ამბავი ასეთია — Nokia-მ მსოფლიოში პირველი იმერსიული ვიდეო და აუდიო ზარი წარმატებით განახორციელა. და რას ნიშნავს ეს? რევოლუციური ტექნოლოგია 3GPP Immersive Voice and Audio Services (IVAS) codec-ის სახელითაა ცნობილი და გვპირდება, რომ აუდიოს ხარისხს უპრეცედენტო სიმაღლეებამდე აიყვანს.
IVAS-ის კოდეკი 13 კომპანიის კონსორციუმის შედეგად შეიქმნა, რათა 3D-ს მსგავსი ხმა შეექმნა რეალურ დროში. ეს კი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ მონოფონურად ჟღერადი ზარებისგან, რომლებსაც მომხმარებლები ამჟერად ტრადიციული მობილური ტელეფონებით ისმენენ. ტექნოლოგია მხარს უჭერს სტერეო და ბინაურულ აუდიოს, რითაც 3D-ს მსგავს ხმას ორი მიკროფონის გამოყენებით ქმნის.
უშუალოდ ზარი კი ნოკიას CEO-სა და ფინელ ელჩს შორის განხორციელდა, რითაც ტექნოლოგიის პრაქტიკული გამოყენებაც დაადასტურეს.
„ეს რევოლუციური აუდიო ტექნოლოგია იმ ადამიანის გარემოში გადაგიყვანთ, რომელიც გირეკავთ, შექმნის სივრულ და მასიურად გაუმჯობესებულ მოსმენის გამოცდილებას აუდიო და ვიდეო ზარებისთვის“, — აცხადებს პეკა ლანდმარკი, Nokia-ს CEO.
მართალია, ტექნოლოგია კომუნიკაციის რევოლუციას გვპირდება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დროა იქამდე, სანამ ყველა მობილურ ქსელში დანერგავენ. ფიქრობენ, რომ 5G-Advanced-ის სტანდარტის ნაწილად შემოვა, რომელიც 5.5G-ის სახელითაა ცნობილი. ეს კი ამ წლის ბოლოდან უნდა დაიწყოს და 2025-ის ბოლოს დასრულდეს.
თუ ყველაფერი გეგმების მიხედვით განვითარდა, აღნიშნული ტექნოლოგია კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოებს მომავალთან, რომელშიც ციფრული ურთიერთქმედება საკმაოდ რეალისტურად გამოიყურება, პოტენციურად გარდაქმნის არამხოლოდ ვიდეო და აუდიო ზარებს, არამედ AR/VR-სა და მეტავერსის პროგრამებს.