ჯერ კიდევ 90-იანების ბოლოს, ტელეეკრანზე მხატვრული ტრილოგია “მატრიცა” გამოჩნდა და მაყურებლის გული არამხოლოდ ლეგენდარული წითელი და ლურჯი კაფსულებით, ახალგაზრდა კიანუ რივზით (ნეოს როლში) და იმ დროისათვის უცხო სპეცეფექტებით დაიპყრო, არამედ მოხერხებულად “ჩა-ProductPlacement-ებული” Nokia-ს “ბანანის” ტელეფონითაც მოხიბლა მილიონობით ადამიანი. მას შემდეგ 19 წელი გავიდა, ღილაკები ახალი თაობის სმარტფონებიდან, პრაქტიკულად, გაქრა, ეკრანს -სენსორი, გაჯეტს კი უამრავი ფუნქცია დაემატა და ერთ დროს პოპულარობის მწვერვალზე მყოფი Nokia-ც ლამის დავიწყებას მიეცა, მხოლოდ დროდადრო თუ გაიხსენებდა მომხმარებელი მონატრებულ “ფანრიან” და გასახსნელ მოდელებს.

სწორედ იმ დროს, როდესაც ყოველივე ეს, ერთი შეხედვით, წარსულს უნდა ჩაბარებოდა, მოულოდნელად, Nokia-მ “ბანანის” ბაზარზე დაბრუნება გადაწყვიტა, რასაკვირველია, განახლებული ვერსიით. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ნოსტალგიამოძალებულ საზოგადოებაში ამ მოვლენას, უმეტესად, პოზიტიური რეაქცია მოყვა და არცაა გამორიცხული, რომ კლასიკად ქცეული მოდელი კვლავაც გახდეს მომხმარებლის ფავორიტი.












