10
Sep
2019

#იშვილენორა – ბარბარა ასლამაზაშვილის ალეგორიული პერსონაჟი

10 Sep 2019

გიფიქრიათ, რომ ნახატები ბავშვებივით არიან? მათაც სჭირდებათ მოვლა, ზრუნვა, ყურადღების მიქცევა.. მართალია, ცოტა უცნაურად ჟღერს, თუმცა, მხატვრებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. მათთვის მათ მიერ “ნაშობი” ნახატები შვილებივით არიან და არაფერი ეძვირფასებათ ისე, როგორც ეს თავიანთი ბავშვები.. ცოტა ხნის წინ ერთი ძალიან საინტერესო მხატვარი – ბარბარა ასლამაზაშვილი შემომხვდა. ჰოდა, როდესაც მის ნახატებს დავაკვირდი, მაშინვე განცდა გამიჩნდა, რომ მას თავისი ნახატების სახით საკმაოდ ბევრი შვილი ჰყავს, ოღონდ ყველას ერთი სახელი ჰქვია – ნორა.. სწორედ ამ პერსონაჟისა და სხვა დეტალების შესახებ #თაობა ბარბარას გაესაუბრა:

M: პირველ რიგში, გაგვაცანით თქვენი თავი – ვინ არის ბარბარა ასლამაზაშვილი?

ბარბარა ასლამაზაშვილი მხატვარია, რომელიც პროფესიით მუშაობს და ამით ცხოვრობს.

M: როდიდან ხატავთ და როგორ გახსენდებათ თქვენი პირველი შეხება მხატვრობასთან?

ყველა ბავშვი ხატავს და მეც სულ ვხატავდი, მაგრამ ალბათ სხვებზე მეტს.. ეხლა რომ დავფიქრდი, გამახსენდა,  მამაჩემს ხშირად ეკითხებოდნენ ხატვაზე რატომ არ შეგყავსო. მამაჩემს შეგნებულად არ შევყავდი ხატვაზე, თვლიდა, რომ ასე უკეთესი იყო.. ხატვაზე კი არა, ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში შემიყვანეს, თუმცა სულ ვიცოდი, რომ მხატვარი მინდოდა, ვყოფილიყავი. ისე გამოვიდა, რომ აკადემიაში ჩაბარებამდე მხატვრობასთან შეხება არ მქონია. თუმცა, ხატვას სერიოზულად უფრო ზრდასრულ ასაკში, სტუდენტობის ბოლო კურსებზე მოვეკიდე.

 M: ხატვის კუთხით, რა განათლება გაქვთ მიღებული?

სამხატვრო აკადემია დავამთავრე – 2006-2012 წლებში ბაკალავრი და შემდეგ – მაგისტრატურა. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ჩემი პროფესია თეატრის მხატვრობაა.

M: გარდა თქვენი პროექტისა, (ნორას ვგულისხმობ) რას საქმიანობთ დღესდღეობით?

პროფესიით თეატრის მხატვარი ვარ, ხვადასხვა თეატრში ვმუშაობ, სპექტაკლებისთვის დეკორაციებს და კოსტიუმებს ვაკეთებ. შიგადაშიგ კინოს მხატვრობასაც ვბედავ ხოლმე.. გარდა ამისა, მას მერე რაც სწავლა დავმთავრე, სამხატვრო აკადემიაში პედაგოგი ვარ.

M: რა არის თქვენი ინსპირაცია, რაც გახატინებთ..

მე თვითონაც რომ ვიცოდე რა არის ჩემი ინსპირაცია, უფრო დიდი დოზით მივიღებდი.. არ ვიცი, ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს – ყველაზე ნაკლებად წარმოსადგენი და ერთი შეხედვით უმნიშვნელოც რამეც კი.

M: გადავიდეთ ნორაზე, ვინ არის იგი?

ნორა ჩემ მიერ გამოგონილი პერსონაჟია. ერთი პატარა გოგოა, რომელსაც მშობლები არ ჰყავს და მამიდები ზრდიან (იზა და კირა). მხოლოდ ესაა, რაც მის წარმომავლობაზე ვიცით. დანარჩენ ამბავს ნამუშევრებში მოგიყვებიან.

M: რისი თქმა სურს ნორას?

გამოგონილი პერსონაჟია – მეთქი მე კი ვამბობ, მაგრამ ის თავს რეალურად აღიქვამს. მე მას საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება მივეცი – იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებაში თავი დაიმკვიდროს, როგორც სრულფასოვანმა წევრმა და ხალხს თავი შეაყვაროს. კონკრეტულ სათქმელზე ლაპარაკი მიჭირს, ყველა ნამუშევარში ნორას ახალი სათქმელი აქვს.

M: როდის დაიწყეთ მასზე მუშაობა და რა მიმართულებით განვითარდა ეს პროექტი?

2015 წელს დავხატე პირველი ნორა. თვითონ ნამუშევარი გამოვიდა ისეთი, რომ ყველას აინტერესებდა, ვინ იყო და მეც თითქოს ხუმრობით დავარქვი სახელი და ამბავიც მოვუგონე. საბოლოო ჯამში, გამოვდა ისე, რომ მეხუთე წელია, ამ სერიაზე ვმუშაობ. ნაცნობები რომ მხვდებიან, მეკითხებიან: “ნორა როგორ არის?” აინტერესებთ რას შვრება.. მაგალითად, ერთ-ერთი ნამუშევარი ამ უკანასკნელ აქციებს ეხმაურება. ნაწილობრივ მომთხოვეს ეს ნამუშევარი. ნაცნოებები თუ უცნობები მწერდნენ, რომ ნორას თვალზე ხელი აეფარებინა და ის ასეც მოიქცა.

M: რატომ უნდა ვიშვილოთ ნორა?

ნორა ერთგვარად ფერწერის ალეგორიაცაა. თანამედროვე ხოლოვნება დღეს ტილოს გასცდა, ეს, რა თქმა უნდა, ცუდი არაა. მაგრამ თანამედროვე არტისტი ხატვასთან აღარ ასოცირდება. ვფიქრობ, ფერწერა დასაკარგად დასანანია. ამიტომ ვცდილობ, უბრალოდ ფერწერული ტილო კი არა, ცოცხალი არსება შევქმნა, რომელიც მნახველს მასზე ზრუნვის სურვილს გაუჩენს. ამიტომაც #იშვილენორა #careforNorah

M: ზოგადად, მხატვარი იმით ფასობს, თუ რამდენად ინდივიდუალურია, თქვენს ნამუშევრებში კი ეს ჭარბადაა. როგორ ფიქრობთ, მაინც რა გამოარჩევს თქვენს ნახატებს სხვებისგან?

ნორა ყველა ნამუშევარში სხვადასხვანაირად გამოიყურება, მაგრამ ცნობთ მას, ზუსტად იმით, რაც სხვებისგან განმოარჩევს. ალბათ, მაინც ის, რომ მე თეატრის მხატვარი ვარ და ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პერსონაჟს, მის ხასიათს, ქცევას… აქედან გამომდინარე, ზუსტად მინდა გადმოვცე, კონკრეტულად ეს პერსონაჟი როგორ მოძრაობს, როგორი პლასტიკა აქვს მას, რა არის მისი ოცნება და ა.შ

M: წარმატებები, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში გამოყოფდით არის..

იღბალი კი კარგი რამეა, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ წარმატების რეცეპტი მუშაობაა. ვერ გამოვყოფ ვერც ერთ პროექტს იმით, რომ ამის მერე ყველაფერი მარტივად წავიდა ჩემს პროფესიაში. მუდმივად მუშაობაა საჭირო, შესვენების გარეშე.

M: როგორ ფიქრობთ, თქვენს შემოქმედებას თუ აქვს სახელი? 

ჩემი ნამუშევრები დროს თუ გაუძლებს, თქვენს კითხვაზე პასუხიც მაშინ გამოჩნდება. შევეცდები, მაინც გიპასუხოთ. თანამედროვე ხელოვნებაში რთულია კონკრეტული სახელი მოარგო ნამუშევრებს. რადგან საზღვრები აღარ არსებობს, ყველაფერი ერთმანეთშია გადაზავებული. ყველაზე მეტად მგონია, რომ ჩემი ნამუშევრები ანალიტიკური ხელოვნების და სიმბოლიზმის იდეოლოგიას იზიარებს. მგონია, ამ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართულების სინთეზია ჩემს ნამუშევრებში. არც ანალიტიკურ ხელოვნებას და არც სიმბოლიზმს არ გააჩნია ჩამოყალიბებული სახე, ანუ მის წარმომადგენლებს ერთნაირი სტილური ნიშნები არ ახასიათებთ. ანალიტიკური ხელოვნება კუბიზმის საპირისპიროა – მეც კომპოზიციასა და პლასტიკას კარგად გაანალიზებულად ვაკეთებ. ხოლო სიმბოლიზმთან ვაკავშირებ იმით, რომ სიუჟეტს ალეგორიებით ვყვები.

M: და ბოლოს, რომ არა ხატვა..

ტერორისტი ვიქნებოდი.. ვხუმრობ, მორის ვლამინკი ამბობდა ასე. ტერორისტებს ვერ აღვიქვამ, როგორც ‘’თავისუფლებისთვის მებროძოლებს’’. თუმცა, მესმის ასე რატომ ამბობდა. რაღაც გაწვება შიგნიდან და გაწუხებს, თუ არ დაიხარჯები.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა