ეს რიგით მეექვსე ყოველწლიური კვლევაა, რომელიც მსოფლიოში 200 ყველაზე გავრცელებულ პაროლს გვაცნობს. NordPass კი გულისტკივილით გვიზიარებს, რომ წელს 123456 კვლავ აქტუალურია… თუმცა აქ პრობლემა ნაკლებ წარმოსახვაზე მეტად, პაროლის სისუსტეა, რაც პირდაპირ შეგვიძლია ვთარგმნოთ გატეხილ ანგარიშად…
„მონაცემების 6-წლიანი ანალიზის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანების პაროლების ჩვევებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება“, — ვკითხულობთ NordPass-ის განცხადებაში.
წელს კვლევა NordStellar-თან ერთად ჩაატარეს და საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან 2.5 ტერაბაიტის მონაცემები შეაგროვეს, რომელთა შორის ე. წ. ბნელი ქსელიც გვხვდება. მონაცემთა გაჟონვისა თუ პროგრამებით გატეხის შედეგად გამოყენებული პაროლებიც მათ შორის იყო. შედეგად კი კვლევა 44 ქვეყნიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
ამგვარად, გლობალური მასშტაბით 2024 წლის ტოპ 10 ყველაზე ხშირად გამოყენებული პაროლია:
- 123456
- 123456789
- 12345678
- password
- qwerty123
- qwerty1
- 111111
- 12345
- secret
- 123123
გვეუბნებიან, რომ ჰაკერს 1 წამზე ნაკლები დასჭირდება ჩამოთვლილთაგან თითოეული პაროლის გასატეხად. თანაც უკვე მეხუთე წელია, რაც პირველ ადგილს 123456 იკავებს.
როგორც ჩანს, გლობალურად ყველასთვის საყვარელი მაინც ციფრებზე დაფუძნებული პაროლები რჩება, თუმცა ქვეყნებისა და ენების მიხედვით ისინი მაინც განსხვავებულია… NordPass-მა ასევე შეისწავლა სხვაობები სამსახურთან დაკავშირებულ და პერსონალურ ანგარიშებს შორის, თუმცა, სამწუხაროდ, ჰაკერებისთვის დიდად არცერთია პრობლემა.
2024 წლის ტოპ 10 ყველაზე ხშირად გამოყენებული პაროლი სამსახურში:
- 123456
- 123456789
- 12345678
- secret
- password
- qwerty123
- qwerty1
- 111111
- 123123
- 1234567890
ამგვარად, თუ პირად ან სამსახურის ანგარიშზე ამ პაროლებიდან რომელიმე შემოგრჩათ, დროა, დაუყოვნებლივ შეცვალოთ — ხომ გახსოვთ, ჰაკერებს მათ გასატეხად ერთ წამზე ნაკლები დრო დასჭირდებათ…