14
სექ
2018

როგორ ავარიდოთ თავი ზედაპირულ საუბრებს?!

14 სექ 2018

კორპორაციულ ღონისძიებაზე, კოქტეილის საღამოსა თუ ბიზნეს ლანჩზე, სხვადასხვა თემაზე, ზერელე და ზედაპირული საუბრები, რატომღაც, ჯერ კიდევ მიღებულია. რა თქმა უნდა, შეკითხვები, „რას საქმიანობ?“, „სად ცხოვრობ?“, აუცილებელია ელემენტარული კომუნიკაციის დასამყარებლად. მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ დიალოგი ამ ფორმატს არ სცდება. არა და, ამ შეხვედრებზე, რეალურად საინტერესო, სასარგებლო და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა შეიძლება.

statiebi-bog
statiebi-bog

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სოციალურ ღონისძიებებზე, ხშირად გამართული ასეთი ზედაპირული საუბრები არა თუ უსარგებლო, არამედ, შესაძლოა, საზიანოც იყოს.

არანაირი გადაკოცნე, გამოელაპარაკე, დაემშვიდობე!  საჭიროა უფრო  ღრმა და შინაარსიანი საუბრები!

Psychological Science-ში (Association for Psychological Science-ის ყოველთვიური გამოცემა) გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 20 000 რესპონდენტიდან, უმრავლესობა თავს ბედნიერად მხოლოდ რეალური, ღრმა და შინაარსიანი საუბრისას გრძნობდა. აქამდეც ვიცოდით, რომ ზედაპირული, ხანმოკლე საუბრებზე ურთიერთობის აგება შეუძლებელია. ამ ე.წ. სმოლ თოქის (small talk) დროს ხომ არც ერთი სერიოზული თემა და ფუნქციონალური, რეალურად მნიშვნელოვანი საკითხი არ განიხილება.

ქცევითი საკითხების შემსწავლელმა მეცნიერებმა რამდენიმე საღამო მოაწყვეს, სადაც ხანმოკლე, ზედაპირული საუბრები აკრძალული იყო. მეტი თავისუფლებისათვის, მონაწილეებს, ნებისმიერ, მათთვის სასურველ თემაზე შეეძლოთ ლაპარაკი. აღმოჩნდა, რომ ყველა ძალიან ბედნიერი იყო. ანტრეპრენუარებმა და მაღალი რანგის მენეჯერებმა ეს საშუალება კარგად გამოიყენეს და ყველა აქტუალური საკითხი საჭირო ხალხთან დეტალურად „გაიარეს“.

ამავე შეხედულებას იზიარებს „ჰარვარდის“ პროფესორი ჯენიფერ მაკრეა და ამბობს, რომ ბოლოს და ბოლოს ხალხი დაიღალა ამ გალა ვახშმებსა და კოქტეილებზე არაფრის მომცემი საუბრით.

თუ ასეთი ტიპის დიალოგებს თავს აარიდებთ, უნდა იცოდეთ, როგორ წარმართოთ შინაარსიანი და უფრო სერიოზული დისკუსიები. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთ საღამოზე შეხვდით ადამიანს, რომელიც პროფესიული კუთხით, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირ ბიზნესზე ნუ დაუწყებთ საუბარს. ეცადეთ, ჯერ როგორც ადამიანი ისე გაიცნოთ და მხოლოდ შემდეგ გადადით საქმიან შეკითხვებზე.

თუ მოგეწონათ და იზიარებთ ზედაპირული საუბრების უარყოფის იდეას, გთავაზობთ 12 შეკითხვას/თემას, რომლებითაც შეძლებთ, ამ ფორმატს გასცდეთ და უფრო სერიოზული საკითხები განიხილოთ, თან ისე, რომ პირდაპირ საქმეზე არ დაიწყოთ საუბარი და რომელიმე თქვენგანმა უხერხულობა არ იგრძნოს: 

1. საინტერესო იქნება თქვენი ისტორიის მოსმენა, ხომ არ გვიამბობდით? 2. ყველაზე მეტად რა გაღელვებთ ამ მომენტში? 3. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც თქვენს შესახებ უნდა ვიცოდეთ? 4. რომელი ადამიანური ემოციები გაშინებთ ყველაზე მეტად? 5. ამ საღამოს ნებისმიერი რამის გაკეთება რომ შეგეძლოთ, რას იზამდით? 6. ერთ კონკრეტულ საკითხზე რომ შეგეძლოთ სრული სიმართლის გაგება, რა თემას აირჩევდით? 7. შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენს ბოლო, სერიოზულ მარცხზე? 8. რომელი გირჩევნიათ, ინტელექტი თუ საღი აზრი? 9. ყველაზე  მნიშვნელოვანი რამ, რაც თქვენი მტრისგან ისწავლეთ? 10. ძილი რომ არ არსებობდეს, როგორ გამოიყენებდით ამ ზედმეტ, თავისუფალ 8 საათს? 11. რომელი წიგნის, ფილმის ან ტელე შოუს გმირი გგავთ ყველაზე მეტად და რაში? 12. ბავშვობისდროინდელი ოცნებებისგან რამდენად განსხვავდება თქვენი დღევანდელი პროფესია/საქმიანობა?

წყარო: inc.com



განხილვა