უჩვეულოდ შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ მეცნიერებმა გადაწყვიტეს, მთვარე „ნოეს კიდობნად“ აქციონ — გაგვიზიარეს, თუ როგორ შეიძლება გახდეს მთვარე გადაშენების პირას მყოფი ცხოველის დნმ-ის შენახვის ადგილი. მოკლედ, ამ ამბიციური პროექტით მთვარის ბიორეპოზიტორიის შექმნას აპირებენ, დიდი საყინულის, რომელსაც ცხოველებისა და მცენარეების გენეტიკური მასალის შენახვა შეეძლება. ასე კი მათ ბუნებრივი კატასტროფებისგან, კლიმატის ცვლილებებისა თუ ხმელეთზე არსებული სხვა საფრთხეებისგან დაიცავენ.
იდეა Smithsonian National Zoo & Conservation Biology Institute-ის მეცნიერ მერი ჰეგედორნს ეკუთვნის, რაც მთვარეზე კანისა და ქსოვილის ნიმუშების კრიოგენურად შენახვას გულისხმობს. თანაც მთვარის უნიკალური გარემო, რომელიც გეოლოგიური აქტივობების ნაკლებობითა და ცივი ტემპერატურით ხასიათდება, იდეალურ ადგილად აქცევს მას გრძელვადიანი პერსპექტივისთვის.
ცხოველებისა თუ მცენარეების დნმ-ის, სპერმის, კვერცხუჯრედებისა და თესლის მთვარეზე შენახვა მკვლევრებისთვის დედამიწის ბიომრავალფეროვნების სარეზერვო საშუალებად ითარგმნება. თუ მათ დავუჯერებთ, გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ამ გენეტიკური ნიმუშების მოძიება და გამოყენება პლანეტის ხელახლა დასახლებისთვის იქნება შესაძლებელი.
თუმცა გეთანხმებით, სამეცნიერო ფანტასტიკის კონცეფციას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას, მაგრამ მაინც ამბობენ, რომ ამის უკან არსებული საკითხები სულაც არ არის საფუძველს მოკლებული. აქ კრიოპრეზერვაციის პროცესს მოიაზრებენ — ბიოლოგიური მასალის შენახვას ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურაზე, რაც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ორგანიზმის შესანახად ხანგრძლივი პერიოდისთვის.
ამიტომ, გამოწვევად მხოლოდ „ნოეს კიდობნის“ ლოჯისტიკური და ტექნოლოგიური საკითხები მიაჩნიათ. მიზნის მისაღწევად, მეცნიერები აუცილებლად უნდა გაუმკლავდნენ რადიაციისგან დაცვის, მთვარის მტრულად განწყობილ რეგიონებში ტრანსპორტირებისა და ნიმუშებზე მიკროგრავიტაციის გავლენის საკითხებს. ამასთან, პროექტის სისრულეში მოყვანას ათწლეულები დასჭირდება, რაც, უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო თანამშრომლობებსა და მნიშვნელოვან დაფინანსებებსაც მოითხოვს…