Nokia-მ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის მთვარეს 4G ინტერნეტით მოამარაგებს. ამისათვის მზადება კი ჯერ კიდევ 2019 წლიდან დაიწყო, როდესაც ნასამ თანამგზავრის ფიჭური ქსელის მიმწოდებლად სწორედ ეს ბრენდი აირჩია.
ტექნიკური თვალსაზრისით, ქსელი Intuitive Machines-ის მიერ შექმნილ Nova-C მთვარის ლენდერში შეინახება და მის კოსმოსურ სივრცეში გასვლაზე SpaceX-ის რაკეტა იზრუნებს. საბოლოოდ კი 4G საკომუნიკაციო სისტემა შაკლტონის კრატერზე დაეშვება და ტექნოლოგია იმგვარი მასალით იქნება შემუშავებული, რომ კოსმოსის მკაცრ პირობებს მარტივად გაუძლებს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათი მიზანი მრავალი აპლიკაციისთვის კრიტიკული საკომუნიკაციო შესაძლებლობების უზრუნველყოფაა, მონაცემთა სწრაფად და მარტივად გადასაცემად. აქ იგულისხმება როგორც ბრძანების, ისე მართვის ფუნქციები; ასევე, მთვარის როვერების დისტანციური მართვა, რეალურ დროში ნავიგაცია და მაღალი გარჩევადობის ვიდეო სტრიმინგი.
ამავდროულად, თუ NASA-ს იდეა, ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრზე ბაზების შექმნა, წარმატებით განხორციელდა, ასტრონავტებს იგივე ტექნიკური შესაძლებლობები დასჭირდებათ, როგორიც დედამიწაზე აქვთ. ეს კი გამართულ ინტერნეტს მოითხოვს — აპლიკაციების გამოსაყენებლად, ხმოვანი და ვიდეო კომუნიკაციებისთვის, მონაცემების გასცვლელად, რობოტების გასაკონტროლებლად და ა. შ. „აშკარაა, რომ სამომავლოდ მთვარესა და მარსზე ასტრონავტების გასაგზავნად, კავშირი და კომუნიკაციები გადამწყვეტია, რათა შეუფერხებლად განაგრძონ ნებისმიერი ტიპის საქმიანობა“.











