ჰაიაო მიაძაკის Spirited Away უფრო მეტ კითხვას გვიჩენს, ვიდრე პასუხებს გვაძლევს. მისი იდუმალი, საინტერესო და დამაინტრიგებელი ხასიათი კი ბევრი თაობის აუდიტორიისთვის ნამდვილ თავგადასავლად იქცა. ამასთან, ანიმაციურ პერსონაჟებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის No-Face იქცევდა — შავი გამჭვირვალე სხეულითა და თეთრი ნიღბით. ეს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მომხიბვლელობისა და სპეკულაციის საგნად იქცა…
მიუხედავად მძაფრი ყურადღებისა, მაყურებლებს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ამ პერსონაჟზე და დაზუსტებით რაიმეს თქმა საკმაოდ რთული იყო. ახლა კი თავად ავტორმა, მიაძაკიმ, No-Face-ზე ისაუბრა, როგორც თვითიდენტურობას მოკლებულ და მუდმივად სხვებთან ადაპტირებად პერსონაჟზე.
„ჩვენ ირგვლივ No-Face-ის მსგავს უამრავ ადამიანს ვხედავთ. ვფიქრობ, ეს ის ტიპია, ვინც მუდამ სხვებით ინტერესდება, საკუთარი თავის შეგრძნება კი დაკარგული აქვს. ცდილობს, თავისი იდენტობა მუდმივად სხვას დაუკავშიროს, თვითშემეცნების ნაკლებობის გამო“,— განმარტავს რეჟისორი. გამოდის, No-Face არის არსებობა საკუთარი თავის გრძნობის გარეშე და იცვლება საგნებისა თუ ადამიანების მიხედვით, რომელთაც ხვდება.