წელს Nokia-მ ახალი ლოგო გამოაქვეყნა, თუმცა როგორც ჩანს, ეს არა მარტო ვიზუალურ, არამედ სხვა ცვლილებებსაც მოიცავდა… აქ სამომხმარებლო ტექნოლოგიებიდან რეალური ინფრასტრუქტურისა და ბიზნესზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებისკენ გადასვლას ვგულისხმობთ. უახლესი 5G დრონიც ამაზე მოწმობს, რომელიც სხვადასხვა ტვირთის გადასატანად შეიქმნა, დაწყებული კამერებით, გაგრძელებული სკანირების მოწყობილობებით და დამთავრებული დინამიკებითა თუ მოდემებით.
თუმცა ნოკიას დრონი ჩვენთვის ცნობილ საფრენ აპარატებს არ ჰგავს. ეს ვიზუალურადაც მარტივად შეიმჩნევა, უფრო დიდია, ეფექტურ ნავიგაციასაც გვთავაზობს, მიუხედავად ამინდისა თუ სხვა გარემო ფაქტორებისა. მეტად გამძლეცაა, არც წყალი, არც მტვერი და არც ქარი წარმოადგენს მისთვის საფრთხეს. ასე კი მრეწველობისთვის, მშენებლობისთვის, უსაფრთხოებისთვის, გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის, ტრანსპორტირებისა თუ მონიტორინგისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ.
მეტიც, მთლიანი მოგზაურობისას დრონთან კავშირი გექნებათ, მაგრამ მაინც თუ შეფერხდება, არც ეს არის პრობლემა, რადგან ნოკიას დრონს უკან დაბრუნებისთვის შესაბამისი პროტოკოლი აქვს შემუშავებული. დრონი დისტანციურადაც კი იმუხტება! გამოდის, ამ სისტემით ავტონომიური ფრენებისთვისაც შეძლებთ მის დაპროგრამებას ან თუნდაც მოწყობილობების რეგულარული შემოწმებისთვის შორეულ სივრცეებში…
როგორც უკვე გითხარით, ნოკიამ მეწარმეობას და ინდუსტრიაზე ფოკუსირებული მიდგომისკენ გადაინაცვლა, ამიტომ დრონი ჩვეულებრივ მომხმარებლებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ბიზნესებს, მათ წინასწარი შეკვეთა უკვე შეუძლიათ.