in

როგორ გამოვიყენოთ ნოსტალგია მარკეტინგში ეფექტურად

MySpace დაბრუნებას გეგმავს, iPod-ების ძიება იზრდება, ახალგაზრდები ძველ ციფრულ ფოტოაპარატებს ყიდულობენ, დასაკეცი ტელეფონები კი კვლავ აქტუალური ხდება. ამ ტენდენციის წარსულის გაცოცხლების ერთ-ერთ ეტაპად მონათვლა მარტივია, თუმცა რეალური მიზეზი გაცილებით ღრმაა. ადამიანებს 2006 წელში დაბრუნება კი არ სურთ, არამედ 2026 წლის დამღლელი რეალობისგან დისტანცირება ამოძრავებთ.

ძველი iPod ინახავდა იმ მუსიკას, რომელსაც ადამიანი თავად ირჩევდა და ფლობდა, ყოველგვარი თვალთვალისა და ალგორითმული რეკომენდაციების გარეშე. MySpace-ის გვერდები კი რეალურად პერსონალური იყო, სადაც მომხმარებლები საბაზისო კოდირებასაც კი სწავლობდნენ უნიკალური ვიზუალის შესაქმნელად. მეგობრები ასრულებდნენ სარეკომენდაციო ალგორითმის როლს, არ არსებობდა უსასრულო ლენტები და ხელოვნური ჩართულობის მექანიზმები. იმ ეპოქას თან ახლდა ავტონომიისა და რეალური მფლობელობის შეგრძნება, რაც დღევანდელ ოპტიმიზებულ, მკაცრად გაკონტროლებულ ციფრულ გარემოში იშვიათობად იქცა.

ეს განსხვავება მნიშვნელოვანია ბრენდებისთვის, რომლებიც წარსულის რომანტიზებას ცდილობენ. წარსული გვიჩვენებს, რა აკლია ადამიანს აწმყოში, თუმცა მხოლოდ ძველი ვიზუალის კოპირება საკმარისი არ გახლავთ. ნოსტალგია სითბოსა და კონტექსტს იძლევა, მაგრამ სიღრმისეული კავშირის გარეშე ის მხოლოდ მეორად იმიტაციად რჩება. უარეს შემთხვევაში, ის ქმნის მოლოდინს, რომელსაც მომხმარებლის რეალური გამოცდილება ვერ პასუხობს, ან ბრენდს იმ დროებით მომენტს აჯაჭვავს, რომლის მიმზიდველობაც ტრენდის გადასვლასთან ერთად ქრება.

ვიზუალი და რეალური ღირებულებები

ნოსტალგია პრობლემად იქცევა მაშინ, როდესაც ბრენდები მას ისეთი თვისებების წარმოსაჩენად იყენებენ, რომლებიც კომპანიას რეალურად აღარ გააჩნია. ესთეტიკა ბიზნესის შინაარსთან თანხვედრაში უნდა მოდიოდეს. თუ ბრენდი კონკრეტული ეპოქის ვიზუალურ ენას იმის გამო იყენებს, რომ ის უფრო თბილი და ადამიანური ჩანდა, ეს თვისებები დიზაინის მიღმაც უნდა არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში წარსულის გამოყენება ცვლილებების შენიღბვის მცდელობად იქცევა.

წარსულის გადმოტანა აწმყოში

წარსულის გამოყენება ყველაზე ძლიერია მაშინ, როდესაც ის ეფუძნება ბრენდის ნამდვილ იდენტობას და არა წარმავალ მოდურ ტენდენციებს. მაგალითად, The Light Phone ადრეული ტექნოლოგიური ეპოქის შეგრძნებას აცოცხლებს, თუმცა სმარტფონების არსებობას არ უარყოფს. მოწყობილობა აერთიანებს ძველი ტელეფონების სადა ფორმას, მიზანმიმართულ შეზღუდვებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორიცაა უახლესი კავშირი და ნავიგაცია. მიზანი წლების წინანდელი მოწყობილობის იდენტური გამეორება კი არა, იმ აქტუალურ მოთხოვნაზე პასუხია, რასაც ყურადღების მუდმივი მიტაცებისგან გათავისუფლება ჰქვია.

დიდი ისტორიის მქონე ბრენდების ამოცანა ოქროს ხანის პოვნა და მისი ბრმა კოპირება არ უნდა იყოს. მთავარია იმ უწყვეტი ხაზის პოვნა – იდეების, მახასიათებლებისა და ვიზუალური შტრიხების ამოცნობა, რაც კომპანიას დროთა განმავლობაში უცვლელად მიჰყვებოდა, და მათი თანამედროვეობაში გადმოტანა. MGM Studios-ის ისტორიული რებრენდინგისას მიზანი კომპანიის წარსულში დაბრუნება არ ყოფილა. საუკუნოვანი ვიზუალური იდენტობა დაიშალა იმ ელემენტებად, რომელთა ადაპტაციაც თანამედროვე ციფრულ არხებში გახდა შესაძლებელი, რითაც ისტორიული მემკვიდრეობა ახალ ფორმატბში შენარჩუნდა.

რა დგას რეალურად ნოსტალგიის მიღმა

არქივების გახსნამდე ბრენდებმა საკუთარ თავს ფუნდამენტური კითხვა უნდა დაუსვან – კონკრეტულად რისი გადმოტანა სურთ იმ ეპოქიდან. იყო ეს სიმარტივე, ოპტიმიზმი, კომუნიკაცია, თამაში თუ თავისუფლება. ეს პასუხი გაცილებით მეტს განსაზღვრავს, ვიდრე შრიფტებსა და ფერების პალიტრას.

მზისგან დამცავი საშუალებების ბრენდმა Vacation-მა მთელი იდენტობა გასული საუკუნის საკურორტო ესთეტიკაზე ააგო. თუმცა ეს შეფუთვას ბევრად სცდება. დამფუძნებლებმა დაინახეს ის, რაც ამ კატეგორიას აკლდა – გარუჯვისა და დასვენების თანმდევი სიხარული – და ეს განწყობა კანის მოვლის თანამედროვე სტანდარტებს შეუხამეს. ეპოქის სულისკვეთება გატარდა პროდუქტში, ენასა და მომხმარებლის მთლიან გამოცდილბაში, რამაც კომპანიას მოკლე დროში მრავალმილიონიანი ღირებულება მოუტანა.

თანამედროვე დიზაინერებს უზარმაზარი უპირატესობა აქვთ, რადგან ვიზუალური კომუნიკაციის მთელი ისტორია ხელმისაწვდომია შესასწავლად და გამოსაყენებლად. თუმცა დიზაინი თავისი არსით მომავლის რწმენას ეფუძნება. მისი მიზანია შექმნას ის, რაც ჯერ არ არსებობს და დაარწმუნოს ადამიანები მის შესაძლებლობაში. ეპოქის განმსაზღვრელი ბრენდები წარსულის გაცოცხლებას კი არ ცდილობენ, არამედ აყალიბებენ მიმზიდველ სურათს იმისა, თუ რა იქნება შემდეგ. წარსული უნდა ემსახურებოდეს მომავლის მშენებლობას და არა ბრენდის თავშესაფარს.

წყარო: Fastcompany

როგორ შეიქმნა ხსნადი ყავა?

New Balance Decathlon-ს ლოგოს გამო უჩივის