in

ნოკა ბაინდურაშვილი – #პირველისამსახური

ჩემი პირველი სამსახური 15 წლის წინ, მერიისა და საკრებულოს ახლად შექმნილი საინფორმაციო სამსახური გახლდათ, სადაც ჩემი ლექტორის ქ-ნ მანანა ჯორჯიაშვილის რჩევით მოვხვდი, პირველი ხელმძღვანელიც თვითონ იყო. შესარჩევ ეტაპზე რვა კანდიდატი ვიყავით, საკონკურსო დავალებას წარმოადგენდა მერიისა და საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შექმნა, რაშიც ყველაზე მაღალი შეფასება მივიღე. ამ დროს მეორე კურსზე ვსწავლობდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა სტრატეგიამ სამსახური დამაწყებინა, აღმოჩნდა, რომ ორგანიზაცია იმ დროისათვის მზად არ იყო მის განსახორციელებლად. ამიტომ ჩემს მოვალეობაში შედიოდა: საინფორმაციო სამსახურში შემოსული მოქალაქეთა პრობლემების დამუშავება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა და რეპორტინგი.

პირველი დაბრკოლება იყო სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობა, ვინაიდან არავის ესმოდა, თუ რა დანიშნულება ჰქონდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.  ნაწილი მაკონტროლირებელ რგოლად აღგვიქვავდა და შიშით გვიყურებდა, იყვნენ ისეთები ვისაც პირდაპირ ესმოდა სამსახურის დასახელება და ნებისმიერ მოქალაქეს ჩვენთან ამისამართებდა. საკმაოდ რთული პერიოდი იყო ქვეყანაში, ახლად შეცვლილი მთავრობა, შესაბამისად მიმდინარეობდა სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმები, იქმნებოდა ახალი სამსახურები და ძველი კადრები ეტაპობრივად ახლით იცვლებოდა,  ეს სირთულეები კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა სამუშაო პროცესს, რის შედეგადაც დიდი გამოცდილება მივიღე და შემდგომ ცხოვრებაში ბევრი რამ ამ გამოცდილების შედეგად მარტივად გადავლახე.

დღეს ორი უმსხვილესი კომპანიის „ელიტ ელექტრონიქსისა“ და „თეგეტა მოტორსის“  PR კონსულტანტი გახლავართ, რაც საამაყოა ჩემთვის. ვფიქრობ ბევრს მივაღწიე, თუმცა წინ მრავალ საინტერესო გამოწვევას ველი.

კალიფორნიული საფრენი აპარატი სვანეთის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად

Nike-ის პასუხი მათ, ვისაც კევინ დურანტი უპერსპექტივო მოთამაშედ მიაჩნდა