in

მოწყობილობა, რომლითაც სასურველ საკვებს, კალორიების გარეშე დააგემოვნებთ

veon
veon

ალბათ, გინატრიათ, კალორიების გარეშე ჩაგეტკბარუნებინათ პირი სასურველი სასუსნავით და ალბათ რთულად თუ წარმოგედგინათ, რომ ამისთვის რაღაც მოწყობილობის გალოკვა საკმარისი იქნებოდა. როგორც წესი, ჩვენ გაჯეტებს არ ვლოკავთ (ეს რეკომენდებული არ არის და არც უნდა იყოს), თუმცა, იაპონელი ჰომეი მიაშიტას მიერ შექმნილი მოწყობილობა იმ, ჯერჯერობით, უიშვიათეს მოწყობილობათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის გალოკვაც შეიძლება. მეტიც – Norimaki Synthesizer სწორედ ის გაჯეტია, რომლის ენასთან შეხების შედეგადაც სხვადასხვა, საყვარელი გემოების შეგრძნებას შეძლებთ.

მოწყობილობა, ჯერჯერობით, პროტოტიპია, თუმცა, სამომავლოდ, მისი დახმარებით, შესაძლოა საყვარელი გემოების შეგრძნება კალორიების გარეშე მოვახერხოთ. მეტიც, მსგავსი ტექნოლოგია შეიძლება აქტიურად გამოიყენონ ვირტუალური/გაფართოებული რეალობისა თუ ელექტრონული კომერციის მიმართულებითაც.

Meiji-ს უნივერსიტეტის მკვლევარის – ჰომეი მიაშიტას მიერ ამ მოწყობილობის შექმნას ენის რეცეპტორებთან დაკავშირებულიახალი აღმოჩენები უდევს საფუძვლად. აქამდე მიიჩნეოდა, რომ სხვადასხვა გემოს აღქმაზე ენის სხვადასხვა უბანი იყო პასუხისმგებელი, თუმცა, ცხადი გახდა, რომ რეცეპტორები ენის ყველა ნაწილზე თანაბრადაა გადანაწილებული და მათ თანაბარი შესაძლებლობები აქვთ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე არსებული გემოს იმიტატორი მოწყობილობები მხოლოდ ერთი კონკრეტული გემოს შეგრძნების გამოწვევას ახერხებდნენ. ჰომეი მიაშიტას მოწყობილების პროტოტიპი კი ხუთი განსხვავებული სითხის მეშვეობით, გაცილებით დიდი რაოდენობის გემოებს ფარავს. სითხეში გარეულია გლიცინი (სიტკბოსთვის), ნატრიუმის ქლორიდი (სიმლაშისთვის), მაგნიუმის ქლორიდი (სიმწარისთვის) და ა.შ. მოწყობილობასთან ენის შეხების შემდეგ, დასაწყისისთვის, ხუთივე გემოს ერთად შეიგრძნობთ, ამის შემდეგ კი, იწყება საჭირო კომბინაციის მიღება. ამისათვის, მოწყობილობა ამ ხუთ (ან ნაკლებ, გააჩნია რა გემოს მიღება გსურთ) გემოს ერთმანეთში, კონკრეტული დოზირებით ურევს. საბოლოოდ კი, თუ შოკოლადის გემო მიუთითეთ მოწყობილობაში, ენაზე სწორედ ამ გემოს იგრძნობთ.

პროცესს, რომელიც მოწყობილობის ენაზე მიდების შემდეგ, გემოების საჭირო დოზებით შერევას უზრუნველყოფს და სხვადასხვა გელში შემავალი მოლეკულების შესაბამისი თანმიმდევრობით დალაგებას ხდის შესაძლებელს, ელექტროფორეზს უწოდებენ. ამ პროცესში, მოწყობილობას ელექტრო ენერგია სჭირდება. პრინციპი, რომლითაც გემოების დახარისხება/შერევა ხდება ძალიან ჰგავს სხვადასხვა გამოსახულებაში წითელი, მწვანე და ლურჯი ფერების კომბინაციას (RGB). სინამდვილეში, პიქსელები, რომლებიც სხვა ფერებად გვეჩვენება სწორედ ამ სამი ფერისგან შედგება. გამოსახულებაზე დანახული სხვა ფერები კი მხოლოდ ამ სამი ფერის სხვადასხვა დოზით კომბინაციის შედეგია. ჰომეი მიაშიტას თქმით კი, იგივე პრინციპი გემოების შემთხვევაშიც მოქმედებს. შესაბამისად, მის მოწყობილობაში გამოყენებული ხუთი ქიმიური ნაერთი ნებისმიერი გემოს შეგრძნების შესაძლებლობას გვაძლევს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოწყობილობა, ჯერჯერობით, მხოლოდ პროტოტიპია, თუმცა საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს ელექტრონული კომერციისა თუ ვირტუალური რეალობის პრაქტიკაში კიდევ ერთი, საინტერესო კომპონენტის – გემოს დისტანციურად გასინჯვის შესაძლებლობის შესატანად.

NIKE-ს ახალ რეკლამაში ლებრონ ჯეიმსი მსოფლიო კლასის ათლეტების სპორტში დაბრუნებაზე გვიყვება

“ვირტუალური ტური დამოუკიდებლობის სათავეებიდან რესპუბლიკის ხელმეორედ ოკუპაციამდე” – Myhome.ge