in

NODI – ქართული AI პლატფორმა, რომელიც მოსწავლეებისთვის ინდივიდუალურ სასწავლო გამოცდილებას ქმნის

Startauperi
Startauperi

სკოლაში, მასწავლებლებს ხშირად არ აქვთ დრო, თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მიუდგნენ, რის გამოც ბავშვებს საერთო, ხშირად მათთვის ზედმეტად ინტენსიურ ტემპში უწევთ სწავლა. ეს პრობლემა ალბათ თქვენც ხშირად შეგინიშნავთ, თუმცა ჩვენმა დღევანდელმა რესპონდენტმა მის საპასუხოდ, სტარტაპის შექმნა გადაწყვიტა.

დიდი ხნის განმავლობაში, ქეთი ბურდულის პროფესიული ცხოვრება ფინანსურ და ტექნოლოგიურ სექტორს უკავშირდებოდა. ის რისკების შეფასებასა და რთული სისტემური პრობლემების მოგვარებაზე მუშაობდა. ერთ დღესაც, ამ ყველაფრის სხვებისთვის სწავლება რომ გადაწყვიტა, განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ ბარიერს შეეჯახა. ტექნოლოგიურ სფეროში დაგროვილმა გამოცდილებამ და ამ დიდმა საგანმანათლებლო ხარვეზმა მას გამოსავლის ძიებისკენ უბიძგა – ასე გაჩნდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ქართული საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სტარტაპი NODI.

პლატფორმა მოსწავლესთან უშუალო ინტერაქციით ხვდება, სად აქვს მას ცოდნის დეფიციტი და განათლების სამინისტროს გრიფირებულ სახელმძღვანელოებს კონკრეტულად მის საჭიროებებზე მორგებულ მასალად გარდაქმნის. იდეამ უკვე გაიარა Startupbootcamp-ის საერთაშორისო აქსელერაცია, მოიპოვა GITA-ს 200,000-ლარიანი მხარდაჭერა და ახლა მობილური აპლიკაციის შექმნისა და გლობალურ ბაზარზე გასვლისთვის ემზადება. სტარტაპის შექმნის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე NODI-ს თანადამფუძნებელი, ქეთი ბურდული გვესაუბრა.

M: პირველ რიგში, გაგვეცანით – ვინ ხართ და როგორ დაიწყეთ NODI?

მე გახლავართ ქეთი ბურდული, იურისტი და AML/Compliance მიმართულების სპეციალისტი ფინანსურ და ტექნოლოგიურ სექტორში 8-წლიანი გამოცდილებით. ასევე, მაქვს ლექტორობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება. სტუდენტებთან ურთიერთობისას ყოველთვის მაწუხებდა ერთი საკითხი: რამდენად რთულია საქართველოში მოსწავლისთვის ინდივიდუალურად მორგებული განათლების მიღება.

NODI სწორედ ამ პრობლემაზე ფიქრის შედეგად დაიბადა. დავინახეთ, რომ ხშირად სკოლებში მასწავლებლებს არ აქვთ საკმარისი რესურსი, თითოეული მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეები დეტალურად გააანალიზონ. შედეგად, ბავშვები ერთსა და იმავე პროგრამას გადიან იმის მიუხედავად, რომ სრულიად განსხვავებული საჭიროებები აქვთ. ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურ სასწავლო გზას შესთავაზებდა.

M: რა გამოცდილებით დაიწყეთ ეს საქმე?

NODI-ს დამფუძნებელი გუნდი სხვადასხვა სფეროს გამოცდილებას აერთიანებს. ჩემს შემთხვევაში, წლების განმავლობაში ვმუშაობდი ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებში, სადაც მონაცემთა ანალიზი, რისკების შეფასება და რეგულაციებთან შესაბამისობა ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი იყო. ამ გამოცდილებამ მასწავლა, როგორ უნდა გადავჭრათ რთული სისტემური პრობლემები. აკადემიური საქმიანობა კი დამატებითი დასტური აღმოჩნდა იმისა, რომ პერსონალიზებული მიდგომა რადიკალურად ცვლის სტუდენტისა თუ მოსწავლის აკადემიურ შედეგებს.

პარალელურად, NODI-ს თანადამფუძნებელსა და CTO-ს, ომარ შირინიანს, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში, პროდუქტის დიზაინსა და AI ინჟინერიაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ ამ მრავალფეროვანი კომპეტენციების გაერთიანებამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც რეალურ საგანმანათლებლო გამოწვევას პასუხობს.

M: გაგვაცანით სტარტაპი – რას აკეთებს NODI და როგორ ახერხებს, რომ მოსწავლესთან ინტერაქციით მისი ხარვეზები იპოვოს და მასზე მორგებული სასწავლო გეგმა შეადგინოს?

NODI არის AI-ზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მოსწავლის ცოდნის დონეს მუდმივად აანალიზებს და სწავლების პროცესს ინდივიდუალურად აწყობს.

როდესაც მოსწავლე პლატფორმაზე იწყებს მუშაობას, სისტემა აკვირდება მის პასუხებს, დავალებების შესრულების სისწრაფეს, შეცდომების ტიპებსა და სწავლის დინამიკას. ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ აფიქსირებს, რომ ბავშვმა კონკრეტულ კითხვას ვერ უპასუხა, არამედ ცდილობს დაადგინოს, რომელი საბაზისო ცოდნის დეფიციტი იწვევს ამ შეცდომას.

ამის საფუძველზე იქმნება პერსონალიზებული სასწავლო გეგმა, რომელიც ზუსტად იმ თემებზეა ფოკუსირებული, სადაც მოსწავლეს მეტი მხარდაჭერა სჭირდება. შედეგად, ბავშვი აღარ კარგავს დროს უკვე კარგად ათვისებულ მასალაზე და კონცენტრირდება იმ ცოდნაზე, რომლის გაძლიერებაც აუცილებელია.

M: როგორ მუშაობს პლატფორმაზე ხელოვნური ინტელექტი, რომელიც სამინისტროს გრიფირებულ სახელმძღვანელოებს კონკრეტული ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ კონტენტად აქცევს?

NODI-ს ერთ-ერთი მთავარი ინოვაცია სწორედ ეს პროცესია. ჩვენი სისტემა სამინისტროს მიერ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს აანალიზებს და მათ შინაარსს სტრუქტურირებულ ცოდნის ერთეულებად ანაწილებს. შემდეგ, AI განსაზღვრავს, რომელი კონცეფციები ესმის მოსწავლეს კარგად და რომელ თემებში აქვს ხარვეზები.

ამის შემდეგ, პლატფორმა იმავე სასწავლო მასალას სხვადასხვა სირთულის, ფორმატისა და ახსნის სტილით აწვდის მოსწავლეს. მაგალითად, თუ ბავშვს კონკრეტული მათემატიკური თემა უჭირს, სისტემა დამატებით განმარტებებს, სავარჯიშოებსა და მაგალითებს სთავაზობს, სანამ არ დარწმუნდება, რომ მასალა სრულად არის ათვისებული. ამგვარად, ერთი და იგივე სახელმძღვანელო ყველა მოსწავლისთვის განსხვავებულ, პერსონალიზებულ სასწავლო გამოცდილებად გარდაიქმნება.

M: რატომ გადაწყვიტეთ, რომ საწყის ეტაპზე პლატფორმა კონკრეტულად მე-4-10 კლასის მოსწავლეებზე ყოფილიყო ფოკუსირებული?

პროდუქტის შექმნისას მიზანმიმართულად ავირჩიეთ მე-4 – მე-10 კლასების სეგმენტი. ამ ასაკში მოსწავლეები უკვე ფლობენ დამოუკიდებელი სწავლის საბაზისო უნარებს, თუმცა, მათი აკადემიური საფუძველი ჯერ კიდევ აქტიურად ყალიბდება. სწორედ ამ პერიოდში აღმოჩენილი ცოდნის ხარვეზები აისახება მომავალ შედეგებზე ყველაზე მეტად.

ასევე, ამ კლასებში განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა დამატებით საგანმანათლებლო რესურსებზე, რადგან მოსწავლეები ემზადებიან როგორც მიმდინარე სასკოლო პროცესისთვის, ისე ეროვნული გამოცდებისკენ მიმავალი გზისთვის. ჩვენ გვინდოდა, პირველ ეტაპზე მაქსიმალურად ღრმად გადაგვეჭრა კონკრეტული პრობლემა და შემდეგ ეტაპობრივად გაგვეფართოებინა აუდიტორია.

M: რით იყო მნიშვნელოვანი სტარტაპისთვის Global Tech Weekend-ზე მონაწილეობა, სადაც NODI-ს პირველი პრეზენტაცია შედგა?

Global Tech Weekend ჩვენთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო, რადგან ფართო აუდიტორიის წინაშე NODI პირველად სწორედ იქ წარვადგინეთ. ღონისძიებამ შესაძლებლობა მოგვცა, მიგვეღო პირდაპირი უკუკავშირი ინვესტორებისგან, მენტორებისგან, ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერებისა და საერთაშორისო სტუმრებისგან.

გარდა ამისა, ამ ღონისძიებაზე დავამყარეთ არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტაქტი, რომლებიც დღეს უკვე პოტენციურ პარტნიორობებსა და რეალურ მენტორობას უდებს საფუძველს. ეს იყო მომენტი, როდესაც დავინახეთ, რომ NODI-ს იდეა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ინტერესსაც იწვევდა.

M: რას ნიშნავს სტარტაპისთვის საერთაშორისო აქსელერატორ Startupbootcamp-ში მონაწილეობა?

მოგეხსენებათ, GITA-ს დახმარებით, ქვეყანაში შემოვიდა ერთ-ერთი უდიდესი აქსელერატორი. Startupbootcamp-ში მონაწილეობა NODI-სთვის გარდამტეხი ეტაპი აღმოჩნდა. ჩვენ მივიღეთ წვდომა საერთაშორისო მენტორებზე, ინვესტორებზე და ტექნოლოგიური ბიზნესების განვითარების მრავალწლიან გამოცდილებაზე. პროგრამის ფარგლებში დავაზუსტეთ პროდუქტის ხედვა, გადავამოწმეთ ბაზრის ჰიპოთეზები, გავაუმჯობესეთ ბიზნესმოდელი და შევიმუშავეთ საერთაშორისო მასშტაბირებისთვის აუცილებელი სტრატეგია.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ დავინახეთ – პრობლემა, რომელსაც NODI აგვარებს, მხოლოდ საქართველოსთვის არ არის აქტუალური. პერსონალიზებული განათლება გლობალური გამოწვევაა.

M: როგორ დაგეხმარებათ MVP და Market Entry ეტაპზე მოპოვებული ფინანსური რესურსები პლატფორმის განვითარებაში?

GITA-ს და Startupbootcamp-ის მხარდაჭერა ჩვენი ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. NODI აქსელერაციას შეუერთდა Founder-Market-Fit ეტაპზე, რომელიც პროგრამის სულ პირველი, დაწყებითი ეტაპია. აქ სტარტაპი ახდენს პრობლემის ვალიდაციას და ადგენს პროდუქტის ბაზართან შესაბამისობას. ამ ეტაპის წარმატებით დასრულებისა და MVP ეტაპზე გადასვლის შემდგომ, მოვიპოვეთ 50,000 ლარის დაფინანსება. ეს თანხა მოხმარდა „მინიმუმ სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის“ შექმნასა და NODI-ს, როგორც მასშტაბირებადი და კონკურენტუნარიანი პროდუქტის, პოტენციალის დამტკიცებას. ამის შემდეგ კი გადავედით Market Entry ეტაპზე და დამატებით 150,000 ლარის გრანტი მოვიპოვეთ.

ეს რესურსები გვაძლევს შესაძლებლობას, დავაჩქაროთ პროდუქტის განვითარება, გავაძლიეროთ ტექნოლოგიური გუნდი, დავამატოთ ახალი ფუნქციონალი, განვავითაროთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და აქტიურად მოვემზადოთ საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად. სტარტაპის ადრეულ ეტაპზე მსგავსი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გუნდს საშუალებას აძლევს, ფოკუსირდეს ინოვაციაზე და არა მხოლოდ ოპერაციულ გადარჩენაზე.

M: როდის გეგმავთ ვებიდან მობილურ აპლიკაციაზე გადასვლას, ახალი საგნების დამატებასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლას?

მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სამი მიმართულებაა:

პირველი – მობილური აპლიკაციის შექმნა, რათა მოსწავლეებმა სწავლა მათთვის ყველაზე კომფორტული ფორმით შეძლონ.

მეორე – ახალი საგნების დამატება. დღეს ფოკუსირებული ვართ ძირითად მათემატიკაზე, თუმცა ეტაპობრივად ვგეგმავთ სასწავლო პროგრამის გაფართოებას.

მესამე და ყველაზე ამბიციური მიმართულება კი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაა. უკვე ვმუშაობთ რეგიონული და გლობალური გაფართოების სტრატეგიაზე. ჩვენი მიზანია, NODI გახდეს პლატფორმა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ პერსონალიზებული განათლება საკუთარი ტემპისა და საჭიროებების შესაბამისად.

გვჯერა, რომ განათლების მომავალი ინდივიდუალურ მიდგომაშია და NODI სწორედ ამ მომავლის შექმნაზე მუშაობს.

INNER FARM TALKS მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვის დღე

თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა