საიტსა და Instagram-ზე.