11
Nov
2019

არა კარგი, არამედ საუკეთესო – ეთუნა მუნჯიშვილი

11 Nov 2019

ეს სტატია იმ კარგ და თან ამბიციურ ადამიანებს და ორგანიზაციებს ეხებათ, რომლებიც არ სჯერდებიან, იყონ უბრალოდ კარგები, არამედ სურთ, რომ იყონ საუკეთესოები – საუკეთესოები საქმეში, მეგობრობაში, ოჯახებში – საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები. ვფიქრობ, ის თქვენნაირ, ჩვენნაირ პერფექციონისტებს დაგვაინტერესებს.

ჯიმ კოლინსი თავის წიგნში “Good to Great” ძალიან სკრუპულოზური და შთამბეჭდავი კვლევის შედეგებზე დაფუძნებით ხსნის, თუ როგორ შეუძლიათ კარგებს (ორგანიზაციებს), გახდნენ საუკეთესოები და მხოლოდ კარგის ტიტულს არ დასჯერდნენ. და ამ მიღწეული შედეგის ერთ-ერთ მთავარ მდგენელზე მინდა მოგიყვეთ, რასაც ის დისციპლინის კულტურას ეძახის.

შედეგებს ძალიან ყვარებიათ დისციპლინა. დისციპლინა მოტივაციაში, ფიქრში, მოქმედებაში. ყველაზე შემოქმედებით საქმეებშიც კი დისციპლინა და ჩვევები უფრო ეხმარება კრეატიულობის გაღრმავებას და რეალიზებას, ვიდრე ბოჭავს, ან ხელს უშლის მას.

თუ თვითდისციპლინირებული  და თვიმოტივირებული თანამშრომლები გყავთ, რომლებიც ფიქრობენ სისტემურად, ფაქტებზე დაფუძნებით და მოქმედებენ უწყვეტად, მაშინ თქვენ ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა, გახდეს საუკეთესო. ამისთვის, თავისუფლებითა და პასუხისმგებლობით დაბალანსებული ისეთი გარემოს შექმნაა საჭირო, სადაც მართავ სისტემას და არა ადამიანებს და აძლევ მათ შესაძლებლობას, აკეთონ საქმე სიამოვნებით.

ყველაფერი ინდივიდიდან იწყება. ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ კი მე სწორედ ინდივიდის დონეზე მიმოვიხილავ დისციპლინის კულტურის საკითხს და ცალკეული ადამიანების პერსპექტივიდან დაგანახებთ მის მახასიათებლებს.

თვითმოტივაცია – ალბათ ასობით წიგნია შექმნილი მოტივაციის თემაზე, ბევრი კვლევა ეძღვნება მის მნიშვნელობას და დღემდე ადამიანების მოტივირება გამოწვევაა ორგანიზაციებისთვის. თუმცა, კვლევა ამბობს, რომ რეალურად სისტემური შედეგები უფრო მეტად მოდის თვითმოტივირებული ადამიანების მოქმედებიდან და არა სხვების მიერ მოტივირებული ადამიანებისგან. რაც არ უნდა მოვთხოვოთ მენეჯერებს, რომ საკმარის მოტივაციას არ გვიქმნიან, რომ ვაკეთოთ ჩვენი საქმე უკეთ, ეს ხშირად უფრო გაქცევაა პასუხისმგებლობიდან, რომ ვაკეთოთ ჩვენი საქმე არა უბრალოდ კარგად, არამედ საუკეთესოდ. თვითმოტივაციას სჭირდება დისციპლინა, ვარჯიში, რომ თუ არ გვაქვს ეს ჩვევა, შევიძინოთ და თუ გვაქვს, მაშინ მუშაობის განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფაქტორს ჩვენს თვითმოტივაციაზეც შეუძლია გავლენის მოხდენა, მაგრამ თვითმოტივირებულის როლში ყოფნა თუ ჩვევად გადაიქცევა, მაშინ გარე ფაქტორების გავლენაც ისეთი დიდი არ იქნება ჩვენს მოტივაციაზე, როგორც სხვების მიერ შექმნილ მოტივაციაზე დამოკიდებულების დროსაა ხოლმე.

ორგანიზებული და სისტემური აზროვნება გამორჩეული შედეგების მიღწევისთვის ამ ნაწილშიც დისციპლინა საჭირო რამაა. არიან ადამიანები, რომლებიც მკაფიოდ ყოფენ ფიქრისა და მუშაობის/მოქმედების პროცესებს და ეს ეხმარებათ მათ, წინასწარ გააზრებული ჰქონდეთ ნაბიჯები, ან/და უფრო უკეთ აღიქვან რეალობა. ეს ჩვევა მათ იმაშიც ეხმარებათ, რომ თუნდაც ძალზე ჩამოყალიბებული შეხედულებები შეიცვალონ, გადააფასონ, დაინახონ და იპოვონ განსხვავებული მიდგომა, რომ შემდგომი მოქმედებები იყოს გააზრებული. არიან წარმატებული დასაქმებული ადამიანები, რომელთაც აქვთ დისციპლინა, რომ ყოველ დილით აუცილებლად გამოყონ დრო ფიქრისთვის იმ ამოცანების გარშემო, რაც გადასაჭრელი აქვთ. Clayton Christensen ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორი და ბიზნეს კონსულტანტი თავის წიგნში წერს, როგორ დაუთმო წლები ყოველ დღე ერთი საათი იმაზე ფიქრს, თუ რა იყო მისი ცხოვრებისეული დანიშნულება. მარტივად ჟღერს, მაგრამ ფიქრის ჩვევა რთულად გამოსამუშავებელია. როგორც წესი, ადამიანების ტვინი მარტივი გამოსავლის მოძებნისთანავე აიძულებს მათ პირდაპირ იმოქმედონ. ასე მარტივია და კარგი შედეგები კი მიიღწევა, მაგრამ არა საუკეთესო.

უწყვეტი მოქმედება – მოქმედების დისციპლინა, ასევე, ერთ-ერთი კომპონენტია ამ კულტურის. ეს იგივეა, რომ ფაქტობრივად ყოველდღე კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე იმუშაო, არ გაჩერდე, არ გადადო, არ გაწელო, არ დაიზარო და მოასწრო მაქსიმალურად ყველაფერი, რაც იმ მონაკვეთში უნდა გაგეკეთებინა. მნიშვნელოვანია, რომ ის თავისუფლება, რაც ამ მოქმედებისთვის არის საჭირო, იყოს დაბალანსებული პასუხისმგებლობით. ეს ორი კომპონენტი ქმნის ჯანსაღ გარემოს მოქმედებისთვის. ერთ-ერთი რჩევა, რასაც ეს ავტორი გვაძლევს, არის ის, რომ დავიწყოთ Stop doing to do list-ების გაკეთება და განხორციელება. უფრო ხშირად გასაკეთებელი საქმეების სიებს ვადგენთ ხოლმე, მაგრამ ვირჩევენ, რომ შეიძლება სჯობდეს იმ საკითხების სია გავაკეთოთ, რისი შეწყვეტაც სასურველია რომ დავიწყოთ და ეს მოქმედების უწყვეტობაში დაგვეხმარება.

ზოგადად, სიტყვა „დისციპლინას“ ხშირად უარყოფითი კონტექსტითაც იყენებენ, როგორც რაიმეს შემზღუდველს. ჩვენს შემთხვევაში კი ეს დისციპლინა საკუთარი საუკეთესო მესთვის შექმნილი ინსტრუმენტების ნაკრებიაგამოიმუშავო ის ჩვევები, რაც დაგეხმარება, იყო არა უბრალოდ კარგი, არამედ საუკეთესო.  

 

ეთუნა მუნჯიშვილი – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი 

განხილვა