ყველაფერი იმ იმედგაცრუებით დაიწყო, რომელიც ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სირთულეს მოჰყვა თან, რომ მსოფლიოს წამყვანი ინჟინრებისთვისაც კი რთული იყო ამის მოგვარება, ამიტომაც გადაწყვიტა რაღაც ისეთი შეექმნა, რაც დეველოპერებს, დამფუძნებლებსა თუ კომპანიებს ამ თავის ტკივილს აარიდებდა. ასე დაიბადა Shuttle, სტარტაპი, რომელმაც Seed Funding-ის რაუნდში 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა და რომელზეც ახლა მარკეტერს თავად ნოდარ დანელია, სტარტაპის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი უყვება:
„Shuttle-ში ვამარტივებთ აპლიკაციის ჩაშვებასა და ფუნქციონირებას დეველოპერებისა და კომპანიებისთვის, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის თავის ტკივილის მოშორებით. გამომდინარე იქიდან, რომ AI სულ უფრო მეტ ადამიანს აძლევს აპლიკაციების შექმნის საშუალებას, Shuttle ამ აპლიკაციებს Live რეჟიმში ჩაშვებასა და ფუნქციონირებაში ეხმარება. ჩვენ უკან დგას სილიკონის ველის ისეთი ტოპ ინვესტორები, როგორებიც არიან თომას დომკე, GitHub-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და ლიდერები ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა OpenAI, Deel და Confluent“.
ამბავი მეტად საინტერესოა, თუმცა მხოლოდ მიღებული ინვესტიციის გამო არა… სოხუმელი მშობლებით იწყება, რომლებსაც ომის გამო ქვეყნის დატოვება მოუწიათ, საკუთარი თავის პოვნის სურვილით გრძელდება მრავალი შესაძლებლობის მქონე სამყაროში, ისეთ კომპანიებს უკავშირდება, როგორებიცაა Provenance და Google, ბოლოს კი Shuttle-ით გვირგვინდება. თუმცა ისე ჩანს, რომ ეს ბოლო კი არა, რაღაც დიდი წარმატების საწყისი უნდა იყოს… მოკლედ, მარკეტერის კითხვებს ნოდარ დანელია პასუხობს და არც რჩევებს იშურებს დამწყები სტარტაპერებისთვის:
M: გააცანით თავი მარკეტერის მკითხველს — ვინ არის ნოდარ დანელია და რას საქმიანობს?
ჩემი მშობლები სოხუმიდან არიან, 90-იანებში, აფხაზეთის ომის დროს მოუწიათ სახლის დატოვება და თავშესაფრის სანქტ-პეტერბურგში პოვნა. ყველას ჰქონდა იმედი, რომ ომი მალე დამთავრდებოდა და სახლში დაბრუნებას შეძლებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა… მე სანქტ-პეტერბურგში დავიბადე და სანამ ერთი წლის გავხდებოდი, ჩემი მშობლები მოსკოვში გადავიდნენ, სადაც გავიზარდე. ჩემი მშობლები ყოველთვის მიუთითებდნენ, რომ მე ქართველი ვიყავი და როგორც ქართველი ოჯახების უმეტესობას, სურდათ, შემენარჩუნებინა და მცოდნოდა ჩემი წარმომავლობის შესახებ. როცა 16-ის გავხდი, გადავწყვიტე, რომ სწავლა საზღვარგარეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ტოპ უნივერსიტეტში გამეგრძელებინა. გავაცნობიერე, რომ გაცილებით დიდი სამყარო არსებობდა და გული მკარნახობდა, მისკენ წავსულიყავი. როგორც სკოლაში ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი ამბობდა ხოლმე, „გემი ნავსადგურში უსაფრთხოდაა, მაგრამ ამისთვის არ შეუქმნიათ“.
16 წლისას კემბრიჯში, გაერთიანებულ სამეფოში დამოუკიდებლად გადავედი სასწავლებლად. სწორედ აქ იმავე წელს შევქმენი ჩემი პირველი კომპანია. 18 წლის ასაკში კი უკვე ლონდონში University College London-ში გადავედი და მალევე London Business School-ში. ამ პერიოდში ერთი სემესტრი ჰარვარდის უნივერსიტეტშიც გავიარე. ხოლო Shuttle-ის დაარსებამდე, Google-ში ვმუშაობდი. მოგვიანებით Quantitive Trader გავხდი და Provenance-ში ვაჭრობის მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. სწორედ აქ გავიაზრე პირველად, რამდენად რთულია ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა მსოფლიოს წამყვანი ინჟინრებისთვისაც კი. Shuttle-იც სწორედ ამ იმედგაცრუებიდან დაიბადა.
M: რისთვის შეიქმნა Shuttle და რა კონკრეტული პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად?
Shuttle საკმაოდ რეალური თავის ტკივილის გამო დაიბადა. როცა ჰეჯ-ფონდში ვმუშაობდი, ძალიან ძლიერი ინჟინრები გვყავდა, დოქტორანტები, პლატფორმის უფროსი სპეციალისტები, მანქანური სწავლების მკვლევრები და მათთვისაც კი წარმოადგენდა ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა გამოწვევას. მართალია, სავაჭრო მოდელის ან ბექენდ სერვისის შექმნა რთული ნაწილი არ ყოფილა, მაგრამ მისი უსაფრთხოდ განთავსება, მასშტაბირება თუ ყველა ღრუბლოვანი სერვისის ერთმანეთთან დაკავშირება ნამდვილად ანელებდა პროგრესს…
წლების შემდეგ კი, როცა ისეთი AI ინსტრუმენტები გამოჩნდა, როგორებიცაა GitHub Copilot, Cursor და Claude, ზუსტად იმავე სანახაობის მომსწრე გავხდით, კიდევ უფრო გაძლიერებულისაც კი — დეველოპერებს წუთებში შეუძლიათ აპლიკაციების გენერირება, მაგრამ ეს აპლიკაციები მაშინვე აწყდება პრობლემას: AI-ს არ შეუძლია ღრუბლოვანი რესურსების საიმედოდ კონფიგურაცია და მართვა. ასე რომ, თუ დღეს მილიონობით ადამიანი ქმნის პროტოტიპებს, მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს წარმოებისა და ჩაშვების პროცესამდე.
სწორედ აქ იბადება Shuttle — დეველოპერებისთვისაა, რომელთაც კოდის ან AI მოთხოვნის დაწერა შეუძლიათ, მაგრამ არ სურთ, დახარჯონ დღეები ღრუბლოვან კონფიგურაციებთან ჭიდაობაში. Shuttle სწორედ იმ ხარვეზს ავსებს, რომელიც „მე რაღაც შევქმენისა“ და „წარმოებაში კარგად მუშაობს“ შორის არსებობს. ამას კი AI-ის გამოყენებით ვაკეთებთ, რათა გაიაზროს კოდი, ჩაერთოს ინფრასტრუქტურაში და მართოს ავტომატურად. მოკლედ რომ ვთქვათ:
ადამიანებს საშუალებას ვაძლევთ, ნამდვილი პროგრამები ჰქონდეთ და არა, დემოები.
M: ვინ დგას Shuttle-ის უკან?
Shuttle იმ ჭკვიან ადამიანებთან ერთად დავიწყე, რომლებსაც ჰეჯ-ფონდში მუშაობისას შევხვდი. დღეს კომპანიას ჩემს თანადამფუძნებელ ხუანთან ერთად ვმართავ, რომელიც მსოფლიო დონის ოპერატორია. მისი სუპერ ძალა აღსრულებაა — დიდებული გუნდების შეკვრა, მათი თავსებადობა და საქმეების სწრაფად კეთება, 20 წელზე მეტ ხნიანი ხელმძღვანელობის გამოცდილება აქვს მმართველი დირექტორის პოზიციაზე აშშ-ის წამყვან საინვესტიციო ბანკებში, როგორებიცაა UBS და Bank of America.
ხოლო დემიენს მათემატიკური ფიზიკის დოქტორის ხარისხი აქვს, აკადემიური წრეებიდან წამოვიდა და მოგვიანებით მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სატელიტურ კომპანიაში თანამგზავრულ ოპერაციებზე მუშაობდა. მანქანური სწავლების მკვლევარი იყო კვანტურ ჰეჯ-ფონდში და სწორედ აქ შევხვდით ერთმანეთს. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინჟინერია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. პროგრამული უზრუნველყოფის მთლიანი სასიცოცხლო ციკლი ესმის აპლიკაციის კოდიდან პლატფორმის ინჟინერიამდე და მისი სუპერძალა ახალი იდეების პრაქტიკულ, გამოსაყენებელ სისტემებად გარდაქმნაშია, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეალური ინოვაციებისთვის.
გარდა დამფუძნებლებისა, ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, რომელსაც გამოცდილება მაღალი წარმადობის გამოთვლებში, მასშტაბურ ბექენდ სისტემებში, ფინანსებსა და პლატფორმის ინჟინერიაში აქვთ. ასევე შემოვიერთეთ გამორჩეული ადამიანები ზრდის, მარკეტინგისა და პროდუქტის სფეროებში, რომლებმაც იციან, როგორ მიაწოდონ ტექნიკური პროდუქტი დეველოპერებს ბუნებრივი და ავთენტური გზით.
ახლა ევროპისა და ამერიკის მასშტაბით დაახლოებით 15-კაციანი გუნდით ვართ წარმოდგენილი. მართალია, სხვადასხვა სივრცეში, მაგრამ საერთო რწმენით — თანამედროვე კომპანიებმა დრო შესანიშნავი პროდუქტების შენებასა და გაყიდვას უნდა დაუთმონ და არა, ღრუბლოვან ტექნოლოგიასთან ბრძოლას, რათა იდეები გააცოცხლონ.
M: რა განასხვავებს Shuttle-ის მიდგომას სხვა მსგავსი ხელსაწყოებისგან?
მთავარი განსხვავება იმაშია, რომ Shuttle კოდსა და ინფრასტრუქტურას ერთიანი სისტემასავით ეპყრობა. მსგავსი ხელსაწყოების უმეტესობა კი მოქმედებს, როგორც მიწოდების სერვისი — თქვენ მიგაქვთ კონტეინერი ან აგებთ ფაილს და ისინი ცდილობენ, აამუშაონ. ეს კვლავ თქვენ გტოვებთ პასუხისმგებელს ღრუბლოვანი რესურსების გაერთიანებაზე, კონფიგურაციის დაწერაზე, გარემოცვლადებთან გამკლავებაზე, საიდუმლოებების ამოხსნაზე, მონაცემთა ბაზების უზრუნველყოფასა თუ სხვა საკითხებზე.
Shuttle კი ამ მოდელს აბრუნებს. იმის ნაცვლად, რომ დეველოპერებს თავიანთი აპლიკაციები ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურისთვის ათარგმნინოს, იაზრებს ამ აპლიკაციას და მის ირგვლივ ინფრასტრუქტურას აგენერირებს. შეხედეთ მას, როგორც AI გაცნობიერებულ მიდგომას DevOps-ისთვის: თქვენი კოდი გეგმაა, რომლის ირგვლივაც Shuttle ჩასაშვებად საჭირო გარემოს ქმნის.
M: Vibe coding ჯერ კიდევ განვითარების ფაზაში მყოფი კონფეციაა… როგორ განუმარტავდით დეველოპერებს, რომელთაც პირველად ესმით ეს ტერმინი?
Vibe coding ხდება მაშინ, როცა კოდის ყველა სტრიქონის აკრეფას წყვეტთ და ხელოვნურ ინტელექტთან ისე თანამშრომლობთ, თითქოს ის თქვენი გუნდის წევრი იყოს. აღუწერთ ფუნქციას, AI აწყობს მას, თქვენ აუმჯობესებთ და მთელი ეს პროცესი ფილმის რეჟისურასავით მიდის, ნაკლებად ჰგავს კოდის ხელით წერას. თუმცა სხვადასხვა ხარისხი აქვს, ზოგიერთი ისე აკეთებს, რომ სულაც არ უყურებს AI-ის მიერ გენერირებულ კოდს, როცა ამ მიდგომის ეფექტურობა კვლავ შეზღუდულია LLM-ის სიზუსტით და მოთხოვნების/კონტექსტის ხარისხით. მეორე კი უფრო გონივრული მიდგომაა, სადაც AI-ს საშუალებას აძლევთ, თქვენი უმცროსი დეველოპერის როლი მოირგოს, საქმის უმეტეს ნაწილს შეასრულებს და თქვენ მხოლოდ პროცესის წარმართვასა თუ შედეგების განხილვაზე იქნებით პასუხისმგებელი.
ეს წარმატებული გახდა „ფრონტენდზე“, რადგან ნაცნობი საშენი ბლოკებისგან შედგება, იქნება ეს კომპონენტები, სტილი თუ განლაგებები. AI-ს დეშბორდს სთხოვთ და იგი რაღაც პრაქტიკულს გთავაზობთ, რადგან შაბლონები კარგად ესმის. ხოლო ბექენდის მხარეს ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია API საბოლოო წერტილის ან ფუნქციის გენერირება, მაგრამ არა, ინფრასტრუქტურის ავტომატურად შექმნა, რომელიც მას რეალურს გახდის, იქნება ეს მონაცემთა ბაზები, მეხსიერება, რიგები თუ სხვა. სწორედ ამიტომ ფერხდება დემოს ეტაპზე AI-ის მიერ გენერირებული აპლიკაციების უმეტესობა.
Shuttle კი ის არის, რაც Vibe coding-ის საშუალებას იძლევა ისე, რომ რეალურ საწარმოო სისტემებში გადავიდეს. ის ბექენდ დეველოპმენტს იმდენად გასაგებს ხდის, რომ AI პროცესს მარტივად შეუერთდეს.
M: რისთვის იყენებენ Shuttle-ს დღეს ყველაზე მეტად?
Rust-ის მხრივ, ჩვენი მომხმარებელთა ბაზა ყოველთვის მრავალფეროვანი იყო, ინდივიდუალური დეველოპერით დაწყებული, ადრეული ეტაპის სტარტაპებით გაგრძელებული და სამეწარმეო გუნდებით დამთავრებული. Rust იზიდავს ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ ეფექტურობა, უსაფრთხოება და მაღალი წარმადობა, ამიტომ ბუნებრივია, მას აქტიურად იყენებენ საავტომობილო, loT, ფინანსებსა და კრიპტო სფეროებში, ყველაფერში, სადაც სანდოობა მნიშვნელოვანია.
თუმცა წელს გაცილებით დიდი რამ ხდება — AI-ით განპირობებული დეველოპმენტის ზრდამ სრულად შეცვალა პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელების პროფილი ისეთი ხელსაწყოებით, როგორებიცაა Cursor, Claude, GitHub Copilot და Lovable. აუდიტორიას აღარ წარმოადგენს მხოლოდ სპეციალიზირებულ სფეროებში მომუშავე უფროსი ინჟინრები. ახლა ვხედავთ, როგორ ქმნიან უპრეცედენტო სიჩქარით ბექენდ კოდს ინდივიდუალური დამფუძნებლები, AI აგენტები, პატარა გუნდები და ტრადიციული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები.
M: ნოდარ, 6 მილიონი დოლარი მოიზიდეთ Seed Funding-ზე… მოგვიყევით, რა არის ეს და რამდენად მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის?
პირველი მსხვილი საინვესტიციო რაუნდია, სადაც სტარტაპი რეალურ კაპიტალს აგროვებს იმის დასამტკიცებლად, რომ პროდუქტი და საბაზრო შესაძლებლობა მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე ინვესტორები შემოსავლებს არ ყიდულობენ, ფსონებს დებენ გუნდზე, პრობლემასა და პროდუქტის საწყის ტრაექტორიაზე.
Shuttle-ისთვის Seed Funding-ზე მოპოვებული დაფინანსება ნიშნავდა იმას, რომ შეგვეძლებოდა ძირითადი საინჟინრო გუნდის დაქირავება, Rust-ის ადრეული საზოგადოების მხარდაჭერა, პლატფორმის გაფართოება და AI განვითარების პიკის დროს მასშტაბირებისთვის საჭირო საფუძვლების შექმნა. სტარტაპები საოცარი სისწრაფით ეშვება და კვდება, Seed Funding-ის გარეშე, ჩვენც ვერ შევძლებდით იმ ტემპით წინსვლას, რომელსაც ბაზარი მოითხოვს.
M: თქვენი აზრით, რამ დაარწმუნა თომას დომკე და კალვინ ფრენჩ-ოუენი, Shuttle-ში ჩაედოთ ინვესტიცია? რა იყო Shuttle-ის წარმატების გასაღები და რაში აპირებთ ამ თანხის გამოყენებას?
ინვესტიციების მოზიდვის დიდი ნაწილი თავიდანვე Y Combinator-ის მეშვეობით მოხდა. YC-მ ჩვენი კომპანია სილიკონის ველის ეკოსისტემაში ჩართო და მას შემდეგ ჩვენი ინვესტორების უმეტესობა სილიკონის ველიდან იყო. მათ მაშინვე გაიაზრეს იმ პრობლემის მასშტაბები, რომლებსაც ჩვენ ვაგვარებთ.
ყველაზე დიდი რეზონანსი იმან დაიმსახურა, რომ ძალიან დიდ და რეალურ პრობლემას ვეჭიდებით. ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა ათწლეულების მანძილზე წარმოადგენდა სირთულეს და AI-მ ახლა ეს სიტუაცია კიდევ უფრო გააღრმავა — როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დეველოპერებს ახლა შეუძლიათ ბექენდ კოდის მყისიერად გენერირება, მაგრამ მისი წარმოებაში განთავსება ჯერ კიდევ ნელი და რთული პროცესია. ჩვენ ამას პირდაპირ ვუმკლავდებით, ინვესტორები კი აფასებენ დამფუძნებლებს, რომლებსაც არ ეშინიათ დიდი, ტექნიკური პრობლემების გადაჭრის.
მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი გუნდია — ბევრი ჩვენგანი მაღალი ხარისხის, მაღალი საიმედოობის გარემოდან მოდის, როგორებიცაა ფინანსები, მასშტაბური ბექენდ ინჟინერია და თანამგზავრული ოპერაციები. ინვესტორებმა დაინახეს, რომ რაღაც პრობლემას კი არ ვიგონებდით, არამედ რეალურად განვიცადეთ.
თომას დომკემ, რომელიც GitHub-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, როცა ინვესტიცია ჩადო, მაშინვე გაიაზრა ეს შესაძლებლობა. პირველი იყო, ვინც დაეხმარა GitHub Copilot-ს მილიონობით დეველოპერამდე მისვლაში, ამგვარად, მან თავადვე გამოცადა, რომ AI-ს კოდის წერა შეუძლია, მაგრამ არა, ინფრასტრუქტურასთან გამკლავება. Shuttle კი ამ დაკარგულ ნაწილს ავსებს.
ჩვენ, ასევე, მხარს გვიჭერენ OpenAI-ის, Deel-ის, Confluent-ის, Sendbird-ის და სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების ოპერატორები. ისინი შემოგვიერთდნენ, რადგან ხედვა მათთვის რეზონანსულიც იყო და სწამდათ, რომ გუნდს ამის განხორციელების უნარი შესწევდა. კაპიტალი ინჟინრების გუნდსა და განვითარებას მოხმარდება, Shuttle-ის გაფართოებას Rust-ის მიღმა და AI Platform Engineer-ის შენებას.
M: რა ეტაპზეა სტარტაპი ახლა?
გადამწყვეტ ეტაპზე ვართ. აქამდე Shuttle Rust-ის ეკოსისტემაში უკიდურესად ძლიერი იყო, რაც იმის დამტკიცებაში დაგვეხმარა, რომ პროდუქტი ბაზრისთვის შესაფერისია, თუმცა AI-ის განვითარებასთან ერთად, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის წესი იცვლება და ბექენდ ინფრასტრუქტურაც ამ ტემპს უნდა აჰყვეს.
სწორედ ამიტომ ვაპირებთ Shuttle-ის სრულად ენობრივი და არაპროგრამული ვერსიის გამოშვებას, რათა ნებისმიერმა პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელმა შეძლოს ჩვენი გამოყენება, მიუხედავად იმისა, თუ რა კოდი აქვთ შედგენილი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენთვის, მხოლოდ გაფართოება კი არ არის, არამედ ბექენდ გამოცდილების გადახედვა, რათა შეესაბამებოდეს AI ინსტრუმენტების მიერ შექმნილ, აგენტური პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ახალ სასიცოცხლო ციკლს. დეველოპერები და AI აგენტები ახლა იმაზე მეტ კოდს ქმნიან, ვიდრე ოდესმე, მაგრამ კვლავ ერთსა და იმავე ბარიერს აწყდებიან კოდის ჩაშვებისას, ჩვენ კი მათ ამ ბარიერისგან ვათავისუფლებთ.
Shuttle-ის ეს ახალი ვერსია მომავალი წლის დასაწყისში გახდება ხელმისაწვდომი, ამჯერად დახურულ ბეტა რეჟიმში ვართ და გულწრფელად აღფრთოვანებული ამით, რადგან ზუსტად შეეფერება იმას, საითაც ჩვენი მთლიანი ინდუსტრია მიემართება. ვხედავთ მომავალს, სადაც AI, დეველოპერები და ინფრასტრუქტურა ერთად შეუფერხებლად მუშაობს და ეს განახლება ამ ხედვისკენ გადადგმულ უდიდეს ნაბიჯს წარმოადგენს.
M: როგორია Shuttle-ის გრძელვადიანი ხედვა?
ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, AI DevOps-ის ნაგულისხმევ სისტემად ჩამოვყალიბდეთ, განსაკუთრებით AI Platform Engineer-ად. არ აქვს მნიშვნელობა, კოდი დეველოპერის მიერ Cursor-შია დაწერილი თუ ავტონომიურად AI აგენტის მიერ გენერირებული, Shuttle უნდა იყოს ის ფენა, რომელიც მას კოდიდან სრულად მოქმედ, მასშტაბირებად, საწარმოო დონის სერვისამდე გადაიყვანს.
უფრო დიდ სურათს მომავალი წარმოადგენს, რომელშიც ნებისმიერს შეეძლება იდეა რეალურ პროდუქტად დღეებში აქციოს და არა, თვეებში ისე, რომ ამისთვის არც დიდი გუნდი დასჭირდეს და არც ბევრი ფული. გვინდა, ასეთი მომავალი შევქმნათ ფარდის მიღმა არსებული ინფრასტრუქტურის კომპლექსურობაზე ზრუნვით. ჩვენი როლი ამ სამყაროში ის არის, რომ დავარწმუნოთ დეველოპერები, დამფუძნებლები და კომპანიები, ფოკუსირდნენ ღირებულების შექმნაზე და არა, ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებაზე.
ამასთან, ძალიან ვზრუნავთ იმაზე, თუ რა ტიპის კომპანიას შევქმნით. სამუშაო არ უნდა ჰგავდეს იმას, რისი ატანაც ადამიანებს უწევთ. ჩვენი ცხოვრების ძალიან დიდ დროს ვხარჯავთ სამსახურში იმისათვის, რომ ამან გამოგვფიტოს. მინდა, Shuttle იყოს ადგილი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ განვითარება, მაქსიმალურის ჩვენება, ენერგიით აღვსება და დინამიკურად მუშაობა. ამის შექმნა მარტივი არ არის, რადგან ადამიანებს ძველი შაბლონებისგან გათავისუფლებასა და საკუთარი თავის უკეთესი ვერსიების შექმნას სთხოვს, მაგრამ დადებითი მხარე ბევრად აჭარბებს გამოწვევებს. როცა ადამიანები წარმატებას მიაღწევენ, კომპანიაც განვითარდება.
M: როგორც ხელმძღვანელისა და თანადამფუძნებლისთვის, რა იყო ყველაზე რთული Shuttle-ის შენებისას?
სწრაფად ცვალებად სივრცეში სტარტაპის ხელმძღვანელობა ნიშნავს არასრული ინფორმაციის საფუძველზე მაღალი რისკის შემცველი გადაწყვეტილებების მიღებას. ხელოვნური ინტელექტი და ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ კოპირებისთვის სახელმძღვანელოებიც კი არ არსებობს. ყველაზე რთული სიფხიზლის შენარჩუნებაა, იმის არჩევა, თუ რა არ უნდა აშენდეს, რა უნდა იყოს პრიორიტეტული და როდის უნდა მოხდეს დიდი ცვლილებები.
კიდევ ერთ გამოწვევას კი ისეთი გუნდის შექმნა წარმოადგენს, რომელსაც ამ დონეზე მუშაობა შეეძლება. ინფრასტრუქტურა დაუნდობელია. თქვენ არ შეგიძლიათ დაუდევრად შეასრულოთ სამუშაო. თქვენ გჭირდებათ ადამიანები, რომლებსაც დიდ კომპლექსურობასთან სიზუსტით გამკლავება შეუძლიათ, მაგრამ ასევე შესწევთ უნარი, იმოქმედონ სტარტაპივით სწრაფად. ბალანსის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
და რა თქმა უნდა, მუდმივი წნეხის ქვეშ ხართ. ამიტომ ეს ყოველი დამფუძნებლის გაცნობიერებული არჩევანი უნდა იყოს. სტარტაპი წნეხის ავტორია და თქვენი აზროვნების მართვა საქმის ნაწილი ხდება. მე წლები გავატარე სპორტში, იოგასა და მედიტაციაში და ეს ფოკუსირება მიწაზე დარჩენაზე, მატერიალურისა და სულიერის დაბალანსებაზე ჩემთვის ყოველდღიურ პრაქტიკად იქცა. ეს არის ის, რაც მაძლევს სტაბილურობას მაშინ, როცა გარშემო ყველაფერი სწრაფად იცვლება. ყველაზე რთულ მომენტებშიც კი იმის სწავლა, თუ როგორ დავრჩეთ აწმყოში, როგორ შევინარჩუნოთ გულღიაობა, მრავალი თვალსაზრისით, პროფესიონალიზმის ნამდვილი გამოვლინებაა, რისკენაც ვისწრაფვი.
M: და რას ურჩევდით დამწყებ სტარტაპებს?
დაიწყეთ ნამდვილი პრობლემით, რაღაც თავის ტკივილით, მუდმივით და იმით, რითაც ყოველ დღე ფერხდებიან. შეცდომა, რომელსაც დამფუძებლების უმეტესობა უშვებს და, ჩვენც ასე მოგვივიდა საწყის ეტაპზე, ჭკვიანური გამოსავლით დაწყებაა, შემდგომ კი იმ პირების ძებნით, ვისაც შეიძლება ეს დასჭირდეთ. ეს კლასიკური SISP ჩიხია, თავი აარიდეთ ამას. ანტიდოტი მარტივი, მაგრამ ნაკლებად კომფორტულია — გაესაუბრეთ მომხმარებლებს მუდმივად. ბევრი დამფუძნებელი მარტო მუშაობს თვეების მანძილზე მხოლოდ იმისათვის, რომ აღმოაჩინონ, მათი ვარაუდები რეალობას არ ემთხვევა.
ელოდეთ დისკომფორტს, წარუმატებლობებს, იმას, რომ ხშირად არასწორი იქნებით, თუმცა განაგრძეთ სვლა და ცდა. ჩემი გამოცდილებით, შეუპოვრობა და სიმტკიცე იმაზე გაცილებით ღირებული იყო, ვიდრე მხოლოდ ნიჭი.
დაბოლოს, იპოვეთ ის, რაც წარმოუდგენლად რთულ პერიოდებში მიწაზე დარჩენას გაიძულებთ, იქნება ეს სპორტი, ჰობი, მედიტაცია თუ რაღაც სულიერი, ნებისმიერი რამ, რაც არამდგრად გარემოშიც კონცენტრირების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ — დამფუძნებლის ფსიქოლოგია ხშირად იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად სტრატეგია.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი










