in

როგორ გაჩნდა ნოსტალგიის ცნება და რატომ ვგრძნობთ მას?

მე-17 საუკუნის ბოლოდ მედიცინის სტუდენტმა, იოჰანეს ჰოფერმა, უცნაური ავადმყოფობა შეამჩნია, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ შვეიცარიელ ჯარისკაცებს აღენიშნებოდათ. სიმპტომები დაღლილობის, უძილობის, არარეგულარული გულისცემის, საჭმლის მონელების დარღვევისა და ცხელების სახით გამოიხატებოდა. ხშირად მათი მდგომარეობა იმდენად მძიმდებოდა, რომ დიდ დროს ატარებდნენ საავადმყოფოში.

ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, ჰოფერმა დაასკვნა, რომ მიზეზი რაიმე ფიზიკურ ანომალიას არ უკავშირდებოდა, არამედ ემოციურ განცდებს — კერძოდ, სამშობლოს ძლიერ მონატრებას. სიმბოლურად, მან მდგომარეობას ნოსტალგია უწოდა, ვინაიდან ბერძნულად nostos შინ დაბრუნებას, ხოლო algos ტკივილსა და ლტოლვას ნიშნავს. თავდაპირველად ნოსტალგია მხოლოდ „შვეიცარიელთა სენად“ განიხილებოდა და ცდილობდნენ, ჯარისკაცებისთვის ყველაფერი ტრადიციული შეეზღუდათ, ადგილობრივი სიმღერებიც კი. შიშობდნენ, თუ ასე არ მოიქცეოდნენ, ან დეზერტირები გახდებოდნენ, ან სუიციდამდე მივიდოდნენ.

დროთა განმავლობაში, როდესაც მიგრაციის დონემ მთელ მსოფლიოში იმატა, ნოსტალგია სხვადასხვა ჯგუფშიც შეინიშნებოდა. უკვე მე-20 საუკუნი დასაწყისისთვის კი პროფესიონალები მას ნევროლოგიურ დაავადებად აღარ განიხილავდნენ, არამედ დეპრესიის მსგავს ფსიქიკურ მდგომარეობად მოიაზრებდნენ. იმდროინდელი ფსიქოლოგები ვარაუდობდნენ, რომ ეს წარმოადგენდა ბავშვობისგან გათავისუფლების სირთულეს, ან თუნდაც ნაყოფის მდგომარეობის დაბრუნების სურვილს. თუმცა მომდევნო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ნოსტალგიის გაგება შეიცვალა: მისი მნიშვნელობა გაფართოვდა სამშობლოს მონატრების მითითებიდან წარსულის ზოგად ლტოლვამდე.

ცნობილი მაგალითია ფრანგი მწერლის, მარსელ პრუსტისა და „მადლენის ნამცხვრის“ ამბავი. ამ უკანასკნელის დაგემოვნების შემდეგ, მომენტალურად გაუჩნდა ძლიერი სენსორული ასოციაციები — გაახსენდა, როგორ უცხობდა დედა ანალოგიურ ნამცხვრებს და ნოსტალგიის ტალღას შეეჯახა. სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ რთული ემოციური მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დანაკარგისა და სევდის გრძნობებს, ნოსტალგია მაინც არ აღიქმება ნეგატიურ მოცემულობად. პირიქით, მას ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობა შეუძლია — ერთგვარ თავშესაფრად იქცევა რთულ მომენტებში.

კვლევების მიხედვით, ადამიანებში ნოსტალგიის გამოწვევას შეუძლია, თვითშეფასება და სოციალური კუთვნილება გაზარდოს.მაგალითად, როდესაც ინდივიდები ნეგატიურ ემოციურ მდგომარეობას განიცდიან, ისინი ბუნებრივად იყენებენ ნოსტალგიას, რათა შეამცირონ დისტრესი და აღადგინონ კეთილდღეობა.

როგორც ჩანს, დღეს ნოსტალგია ყველგანაა — ნაწილობრივ იმიტომ, რომ რეკლამის განმთავსებლებმა აღმოაჩინეს, რამდენად ძლიერია ის, როგორც მარკეტინგული ხერხი. ამის გათვალისწინებით, ბრენდები სულ უფრო მეტად იყენებენ მას სარეკლამო კამპანიებში, უფრო ფართო აუდიტორიასთან დასაკავშირებლად და ღრმა განცდების აღსაძრავად.

წყარო: Ted

შეამოწმე ანტიფრიზი და „იმგზავრე ჩავარდნების გარეშე“ — „თეგეტა მოტორსის“ კრეატიული პრინტ სერია გრძელდება

„ქარავანი“ — კოკა-კოლას და VELI.store-ის კოლაბორაციით შექმნილი თამაში