Nokia-ს სახელის გაგონებისას, ალბათ, მხოლოდ მობილური ტელეფონები თუ გვახსენდება, თუმცა, ცოტა ხნის წინ, კომპანიამ საკუთარი ბრენდის სახელით პირველი ჭკვიანი ტელევიზორი გამოუშვა. Gadgets 360-ის ცნობით, აღნიშნული სიახლე ინდურ კომპანია Flipkart-ს უკავშირდება. ამ უკანასკნელის მიერ, Nokia-სთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, ის ჭკვიან ტელევიზორებს სწორედ ამ ბრენდის სახელით გამოუშვებს.
მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ, მობილური ტელეფონების ბაზარზე „ნოკია“ მოწინავე პოზიციებს იკავებდა, ახლა მისი როლი, სმარტფონების ბაზარზე, საკმაოდ შესუსტებულია. ახლა კი შეგვიძლია მისი სახელი ტელევიზორების ინდუსტრიასაც დავუკავშიროთ.

„ნოკიას“ ჭკვიანი ტელევიზორი 55-დიუმიანი ულტრა HD (4K) LED ეკრანი აქვს და თავსებადია ანდროიდის ოპერაციულ სისტემასთან. მას მაღალი ხარისხის აუდიო სისტემა აქვს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის ამ ეტაპზე, ინდური ბაზრისთვის შეიქმნა. მოწყობილობის გაყიდნა 10 დეკემბრიდან დაიწყება და მისი ფასი, დაახლოებით, 589 დოლარი იქნება.












